გერმანიის მთავრობამ მარიხუანას ლეგალიზაციის გეგმა შეათანხმა. შოლცის მთავრობის ამ ნაბიჯით გერმანია ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდება, სადაც მარიხუანას მოხმარება ლეგალურად იქნება შესაძლებელი.
გეგმის მიხედვით, გერმანიის ზრდასრული მოქალაქეები მარიხუანას ლეგალურად მოხმარებას როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნით შეძლებენ. ამასთან, დაშვებული იქნება 30 გრამამდე რეკრაიციული მარიხუანას ფლობა.
მარიხუანას შეძენა ლიცენზირებულ მაღაზიებსა და აფთიაქებში იქნება შესაძლებელი. ამასთან, მსურველებს საკუთარ სახლში მაქსიმუმ 3 ძირი მარიხუანას მოყვანის უფლებაც ექნებათ.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, კალ ლაუთერბახის თქმით, მარიხუანას ლეგალიზაციის კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, სავარაუდოა, რომ პროცესი 2024 წელს დასრულდება.
შოლცის მთავრობის გეგმის ძალაში შესვლამდე, კანონმდებლობის ცვლილება გერმანიის პარლამენტმა და ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს. ლაუთერბახის თქმით, ევროკომისიის მხრიდან უარის შემთხვევაში, გერმანიის მთავრობა ლეგალიზაციის დამტკიცების ალტერნატიულ გზებზე იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია გერმანიის სამთავრობო კოალიციაში შესული მწვანეთა პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
Reuters-ის შეფასებით, მარიხუანას ლეგალიზაცია გერმანიის ბიუჯეტში წელიწადში დამატებით 4.7 მილიარდ დოლარს შეიტანს და დაახლოებით 27 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
კომენტარები