გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო, კორონავირუსის პანდემიის მეოთხე
ტალღასთან ბრძოლის ფარგლებში, მოსახლეობის დაჩქარებულ რევაქცინაციას
გეგმავს. გერმანელი მედიკოსები ცდილობენ, რომ წლის ბოლომდე 25
მილიონამდე ადამიანი აცრან. ამ მიზნის მისაღწევად, კვირაში 4 მილიონი
„ბუსტერ აცრის“ გაკეთებაა აუცილებელი. ასეთი მონაცემებია მოყვანილი იმ
ანგარიშში, რომელიც უწყებამ გერმანიის ბუნდესტაგის სპეციალური
სხდომისთვის მოამზადა.
დოკუმენტში მოყვანილი კვლევების მიხედვით, ე.წ. ბუსტერდოზა ადამიანს
იცავს არა მხოლოდ კორონავირუსის მიერ გამოწვეული ფილტვების მძიმე
დაზიანებისგან, არამედ ვირუსის გავრცელების შეჩერებას უწყობს ხელს.
„განსაკუთრებით ახლანდელ ეტაპზე ეს წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს“, –
აცხადებს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი. ასევე სამინისტროს მიერ
წარმოდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში გერმანიაში
დამტკიცდება კომპანია BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე
ასაკის ბავშვებისთვის. „საბავშვო ვაქცინის“ პირველი პარტია 2,4 დოზას მოიცავს
და შეიძლება მიმოქცევაში 20 დეკემბრამდე შევიდეს.
გერმანიაში ბოლო დღეებია, პანდემიის დაწყების დღიდან SARS-CoV-2-ის
გამოვლენის მაქსიმალური მაჩვენებელი ფიქსირდება.
კომენტარები