მოგესალმებით!
ვინც წაიკითხავთ ამ მოთხრობას, მოგეწონებათ და გაგიჩნდებათ მის ავტორთან ურთიერთობის სურვილი, გამოიწერეთ ჩემი ახლადშექმნილი გვერდი ფეისბუქზე. ყოველი თავის ბოლოს იქნება ლინკი, რომელიც გადაგიყვანთ ხსენებულ გვერდზე. იქ კი დაგხვდებათ, ჩემგანვე გახმოვანებული მოთხრობა (აუდიო ჩანაწერი), რომელიც ჩემს უფროს მეგობარს, აწ გარდაცვლილ მეუფე თადეოზს (იორამაშვილი) გამორჩეულად უყვარდა ჩემს შემოქმედებაში; სხვათა შორის, 2013 წელს, თავისივე წინასიტყვაობითა და ლოცვა-კურთხევით, თავადვე დამეხმარა მის გამოცემაში, სხვა მოთხრობებთან ერთად. აქვე მინდა გითხრათ, რომ თვალში აუცილებლად მოგხვდებათ ერთი რამ – კომენტარების შესაძლებლობის არქონა, როგორც გაზეთის საიტზე, ასევე ჩემს გვერდზე. მოთხრობის (“ღამის კეთილშობილი განგსტერი”) დამთავრებისთანავე, მე დავდებ ვიდეომიმართვას, სადაც, შევეცდები, აგიხსნათ ამის მიზეზი. დანარჩენს ჩვენს შემდგომ ურთიერთობაში გავარკვევთ. წარმატებებს გისურვებთ ყველგან და ყველაფერში!
პატივისცემით, მწერალი თამაზ ალავიძე
ღამის კეთილშობილი განგსტერი
თავი I
მეტროდან ამოსულმა ახალგაზრდა მამაკაცმა, ასიოდე ნაბიჯი უსიცოცხლოდ გაიარა და იქვე ახლოს მდებარე პარკში მოჩრდილული ადგილი მოძებნა. შემდეგ, ნელი მოძრაობით მხარზე გადაკიდებული ჩანთა მოიხსნა და ხის მოგრძო სკამის ნაპირზე ფრთხილად დადო. ის იყო, თავადაც უნდა ჩამომჯდარიყო ზურგიან სკამზე და დაღლილი მუხლები გაეშალა, რომ ამ დროს, უკანა მხრიდან ადამიანის წაქცევის, უფრო სწორად, მიწაზე დაცემის ხმა მოესმა. მამაკაცი უმალ შემობრუნდა, რომელმაც რამდენიმე მეტრში შუახნის გულწასული ქალბატონი დაინახა. ის უხერხულად დაცემულიყო ძირს და მოეჩვენა, რომ მთელი სხეული უთრთოდა. კაცი წამში გაჩნდა მის გვერდით, ქალი შეასწორა და ჩანთის მოსატანად გაიქცა, რათა თავქვეშ ამოედო მისთვის.ჩანთას რომ დასწვდა, მისი ჯიბიდან წყლით სავსე ბოთლიც ამოიღო და ქალბატონთან მიირბინა. დასველებული ხელით წყლის წვეთები სახეზე მიაპკურა და მეორე ხელით მოწყვეტილი კისერი შეუმაგრა. ამასობაში, მათ გარშემო ხალხს მოეყარა უკვე თავი, რომელთა მიერ ხმამაღლა გამოთქმული აზრი, თუ როგორ უნდა მოსულიყო გულწასული გონს, ჩოჩქოლში გადაზრდილიყო.
_ რას დამყურებთ! _ შეუძახა მათ ახალგაზრდამ, რომელიც სიცხისაგან ჩახუთულ ჰაერს ქალს სახესთან უნიავებდა. _ ერთ-ერთი მეტროში მაინც გაიქეცით და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეთ!
_ არ არის საჭირო, სასწრაფო გამოძახებულია! _ წარმოთქვა შუახნის თმაშევერცხლილმა მამაკაცმა, რომელიც იმავე წამს შემოუერთდა იქ შეკრებილ ადამიანებს.
ამ დროს, გულწასულიც გამოგონდა და ნახევრად გახელილი, მიბნედილი თვალებით ჯერ მის წინ ჩამუხლულ ბიჭს შეხედა, რომელიც კვლავ უნიავებდა სახესთან და შემდეგ იქ თავმოყრილ ადამიანებს. სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მალევე მოვიდა და ავადმყოფი მანქანაში გადაიყვანეს. დადგინდა, რომ სამსახურიდან მომდინარე დაღლილმა ქალბატონმა, აუტანელ სიცხეს ვერ გაუძლო და ჟანგბადის უკმარისობისგან გონება წაერთვა. იმის მიუხედავად, რომ თითქოს აღარც კი იყო საჭირო ქალბატონის სტაციონარში გადაყვანა,დამატებითი კვლევისთვის ექიმებმა მაინც ასე გადაწყვიტეს. სამედიცინო საწოლზე მწოლიარე ქალმა, ღიმილიანი სახით მადლობა გადაუხადა ახალგაზრდას,რომელიც თავის მხრივ, ბოლომდე არ მოსცილებია მას გვერდიდან.
მანქანა დაიძრა და მასთან ერთად, ნელ-ნელა მიწყნარდა ყველაფერი. ადამიანებიც დაიშალნენ. ბიჭიც დაუბრუნდა თავის სკამს, თავისივე ჩანთით. ცოტა ხანში, მას ის მამაკაცი მიუახლოვდა, რომელმაც განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარება მან გამოიძახა.
_ გამარჯობა! _ უთხრა მან ბიჭს და ხელი გაუწოდა.
_ გამარჯობა! _ წარმოთქვა ახალგაზრდამ და ხელი შეაგება უცხო მამაკაცს.
_ მე კონსტანტინე მქვია! _ ჩაილაპარაკა კაცმა. _ ამ შენობაში ვმუშაობ, _ მეორე ხელით იქვე მდგარ მაღალ შენობაზე მიუთითა. _ ჩემი ოთახის ფანჯრიდან გიყურებდი, როგორ მიეხმარე იმ ქალბატონს და მაშინვე აქეთ გამოვემართე. რა გქვია?
_ გიგა მქვია. _ უპასუხა ბიჭმა.
_ რომელი მხრის კაცი ხარ? _ ჰკითხა მამაკაცმა და სკამზე ჩამოჯდა.
_ ლეჩხუმელი ვარ.
_ ვაა, ერთი მხრიდან ვყოფილვართ. _ გაუხარდა კონსტანტინეს და უფრო გახალისდა. _ გულიანი ადამიანი თუ მოიქცეოდა შენ დარად და მართალი გითხრა, ისე ვერ გავატარებდი ამ ამბავს, რომ არ გამეცანი.
_ რა ვიცი, ყველა ადამიანი ასე მოიქცეოდა ალბათ. უბრალოდ, ახლოს ვიყავი და მე მივასწარი სხვებს. _ უხერხულად აიბუზა გიგა.
კონსტანტინემ ამაზე არაფერი უპასუხა, თავი მიაბრუნა და მის გვერდით მჯდარ ახალგაზრდას, სერიოზული გამომეტყველებითკიდევ ერთხელ დააკვირდა. შემდეგ, უკვე დახრილი თავი სინანულით რამდენჯერმე გააქნია და თითქოს თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა:
_ კი, წესით ასე უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ სხვებიც.
რამდენიმე წამს მდუმარებამ დაისადგურა, რომ ისევ კონსტანტინემ დაარღვია მათ შორის არსებული სიჩუმე:
_ ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ ჩანთით ხელში ხარ და თბილისში მცხოვრები არ უნდა იყო. არადა, არც სოფლიდან ჩამოსულს გავხარ.
ბიჭს სახეზე ეწერა დაღლილობაც და უიმედობაც. ამიტომ შეჰბედა უცხო ადამიანს ამის თქმა და თან იმ გამომეტყველებით, რომ ყველანაირ გაჭირვებაში მზად იყო მისი თანადგომისთვის. ეს გიგამაც შეამჩნია და ალალად უთხრა:
_ ორი დღის წინ დავბრუნდი რუსეთიდან. სათანადო ბინა ჯერ ვერ ვნახე და სასტუმროში ვათევ ღამეს. ისეთი ახლობელი და თუნდაც ნათესავი, არავინ მყავს, რომ შევაწუხო. ალბათ, გამოჩნდება რამე. _ დაამთავრა მან, არც თუ იმედიანი ხმით.
სიჩუმემ ახლა უკვე ნახევარ წუთს მაინც გასტანა, რომელიც კვლავ კონსტანტინემ დაარღვია. სანამ რამეს იტყოდა, ის ფეხზე წამოდგა და ახალგაცნობილ ადამიანს მიმართა:
_ აქ დამელოდე! მაქსიმუმ, ათ წუთში დავბრუნდები! _ უთხრა წასასვლელად გამზადებულმა კონსტანტინემ, მხარზე მსუბუქად დაადო ხელი და იქვე მდგარი მაღალი შენობისკენ აჩქარებული ნაბიჯით გაემართა. ის მალე დაბრუნდა და გიგას ბაღის წინ გაჩერებული თავისი სამსახურებრივი ავტომანქანისკენ გაუძღვა. მანქანამ ერთ-ერთ რესტორანში მიიყვანა ისინი, სადაც სუფრა ნახევრად უკვე გაშლილი იყო მათთვის. საათნახევარს მაინც შემორჩნენ მაგიდასთან ერთმანეთის მოპირდაპირედ მჯდარი ორი ახალგაცნობილი ადამიანი, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობა, ოც წელზე ცოტა მეტიც იქნებოდა.
გარეთ კვლავ მანქანა ელოდათ, რომელმაც ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, ერთ უზარმაზარ კორპუსთან მიიყვანა ისინი.
_ აბა, გადავედით! _ წარმოთქვა რიხით კონსტანტინემ და რესტორნიდან წამოღებულ, საგანგებოდ შეკრულ მოზრდილ ქაღალდის პაკეტს დასწვდა.
გიგამაც მოიგდო მხარზე თავისი ჩანთა და სადარბაზოში შესულ კაცს მიჰყვა უკან. ლიფტი მეხუთე სართულზე გაჩერდა. კონსტანტინემ ერთ-ერთ კარს გასაღები მოარგო და ბინაში შევიდნენ.
_ ეს შენობა, აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სარეზერვო კორპუსია, რომელიც მოულოდნელად უბინაოდ დარჩენილი (იგულისხმება ბუნებრივი მოვლენების დროს)მოქალაქეებისთვის არის დროებით საცხოვრებლად განკუთვნილი. ამ ბინას კი, აღმასკომის ის თანამშრომლები იყენებენ, რომლებსაც, პერიოდულად ადგილზე უწევთ მუშაობა.ახლა ცარიელია კორპუსი და ეს ბინაც არავის სჭირდება. ასეც რომ არ იყოს, სხვას მოვახერხებდით რამეს. _ სიცილით თქვა კონსტანტინემ. _ ჰო, მართლა, აქ საჭმელია და მაცივარში შეინახე, თორემ გაგიფუჭდება. მე ხვალ თუ არა, ზეგ მაინც გამოვჩნდები. თუ ამ ხნობაში რაიმე დაგჭირდება, ეს არის ჩემი სახლის და სამსახურის ტელეფონის ნომრები. _ მაგიდაზე თავისი სავიზიტო ბარათი დადო. _ საღამოს, ექვსის მერე მოვალ, როგორც გითხარი_ან ხვალ, ან ზეგ. აგერ გასაღები, აგერ ტელეფონები და ესეც ფული, იქნებ რამეში დაგჭირდეს.
_ არა, არა! ფული მაქვს! _ მაგიდისკენ წაიწია გიგამ.
_ არაუშავს, გამოგადგება რამეში! _ ხელით შეაჩერა კონსტანტინემ და წასასვლელად გაემზადა. _ აბა, კარგად იყავი! დროებით დავემშვიდობოთ ერთმანეთს. აქ არავინ შეგაწუხებს. გარეთ გასვლის შემთხვევაში, ავტობუსები და სხვა სამარშრუტო ტრანსპორტი, რეგულარულად მოძრაობს. რუსეთში თუ გაიგნე გზა, აქაც არ გაგიჭირდება. _ დაამთავრა კონსტანტინემ და შეხვედრამდე დაემშვიდობა.
დარჩა გიგა ოთხოთახიან გაწყობილ ბინაში. აკი კონსტანტინემ უთხრა _ რომელ ოთახშიც გინდა, იქ მოისვენეო. ფიქრებში წავიდა ახალგაზრდა კაცი და მისაღებ ოთახში დივანზე ხელებგადაშლილი გადაწვა. სულ ცოტა ხნის წინ, გონების რომელიღაც კუნჭულში საგანგებოდ დატყვევებულ სიხარულს ერთიანად გაუხსნა კარი და მის არეალში არსებული ყოველი ნერვული დაბოლოება სათარეშოდ გადასცა. მის ფიქრებს, რომელიც კმაყოფილების გრძნობით საკუთარ ბედს მიახლებოდა, სულში ზეიმად წარმოდგენილი სიხარული, ძვირფასი აკომპანიატორივით მისდევნებოდა უკან. კეთილი ადამიანისგან გამოსულ მადლს, ღმერთი სწონის, რადგან შენ მისი გაზომვა და აწონვა ანგარებაში გადაგაგდებს. შენი ვალი, მისგან გამოწვეული სიამოვნების მიღებაა მხოლოდ, რომელიც სიცოცხლის არსის (ფასის) შეცნობაში უნდა დაგეხმაროს. სწორედ ასეთ ნეტარებას მისცემოდა გიგა, რომელმაც მოსასვენებელ საწოლამდე როცა მიაღწია, შუაღამე უკვე კარგახნის გადასული იყო.
თავი II
მეორე დღეს, დილასაც უჩუმრად ჩაევლო და ბალიშიდან თავი მძიმედ რომ წამოსწია, საათიდან მომზირალ შუადღეს შეეჩეხა პირდაპირ. უსიამოვნოდ მიატრიალა სახე გვერდით და უილაჯოდ წამოდგა. მართალია, სხეული თითქოს მოშვებულად მოუჩანდა, მაგრამ, სამაგიეროდ, რამდენიმედღიან, მომქანცველ რეჟიმში მომუშავე კუნთებს, დასვენება უკვე მოესწროთ.
სტუმარი მოწესრიგდა და სანამ სახლიდან გავიდოდა, სამზარეულოს ფანჯრიდან ერთმანეთზე მიჯრით მდგარ მაღალ კორპუსებს თვალი გადაავლო. შემდეგ წამიერად ჩაფიქრდა. თავისი მდგომარეობა კიდევ ერთხელ გაიაზრა, რომ ფიქრები კონსტანტინესკენ გაექცა და მისი სიტყვები ჩაესმა: “ხვალ თუ არა, ზეგ აუცილებლად მოვალ, ოღონდ, ექვსი საათის მერე.” _ გიგამ კარი გამოიხურა და კიბეებს ნელა დაუყვა. მას აღარ ჰქონდა საძებარი ღამის გასათევი. ამიტომ, ქალაქში მშვიდად გაისეირნებდა და ექვს საათამდე დაბრუნდებოდა.
იმ დღეს კონსტანტინე არ გამოჩენილა. მეორე დღეს, კარზე კაკუნი მოესმა გიგას. ღიმილიანი სახით გაემართა შემოსასვლელისკენ, მაგრამ ზღურბლთან ის მძღოლი შერჩა, რომელმაც აქ მოიყვანა.
_ ბატონი კონსტანტინე დაბლა გელოდებათ, რომელმაც დამიბარა, რომ აიღოთ თქვენი ნივთები და ჩვენთან ერთად წამობრძანდეთ! მანქანაში მოგიცდით! _ უთხრა მძღოლმა და უკან გაბრუნდა.
გიგამ ყველაფერი სწრაფად მოიმოქმედა დადაბლა რომ ჩავიდა, მანქანიდან გადმოსული კონსტანტინე დაინახა, რომელიც სადარბაზოდან მის გამოჩენას ელოდა.
_ ჩემს მეგობარს გაუმარჯოს! _ შესძახა კონსტანტინემ და გიგას გადაეხვია. _ ახლა ჩვენ წავალთ ერთ კარგ ადგილზე და ვფიქრობ, უკმაყოფილო არ უნდა დარჩე. _ უთხრა და თან, მანქანის ღია კარისკენ მიუთითა.
მანქანა დედაქალაქის მთავარი პროსპექტის შუა ნაწილში, ყველაზე ცენტრალურ და პრესტიჟულ ადგილზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ გაჩერდა.
_ წავედით! _ წარმოთქვა კონსტანტინემ გიგას გასაგონად და შენობის შესასვლელ სადარბაზოში შეუძღვა. სამი სართული რომ აიარეს, წინამძღოლმა ერთ კარს გასაღები მოარგო და უკვე შიგნით შესულმა, ხელის გაშლით სტუმარს მიმართა:
_ მობრძანდი!კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ოჯახში!
გიგა, ცოტა არ იყოს, შეცბა და წამიერად შედრკა ზღურბლთან, მაგრამ მასპინძელის ვაჟკაცურ და კეთილშობილურ გამომეტყველებას რომ შეხედა, თავდახრილმა, მოწიწებით შეაბიჯა შიგნით.
_ ეს ჩემი მეუღლეა, ქალბატონი მარიამი, რომელმაც საუცხოო კერძები მოგვიმზადა. დღეს ჩვენ ერთად ვისადილებთ და ამიერიდან, ყოველთვის ასე იქნება. შენ ჩვენთან იცხოვრებ, როგორც ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამაზე, მე და ჩემმა მეუღლემ ვისაუბრეთ და ორივეს ერთნაირი აზრი გვაქვს.მიგვიღე, როგორც მეგობრები, ან, თუნდაც, სისხლისმიერი ნათესავები. მართალია, ჩვენს ურთიერთობას წმინდა სულიერი საწყისი აქვს და ეს არის ყველაზე აღმატებული, მაგრამ ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნები, რომ ახალ გარემოსთან ადაპტირება გაგიადვილდეს. ხედავ, ალბათ, _ კონსტანტინემ ხელების გაშლით მიმოატარა თვალი მისაღებ ოთახს. _ რომ ჩვენი სახლი საკმაოდ ღარიბულად გამოიყურება, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არც გონებრივად ვართ ღარიბები და მეტადრე, არც სულიერად. ჩემი მეუღლე ერთ-ერთ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს და რესპუბლიკის მასშტაბით, საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს. აქვე გეტყვი, რომ არც ჩემი სამსახურია ასე იოლად ხელწამოსაკრავი. _ გაეცინა კონსტანტინეს და მომღიმარ მეუღლეს გადახედა. _ ახლა კი ყველაზე მთავარი. _ წარმოთქვა შედარებით უფრო სერიოზული სახით და აივანზე გასასვლელ, დიდშუშებიან კართან მივიდა, რომელიც პროსპექტს გადაჰყურებდა. ის ნახევრად ზურგით იდგა ოთახში მყოფი გიგასა და მეუღლისაგან და თითქოს თვალგაშტერებული გასცქეროდა ქუჩის გადაღმა მდგარ მაღალ ისტორიულ შენობას. ერთ წუთს მაინც გასტანა დუმილმა ოთახში, რომ ოჯახის უფროსიც შემობრუნდა. _ გიგა, შეიძლება, ცოტა უხერხულ საკითხს უნდა შევეხო, მაგრამ, როგორც ოჯახის წევრმა, ეს უნდა იცოდე. _ თითქოს გაუჭირდა კონსტანტინეს საუბარი, მაგრამ როგორღაც იპოვნა საკუთარ თავში ძალა და განაგრძო. _ მე და ჩემს მეუღლეს საკმაოდ მაღალი ხელფასები გვაქს და ოჯახში კვების პრობლემა არასდროს არ არის. ამიტომ, ჩვენი უდიდესი თხოვნა იქნება, რომ პური რომ პურია, იმის მოტანაზეც კი ნუ იფიქრებ. აქ იქნება ყველაფერი და იქნება ყოველთვის ჭარბად. შენ კი, ჩვენთან იცხოვრებ იქამდე, სანამ შენი საცხოვრებელი გექნება, არა ქირით. ეს შეთანხმება არასოდეს არ უნდა დაირღვეს, რადგან იქიდან დაიწყება ჩვენი მეგობრობის რღვევაც. დროთა განმავლობაში, როდესაც ჩვენს ოჯახს კარგად გაიცნობ და ეს მოხდება ძალიან მალე, ჩვენგან ასეთი მოთხოვნა უცნაურად აღარ მოგეჩვენება. ახლა ვნახავთ ოთახს, სადაც შენ მოიწყობ შენს კუთხეს.
კონსტანტინე მისაღები ოთახიდან გავიდა, რომელსაც უკან მიჰყვნენ ქალბატონი მარიამიც და გიგაც. მან ერთ საძინებლს გვერდი აუარა და სამზარეულოში გავიდა. მოზრდილი სამზარეულოს ბოლოში ორი კარი იყო, რომელთაგან ერთი გადიოდა პატარა აივანზე, რომელიც კორპუსის ეზოს გადაჰყურებდა, ხოლო მეორე, იმ საძინებელი ოთახის შესასვლელს წარმოადგენდა, სადაც გიგა უნდა დაბინავებულიყო.
_ ოთახი, მართალია, პატარაა… _ დანანებით თქვა ოჯახის უფროსმა და თან დაამატა. _ ნეტავი კიდევ მქონდეს ფართი, უკეთესს მოგიწყობდი. _ მან კიდევ ერთხელ მოათვალიერა იქაურობა და განაგრძო. _ აქ ერთი საწოლია, ტანსაცმლის კარადა, მაგიდა და ორი სკამი. ეს საძინებელი, ჩვენი შვილის, ლუკას ოთახია. მეორე გასაშლელ საწოლსაც შემოვიტანთ, შედარებით პატარაა და იმაზე ლუკა დაწვება. კარგი ბიჭია… მგონი, შეეწყობით ერთმანეთს. ხან მეგობრებთან რჩება ხოლმე. ზოგჯერ გვიან მოდის, ერთობიან ახალგაზრდები. მაგათსას რას გაიგებ… ჩვენ დროს სულ სხვანაირად იყო. რას ვიზამთ, კაცობრიობის გონებრივ ევოლუციას და მეტადრე, საზოგადოებრივ ცვლილებებს, ერთი კონკრეტული ადამიანის შეხედულებები ვერ განსაზღვრავს, მორალური თვალსაზრისით, როგორი მისაღებიც არ უნდა იყოს ის. ახლა კი, დროა, ვისადილოთ და პარალელურად, დანარჩენსაც მივხედავთ. _ ხელების გაშლით წარმოთქვა მან და სამზარეულოში გავიდა.
იმ საღამომ ძალიან გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. სუფრას დიდხანს შემორჩა ორი მამაკაცი, რომელთაგან უფროსი, ღვინით ყოველი ჭიქის შევსებისას, ლაღად სთავაზობდა მართლაც შესანიშნავად მომზადებულ უგემრიელეს კერძებს. სტუმარი კი, მაინც უხერხულად გრძნობდა თავს, რაც აშკარად ეტყობოდა კიდეც.
ცხოვრების წესის ასეთი უეცარი ცვლილება, ყოველთვის იწვევს დაბნეულობას. ჭკვიანი ადამიანი, რეალობას კი აღიქვამს, მაგრამ კარგავს თუნდაც ახლო მომავლის განჭვრეტის უნარს_თუ რა შედეგს გამოიღებს დღევანდელი მდგომარეობა ხვალ. დადებითიც და უარყოფითი მოვლენაც, ეიფორიაც და შიშიც, ერთნაირად მოქმედებს ხსენებული უნარის დაკარგვაზე. ასეთი რამ, მხოლოდ იმ კატეგორიის ადამიანებს არ ემართებათ (ალბათ, წმინდანებს), რომლებსაც კარგად აქვთ შეთვისებული სახარებისეული შეგონება: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა”. გიგას შემთხვევაში კი, აუცილებლად უნდა გავყვეთ მის ცხოვრებას, რათა გავიგოთ _ ამ ოჯახთან მისი ურთიერთობა რას შეცვლის. შეიცვლება თუ არა, მის გონებაში წარმოდგენილი მანამდე არსებული ღირებულებათა სისტემა, ანდა მისი დამოკიდებულება საზოგადოებასთან? მომავალი, ზოგადად, შეუცნობელია და შორეულ პერსპექტივებს ჩვეულებრივი ადამიანი ვერც ისე მისწვდება და ვერც ასე, მაგრამ არსებობს ისეთი დადებითი მოვლენები, რომლებმაც, თავისი არსით, შეუძლებელია, უარყოფითი შედეგი გამოიღოს. რატომ და, ყველაფერი წარმოსდგება ერთი მარტივი ფორმულიდან: მოყვასის მიმართ უანგარო სიყვარული, არასოდეს შობს ბოროტებას!
ღამის პირველი საათი იქნებოდა, გიგამ თავისი საძინებელი ოთახის კარი რომ შეაღო. შიგნით არავინ ჩანდა, ლუკა ჯერ არ მოსულიყო. ორი საწოლი იდგა, ერთი დიდი, ხოლო მეორე, შედარებით, პატარა ზომის. როგორც უთხრეს, დიდ საწოლში მისთვის იყო ლოგინი გაშლილი. გიგამ კარი მიხურა და სკამზე ჩამოჯდა. ამ ყველაფერს რომ შეხედა, გაიფიქრა, რომ ამ ოჯახის შვილი უნდა დაწოლილიყო გასაშლელ, პატარა საწოლზე, როცა მანამდე იქ იწვა, რომელიც ახლა მას მიაკუთვნეს. წამიერ უხერხულობას გონებაში ღვინომაც მისცა ბიძგი და ლოგინები გადააადგილა, რის შემდეგ, მშვიდად გაიხადა ტანსაცმელი და პატარა საწოლში მოთავსდა. იმ ღამეს ლუკა არ მოსულა. არც მეორე ღამეს გამოჩენილა. კონსტანტინე და მისი მეუღლე დილით ადრე მიდიოდნენ სამსახურში და გიგას საუზმეზე არ ეხმიანებოდნენ, არ აღვიძებდნენ. მას ჰქონდა სახლის გასაღები და ნებისმიერ დროს შეეძლო გასვლაც და შემოსვლაც. ასევე, საუზმის და სადილის მირთმევაც.
გავიდა სამი დღე. მიუხედავად ამ მცირე დროისა, გიგასა და მასპინძელ ცოლ-ქმარს შორის იდეალური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ეს განაპირობა ერთმა რამემ _ უსახლკარო და უცხო ადამიანი მათ მიიღეს გულით, დიდი გულით. და ასე დადგა მეოთხე დღე, რომელსაც მოჰყვა ღამე. გიგამ იმ საღამოს ადრე დაიძინა. შუაღამისას, თავისით გამოეღვიძა, რომ ცოტა ხანში, სამზარეულოში ფეხაკრეფით მოსიარულე ადამიანის ფეხის ხმა მოესმა. ინსტინქტურად მიაყურადა, რომ ოთახის კარიც შემოიხსნა და შუქიც იმ წამსვე აინთო.გიგამ თავი წამოსწია და კარის მიმართულებით გადაიტანა ყურადღება. ზღურბლზე იდგა საკმაოდ გამხდარი, მაგრამ წელში გამართული ყმაწვილი, რომელსაც მოკლე სახელოებიან მაისურში დაძარღვული და დაკუნთული მკლავები მოუჩანდა. არწივის მზერასთან ერთად, ჭკვიანური გამომეტყველება ვაჟკაცურ იერს უფრო მატებდა. გარეგნული მონაცემებით, ანუ მთლიანობაში წარმოადგენდა ადამიანს, რომელიც ყველანაირი რთული მომენტისთვის, ყოველ წამს მზად უნდა ყოფილიყო. ერთი შეხედვით, თითქოსდა ამ უმკაცრესი გამოხედვიდან, მისი თვალების შორეულ წიაღში მაინც მოსჩანდა გულმოწყალების სხივი, რომელიც ყმაწვილკაცობაშივე უკვე შემდგარ პიროვნებას, უდიდესი შარმის ეფექტს ანიჭებდა. როდესაც ის თავის ოთახში შემოვიდა და შეცვლილი დახვდა იქაურობა, არ შემკრთალა, თუნდაც მოულოდნელად უცხო ადამიანის დანახვაზე. უბრალოდ, თვალები გაუფართოვდა და ნაუცბათევი კეთილი გამომეტყველებით იკითხა:
_ შენ, ალბათ, სტუმარი ხარ, ხომ?
_ კი, სტუმარი ვარ და გიგა მქვია! შენ კი, ალბათ, ლუკა ხარ! _ მიუგო საპასუხოდ გიგამ და საწოლზე წამოჯდა.
_ მერე, სტუმარს მაგ პატარა საწოლზე გაგიშალეს? _ იკითხა კვლავ გაკვირვებით და უკვე სერიოზული სახე მიიღო ლუკამ.
_ არ, რა თქმა უნდა… ლოგინები მე გადავაადგილე, ისე, რომ მათ ეს არ იციან. _ მობოდიშების ტონით თქვა გიგამ.
_ არადა, ჩემი მშობლები ასე არ მოიქცეოდნენ და უცხოდ მომეჩვენა მათგან ეს. _ ჩაილაპარაკა ლუკამ და დაამატა. _ უნდა გადავაადგილოთ ლოგინები ისევ ისე, როგორც დედაჩემმა გაშალა. ერთი წუთი არ იგრძნო თავი უხერხულად. მე სამზარეულოში გავალ. შენ მანამდე ადექი და ამ საქმეს რომ მოვრჩებით, ცოტა ხნით ჩამოვსხდეთ და გავეცნოთ ერთმანეთს, თუ ძალიან არ გეძინება. _ უთხრა ღიმილით ლუკამ და ოთახიდან გავიდა.
_ კი, კი… ახლავე ავდგები! _ წარმოთქვა მაინც უხერხულ მდგომარეობაში მყოფმა გიგამ და საწოლიდან ასადგომად წამოიწია.
ლოგინების გადაადგილებაში ლუკა უფრო აქტიურობდა, რადგან გრძნობდა, რომ სტუმარი მორიდებულად იქცეოდა.
_ ესეც ასე… _ ამოთქვა კმაყოფილმა ლუკამ, როდესაც საქმეს მორჩნენ. შემდეგ სკამზე ჩამოჯდა და გიგასაც ანიშნა, რომ ისიც დამჯდარიყო. რამდენიმე წუთის განმავლობაში, ჩვეულებრივი, გაცნობითი ხასიათის საუბარი წარიმართა მათ შორის. აღმოჩნდა, რომ ლუკას ბევრი ლაპარაკი არ ჰყვარებია და მეტადრე, უაზრო კითხვების დასმა. შეიძლება ითქვას, ურთიერთობაში ის ძალზედ მოზომილი და გაწონასწორებულიადამიანი გამოდგა, რადგან თავისი არცერთი სიტყვით და თუნდაც მოქმედებით, სტუმრის ოდნავი დაძაბულობაც კი არ გამოუწვევია. ხოლო როდესაც გიგამ თავის ინიციატივით თქვა, რომ ცოტა ხანს, ალბათ, თქვენთან ვიცხოვრებო, ლუკა ფეხზე წამოდგა, მხარზე ხელი დაადო და ალალი გამომეტყველებით ასეთი რამ უთხრა:
_ გიგა, ძმაო, ყველაფერი გასაგებია. ეს ოთახი, აქამდე ჩემი საძინებელი იყო. ამის მერე კი, ჩვენი საძინებელი იქნება. ჩვენ აქ ვიცხოვრებთ ერთად, როგორც ძმები და ვიცხოვრებთ იქამდე, სანამ ეს ბინა იქნება აქ და ჩვენ ვიქნებით ცოცხლები. შეიძლება, ზოგჯერ ღამით მე ვერ მოვიდე რაიმე მიზეზის გამო, მაგრამ არასოდეს არ იფიქრო, რომ ეს შენს გამო ხდება.
_ კი, მითხრა მამაშენმა ამის შესახებ. _ თქვა თავდახრილმა გიგამ.
_ ძალიან კარგი… გცოდნია უკვე ჩემი ცხოვრების დაახლოებითი რეჟიმი. _ წარმოთქვა გახარებულმა ლუკამ, ხელი გაუწოდა და თან დაამატა. _ მოკლედ, ამ წუთიდან, ჩათვალე, რომ ძმები ვართ. მე რომ ჰაერზე არ ვლაპარაკობ, ამაში დრო დაგარწმუნებს. ახლა კი, მოვისვენოთ! ხვალ დილით ადრე ვარ წასასვლელი. საღამოს, ვეცდები, რომ ადრე მოვიდე და აღარ გაგაღვიძო. _ ორივეს გაეცინათ და ასე დამთავრდა მათიურთიერთ გაცნობა, რომელიც მომავალში უამრავი ფიქრისა და განსჯის საფუძველი გახდება.
თავი III
გადიოდა დღეები. ლუკა თითქმის ყოველდღე მოდიოდა სახლში დასაძინებლად და ცდილობდა, რომ არ დაეგვიანა. ნახევარი თვე მიიწურა და ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ ერთი დღე იყო, რომ ღამით არ მოვიდა. სამაგიეროდ, მეორე დღის პირველ ნახევარში შემოირბინა, გიგას უთხრა _ არ გეწყინოს, ღამით რომ ვერ მოვედიო და მალევე წავიდა. იყო ღამეები, როცა ისინი საუბრობდნენ. ლუკა ძალიან სიტყვაძუნწი ახალგაზრდა აღმოჩნდა და საუბარს ყოველთვის მოსმენას ამჯობინებდა. გიგას მიმართ მის დამიკიდებულებაში, აშკარად ჩანდა რაღაც ინტერესი, რომელიც მისი მხრიდან, განსაკუთრებულ პატივისცემაში გამოიხატებოდა. ოჯახიც ბედნიერი იყო, რომ ლუკა არა მეგობრებთან, არამედ სახლში ათევდა და ეს ოჯახური იდილიაც ადვილად შესამჩნევი იყო. ერთ საღამოს, ლუკა გვიან მოვიდა. გიგა უკვე იწვა, მაგრამ არ ეძინა. მან უჩუმრად გაიხადა ტანსაცმელი, დაწვა, ხელები თავქვეშ ამოიწყო და ჭერს მიაპყრო მზერა. შუქი შეგნებულად არ ჩააქრო, როცა შენიშნა, რომ გიგასაც ეღვიძა.
_ მოხდა რამე? იკითხა მისკენ შებრუნებულმა გიგამ.
_ არაფერი, ძმაო… აღმოხდა ოხვრასავით ლუკას, რომელსაც ჭერისთვის თვალი არ მოუცილებია.
_ რაღაც უჩვეულოდ გამოიყურები. _ კვლავ დაარღვია წამიერად ჩამოწოლილი სიჩუმე გიგამ.
ლუკამ გაშტერებული თვალები აამოძრავა. შემდეგ, შუბლი ოდნავ შეჭმუხნა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა:
_ როგორც მითხარი, შენ დედ-მამის გარეშე გაიზარდე, ინტერნატში.
_ კი… _ მიუგო გიგამ და უფრო ინტერესით მიაჩერდა მის მოპირდაპირე კედელთან მწოლიარე ადამიანს, რომელიც ისევ ისე იწვა თავქვეშ ხელებამოდებული და მაღლა იყურებოდა.
_ მომიყევი, რა მოგცა უდედმამო ბავშვებთან ერთად ცხოვრების გარკვეული წლების გატარებამ? ან, თუ რაიმე გამოგყვა იქიდან ისეთი, ხასიათს ვგულისხმობ, რაზეც ფიქრობ, რომ სხვებისგან განგასხვავებს? _ იკითხა ლუკამ ისე, რომ გიგასკენ არ შებრუნებულა.
გიგამ ბალიშზე მიდო თავი და თვალები მექანიკურად მიმოატარა ოთახის კედლებს. რამდენიმე წამი გახდა საჭირო იმისათვის, სანამ იგი საკუთარ ფიქრებსმორიგ ჯერზე, კიდევ ერთხელ გააგზავნიდა თავის შორეულ წარსულში. იმ წარსულში, საიდანაც თავად მოდიოდა.
_ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლში, _ განაგრძო მან. _ მოქმედებდა ასეთი წესი: საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე როდესაც მივდიოდით მწკრივში დაწყობილი ბავშვები, სასადილოში შესვლისთანავე, მშვიდად ვიკავებდით ადგილებს. თითოეულ მაგიდასთან იყო ოთხი ადგილი და ამდენად, საჭმელიც ოთხივე მხარეს იყო დანაწილებული. როგორც არ უნდა მოგენდომებინა, სხვის საჭმელს ვერ მიითვისებდი, რადგან შენი კუთვნილი, შენს წინ იდო. ამავე დროს, ამ ყველაფერს აღმზრდელი მასწავლებელი აკონტროლებდა. მრავალი წლის განმავლობაში, ასეთი წესით ცხოვრებამ, ხასიათში ჩამომიყალიბა ერთი მთავარი რამ _ თანასწორუფლებიანობის პრინციპი და მაგრძნობინა, რომ ყოველი ადამიანი ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ეს ასე არ ხდება და ამის გამო, საზოგადოების მიმართ ნდობა დავკარგე, მაგრამ ის, რაც ინტერნატმა მომცა,თუნდაც მაგ სახით, სამუდამოდ დარჩა ჩემში. რაც შეეხება იმას, თუ რა გამომყვა იქიდან, მაგასაც გეტყვი. _ გიგას აზრები ბავშვობის წლებში დაბორიალობდა. სახეზე კი ღიმილი შეჰყინვოდა და თვალები ერთი მიმართულებით გაშტერებოდა. _ იქ ყოფნის პერიოდში, _ განაგრძო იმავე ტონით მან. _ ყოველთვის ვოცნებობდი კარგ საჭმელზე, მაგრამ, წარმოიდგინე, რომ არც კი ვიცოდი, როგორი იყო ის. ჩემნაირად ოცნებობდა ყველა სხვა ბავშვი და ეს იყო ხშირად ჩვენი საუბრის მთავარი თემა. იქიდან წამოსვლის დღიდან, თუკი მოვხვედრილვარ სადმე, საუცხოო კერძებით წარმოდგენილ სუფრასთან, მაპატიე, მაგრამ პირველი ლუკმიდან დაწყებული, ბოლო ლუკმით დამთავრებული, ძალიან მიჭირს მისი ყელში გადასვლა. მიჭირს, რადგან ვიცი, რომ იმ მომენტში, სადღაც არიან ბავშვები, რომლებიც საჭმელზე ოცნებობენ. უფრო მეტიც _ მხოლოდ სადილის მირთმევა კი არ მიჭირს, არამედ დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ეს გრძნობა ვერაფრით ვერ მოვიცილე, თუმცა არც მიცდია მის გარეშე ცხოვრება. აი, რა მომცა მე იქ გატარებულმა წლებმა და რა გამომყვა იქიდან.
დაამთავრა გიგამ და ლუკასკენ მიაბრუნა თავი. ლუკა, ამასობაში, ცალ გვერდზე წამოწოლილიყო, იდაყვი ისევ თავქვეშ ამოედო და გიგას მიშტერებული, გულისყურით უსმენდა. როცა ის საუბარს მორჩა, ლუკა ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა _ გულაღმა გადაწვა და ცოტა ხნით თვალები მოხუჭა. ორი-სამი წუთი დუმილმა მოიცვა, რომ ამ დროს, სიჩუმეში ლუკას ხმა გაისმა.
_ მეც ვიყავი უპატრონო ბავშვთა სახლში რამდენიმე წელი.
გიგას გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა და ისევ მისგან დაელოდა გაგრძელებას.
_ შენ, როგორც ვიცი, ჩვილი მოხვდი იქ და ბუნებრივად მიეჩვიე იქაურ გარემოს. _ განაგრძო ლუკამ. _ იქვე ჩამოყალიბდი და ის რეალობა აღიქვი შენს ცხოვრებად. ჩემი სიტუაცია სხვაგვარადაა, ანუ მე უკვე მოზრდილი ბიჭი ვიყავი, როცა ბავშვთა სახლში მიმიყვანეს. ჩემმა მშობლებმა ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ ორივე სახელმწიფო სამსახურში იყვნენ და ჩემი აღზრდისთვის დრო აღარ რჩებოდათ. აქედან გამომდინარე, იფიქრეს, რომ მე გზას არ ავცდენოდი და გადაწყვიტეს, ეგრეთ წოდებული გარდატეხის წლები იქ გამეტარებინა. ეს ის დროა, როდესაც კარგად ვიცი, რა არის სახლი და ამასთან, მშობლებთან ერთად ცხოვრება. აი, ეს ვერ გადავიტანე _ სახლის და მშობლების მოწყვეტას ჩემი გონება ვერაფრით შეეგუა. დღემდე მღრღნის იმის გახსენება,როდესაც განვმარტოვდებოდი ხოლმე და ვტიროდი. ასეთი მომენტი, დღეში ხან რამდენჯერმე მქონდა. არავის ვაჩვენებდი ცრემლს, მშიშარა რომ არ ვგონებოდი ვინმეს. მართალია, ყოველ კვირას მნახულობდნენ და საჭმელი და ტკბილეული მოჰქონდათ ჩემთვის, მაგრამ ის პერიოდი, მაინც ცხოვრების კოშმარად მექცა. პარალელურად, იძულებული ვიყავი, აღმექვა რეალობა და პირველი, რაც თავიდანვე თვალში მომხვდა, იყო ის, რომ მე ყველაზე კარგად მეცვა. ჩემს გარშემო იყვნენ ბავშვები ჩამოძონძილი ტანსაცმლით, დამშეულები და გაუბედურებულები. როდესაც აუარება საჭმელს მომიტანდნენ ხოლმე, ვცდილობდი, არ მეჭამა, რათა მათი წასვლის შემდეგ, ბავშვებისთვის დამენაწილებინა. ყოფილა შემთხვევა, რომ მე აღარაფერი დამრჩენია, ერთი კანფეტიც კი. მე ვიცოდი, რომ იქიდან როდისმე წამომიყვანდნენ და ისევ სახლში ვიქნებოდი მშობლებთან, მაგრამ იქ იყვნენ ისეთი ბავშვები, რომლებსაც ქვეყანაზე არავინ ჰყავდათ. ახლა, როდესაც ვფიქრობ, თუ რა მომცა ბავშვთა სახლში გატარებულმა წლებმა, უკვე ვიცი, რომ ეს არის უქონელი და უპატრონო ადამიანების მიმართ, ალბათ, გულის სიღრმემდე შეცოდების უნარი. არ გამოვრიცხავ, მსგავსი უნარი მაინც ჩამომყალიბებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი ძალით ამის შეგრძნება, მხოლოდ იმ გარემოში გატარებულ წლებს შეეძლო. აი, ეს მივიღე მე იქიდან. ხოლო რა გამომყვა? _ ლუკას ამ ადგილზე საუბარი გაუჭირდა. ერთი ხელით შუბლი მოისრისა და შემდეგ მოკლედ შეჭრილ თმაზე გადაისვა. ჩანდა, რომ გონებაში რაღაცას სჯიდა, რომ ამოთქვა კიდეც. _ იქნებ არც ღირს ამაზე ლაპარაკი. _ ამის თქმა იყო და, თითქოს ბურანიდან გამოერკვაო, ისე მიაბა თავის მონოლოგს ბოლო სათქმელი. _ გიგა, ძმაო, ახლა დავიძინოთ! ისედაც გამოგაფხიზლე, მაგრამ არაუშავს, უფრო უკეთ გვეცოდინება ერთმანეთის ხასიათი. ხვალ დილით ადრე უნდა გავიდე, საქმე მაქვს. _ ჩაილაპარაკა ჩუმად და კედლისკენ იბრუნა პირი.
ლუკა დაღლილი ჩანდა და მალევე ჩაეძინა. გიგამ კი, შუქის ჩაქრობიდან ერთი საათის განმავლობაში თვალი ვერ მოხუჭა. “განა რა გამოაყოლა ბავშვთა სახლმა ხასიათში ისეთი, ლუკას მისი თქმა რომ გაუჭირდა? იქნებ არც გაუჭირდა და მოერიდა ამის აფიშირებას”? _ ათასი ფიქრი უტრიალებდა გიგას თავში და გულს იმით იმშვიდებდა, რომ დრო აუცილებლად გამოამჟღავნებდა ამ ყველაფერს.
ცხოვრება კი ჩვეული სტილით მიდიოდა.ოჯახის ახალი წევრიც შეეგუა აქაურ წესებს. მთავარი კი ის იყო, რომ მარიამი და კონსტანტინე საკუთარი შვილივით ეპყრობოდნენ მას, თუმცა კონსტანტინე ცდილობდა, მასთან მეგობრული ურთიერთობა უფრო ჰქონოდა. ამიტომ, სადაც მიდიოდა სტუმრად, გიგასაც აუცილებლად იახლებდა ხოლმე თან. ერთ საღამოს, მან გააფრთხილა გიგა, რომ მეორე დღეს მიწვეული იყვნენ სუფრაზე, სადაც ხელოვანი ხალხი და ძირითადად, პოეტები იქნებოდნენ.
თავი IV
შაბათი დღე იყო. კონსტანტინე და გიგა დილიდანვე საგანგებოდ მოემზადნენ და, როცა წვეულების ადგილზე მივიდნენ, სტუმრებს უკვე სუფრასთან უხმობდნენ. ორმოცდაათამდე ადამიანი იქნებოდა. მაგიდები ერთი დარბაზის ტიპის ოთახში იყო გაწყობილი. იქ წარმოდგენილი აუარება საჭმელ-სასმელი იმას მიანიშნებდა, რომ სტუმრები ნაღდი ქართველი და პურის მჭამელი ხალხი უნდა ყოფილიყო. დაიწყო ტრადიციული სუფრის მსვლელობა _ აირჩიეს თამადა და მისი მოადგილე. გახურდა ქეიფი და შეთბა გონებაც, რომელსაც მოჰყვა ექსპრომტად დაბადებული ლექსებით ერთმანეთში გადაძახილი. ამ ყველაფერმა კი, გაგრძელება ჰპოვა სერიოზულ კაფიაში. გიგა გაოცებული შეჰყურებდა თავის გვერდით მჯდომ კონსტანტინეს, რომელიც ამ პროცესში გაბედულად შეიჭრა. უამრავმა ადამიანმა კაფიაში დამარცხება აღიარა და მარათონს გამოეთიშა. ბოლოს დარჩა ოთხი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო კონსტანტინე. რატომღაც სამივე ფინალისტი მას უპირისპირდებოდა. მათგან ორი იბრძოდა ერთად და ერთი ცალკე.
რამდენიმე წუთი, ტრადიციისამებრ, მორიგმა სადღეგრძელომ წაიღო, რის შემდეგაც, ფინალური ორთაბრძოლა განახლდა _ მოპირდაპირე მხრიდან, პატარა ფურცელზე დაწერილი ექსპრომტი კონსტანტინეს მხარეს გადმოდეს.
_ სულ ეს არის? _ გადაიხარხარა კონსტანტინემ და სიცილითვე მიაყოლა. _ თქვენ რატომ არ წამიკითხეთ? ალბათ, თქვენვე სუსტად გეჩვენათ და მიტომ. კარგი, ახლავე გიპასუხებ. _ მიმართა უფრო იმას, რომელმაც ფურცელი გადმოაწოდა.
ერთი წუთიც არ იყო გასული, იმავე ფურცლის უკანა მხარეს რაღაც მიაწერა და გიგას უთხრა, რომ ყველას გასაგონად წაეკითხა. ისიც წამოდგა და წაიკითხა:
_ მე რაღა არ მომხვედრია,
ჭიქა, ბოთლი და ხელიცა,
არაფრის არ მეშინია,
გზაზე რომ შამხვდეს დევიცა,
გურიკოს კარგიც მო…ან და,
თუ გაატრაკებ, შენიცა.
სუფრასთან მსხდომმა ადამიანებმა, სიცილით გამოხატეს ასეთი ფრთიანი სიტყვების მიმართ დამოკიდებულება, რასაც მოჰყვა გურამისა და მისი მეწყვილის ხელების აწევა, დამარცხების ნიშნად. ამასობაში, სუფრის რომელიღაც ადგილიდან ვიღაცამ დაიძახა:
_ მე ვაგრძელებ!
ეს ის ბოლო ფინალისტი იყო, რომელსაც, ამ წამოძახილის შემდეგ, კონსტანტინემ მიმართა:
_ არ გირჩევ, დამამთავრებელი დარტყმის შენს თავზე მიღებას, თორემ, ვფიქრობ, კაფიას სამარადისოდ შეიძულებ!
გამარჯვებას მოწყურებულ მამაკაცს, თავისი მეტოქის სიტყვები ბოლომდე არც მოუსმენია, ისე გამოაცხო მორიგი სისულელე და ფურცელი კონსტანტინესკენ გამოაფრიალა.
_ ეს ხალხი თავად არ კითხულობს თავის დაწერილს და მე რატომ უნდა წავიკითხო მათი ნაცოდვილარი?! _ ჩაიბუხუნა ნაადრევად გამარჯვებულის ტონით მან და ის გამოფრიალებული და თეფშებშორის ჩავარდნილი ფურცელიც გადმოაბრუნა სუფთა მხარეზე.
_ რატომ არ კითხულობ? _ მოაძახა ექსპრომტის ავტორმა, როდესაც შენიშნა, რომ ოპონენტი ახლის წერას შეუდგა.
კონსტანტინეს ყურადღება არ მიუქცევია მისთვის, რამდენიმე წამში გიგას კვლავ გაუწოდა ქაღალდის მონაჭერი და უთხრა:
_ ადექი ახლა, ჩემო პატარა მეგობარო და, რაც შეიძლება, მაღალ ხმაზე წაიკითხე!
ერთკუპლეტიანი ლექსის წასაკითხად გიგა რომ ადგა, სუფრის ყველა წევრი უკვე გასუსული იყო.
_ რომა და ასეთი კაცი,
ვინ თქვა მასეთი მითია?!
თვალებს არ დაახამხამებს,
ტ…შიც რომ მისცე თითია.
სუფრასთან ისეთი სიცილი და გნიასი ატყდა, რომ ადამიანების სიცილით ჩაოსება, ცრემლებამდე მიდიოდა. ამ დროს, რომა საიდან გაიპარა და რა დროს, ვერავინ შენიშნა. ხოლო, როცა მოიძიეს, ეზოშიც კი აღარ იყო.
ასე დამთავრდა ის არაჩვეულებრივი საღამო. კონსტანტინე და გიგა, სანამ სახლამდე მივიდოდნენ, კაფიას მიმდინარეობის დეტალებს იხსენებდნენ და იხოცებოდნენ სიცილით. სახლში რომ შევიდნენ ასეთ ნოტაზე, კონსტანტინემ იკითხა:
_ არა, რომა ისე როგორ გაიპარა, თვალი რომ ვერავინ მოსცხო?
ამის თქმა იყო და, სიცილმაც ახალი ძალით იფეთქა მათში.
_ რა გჭირთ, ხალხო? _ გაოცებული შეჰყურებდა მარიამი, ხან ერთ გადაფიჩინებულს და ხან მეორეს. _ რა დალიეთ ამისთანა და სად იყავით ამნაირ ადგილზე?
_ კარგა ხანია, ასეთი მხიარული დღე არ მქონია. _ მიუგო მარიამს მეუღლემ. _ მიწასთან გავასწორე ხელოვნების ეგრეთ წოდებული ელიტარული მოღვაწეები. კიდევ კარგი, პოეზიის მთლა მამები არ ჩაერთვნენ ამ საქმეში, თორემ ამაღამ მათი ნახევარი მაინც დაიხოცებოდა ინფარქტით. რა ცოდვას ავცდით, კაცო!?
ისევ სიცილი და მხიარულება, რომელიც იმით დამთავრდა, რომ ცოტა ხანს პრესას გადახედეს და შემდეგ, დასაძინებლად გაეშურნენ.
გავიდა გარკვეული დრო. შემოდგომის გრილმა ამინდებმა, ადამიანები აიძულა, შესაბამისად შემოსილიყვნენ. სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა განახლდა. ზაფხულის სიცხეს გარიდებული ხალხიც დაბრუნდა და ქალაქი ახალი ენერგიით შეივსო. ქუჩებში საქმიანი ადამიანები სჭარბობდნენ და დედაქალაქიც, ერთიან მოფუსფუსე და მოძრავ ორგანიზმად ქცეულიყო. კონსტანტინეს გიგასთვის სამსახური ეშოვნა თავის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც მოქალაქეთა მიერ შემოსული წერილებისა, თუ სხვა და სხვა სახის საჩივრების ჟურნალში გატარება ევალებოდა. ცხოვრება კი მათ ოჯახში ძველებური სტილით მიდიოდა. იმ განსხვავებით, რომ ლუკა გაცილებით მეტ დროს ატარებდა სახლში და ღამეებსაც იშვიათად ათევდა მეგობრებთან. ამას ჰქონდა ერთი მიზეზი _ მან გიგა მიიღო ისეთ ადამიანად, რომელსაც, სჯეროდა, რომ მისი შეხედულებების და, თუნდაც, მდგომარეობის სწორად აღქმა შეეძლო. ეს კი მომდინარეობდა დაღად დარჩენილი იმ გრძნობიდან, რომელსაც ბავშვობაში სიმარტოვისა და დაუცველობის განცდა ტოვებს მხოლოდ. ასე იქცა ამ ოჯახში შემთხვევით მოხვედრილი გიგა, ამავე ოჯახის ძალზედ გულჩათხრობილი წევრის, ლუკას სულიერ მესაიდუმლედ. ლუკა სულიერ ასპექტში ბოლომდე გახსნილი იყო მასთან, თორემ თავისი ცხოვრების წესზე და მითუმეტეს, ყოველდღიურობაზე, არასოდეს ლაპარაკობდა. მას თავისი მდგომარეობა აიძულებდა, რომ ადამიანებთან გარკვეულწილად დისტანცირებულიყო, რადგან ხვდებოდა, რომ მისი გაგება ამ კუთხით, ბოლომდე არავის შეეძლო. ასეთი გაუცხოება მშობლებთან მიმართებაშიც თვალშისაცემი იყო, რასაც ეს უკანასკნელნიც ძალიან განიცდიდნენ,რადგან ამ პრობლემის მოგვარების არანაირი გზა არ მოსჩანდა. პირიქით, ხსენებული გაუცხოება, ზოგჯერ დაპირისპირებაშიც გადადიოდა, ძირითადად, მამა-შვილს შორის. ამგვარ სიტუაციაში, ლუკა ყოველთვის თავდახრილი იდგა, ან იჯდა, და მამისთვის არასოდეს შეუბრუნებია ერთი სიტყვაც კი. ძალიან იშვიათად, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც მამისაგან წამოსული შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ, ლუკა თავს წამოწევდა და შეხედავდა ხოლმე მშობელს. ამ თვალებში იყო მთელი თავისი ცხოვრებისეული სევდა და ნაღველი; მამის მიმართ მოკრძალება, პატივისცემა და სიყვარული; ხოლო მის წიაღში, სადღაც შორს მოსჩანდა ერთი კითხვა, რომელიც, მიუხედავად თავისი სიშორისა, სახის გამომეტყველების ფონს საგრძნობლად ცვლიდა, რადგან ის ზურგს უმაგრებდა თვალებში ჩამდგარ სევდას და ნაღველს. ეს კითხვა მხოლოდ ერთი სიტყვით გამოიხატებოდა, რომელიც ასე ჟღერს _ რატომ? ამ ერთ სიტყვაში იყო მოქცეული მთელი მისი განვლილი ცხოვრება, ვიდრე დღევანდლამდე, ანუ ასეთი შედეგით: მათ შორის, თითქმის ყოველთვის იდგა ერთი ადამიანი. ეს იყო დედა, რომელიც ხან გაშმაგებულ მეუღლეს შეხედავდა სერიოზული სახით და ხან შვილს. მან ერთადერთმა იცოდა ყველაზე უკეთ, რომ შვილი მათგან უკვე ძალიან შორს იყო და ოჯახის უფროსის მიერ წამოწყებულ ყოველ ასეთ ბრძოლას, რომელიც ქართულ ტრადიციებზე უფრო გადიოდა _ დამორჩილებოდა მისი ვაჟი ქვეყანაში აღიარებულ წესებს და ეცხოვრა მათთან ერთად ჰარმონიულად, მხოლოდ უკუ შედეგის მომტანი იყო. და აი, ამ დროს ისმის ყვირილი:
_ ვინ ხარ შენ, რომელიც ანგარიშს არ გვიწევ ამხელა თანამდებობის ხალხს და დაეთრევი აღმა-დაღმა ვიღაც ქუჩის მაწანწალებთან?!
_ ისინი ჩემი კლასელები, მეგობრები და უბნელები არიან… _ ჩაილაპარაკა ლუკამ ჩუმად და ნახევრად წამოსწია თავი, რათა მამის ეს განრისხება ოდნავ მაინც ჩაეცხრო.
სწორედ აქ ჩახედა დედამ შვილს ღრმად სევდანარევ თვალებში, რომელმაც ისეთი გამომეტყველება მიიღო, რომ წესით, მას აუცილებლად უნდა გახსენებოდა ის მომენტი, როდესაც ლუკა უპატრონო ბავშვთა სახლში პირველად დატოვა. მაშინ, შენობას კარგად გამოცდენილმა მარიამმა, რაღაც მომენტში უკან გაიხედა. ეზოს უზარმაზარი ჭიშკრის გისოსებზე, ორივე ხელით ჩაბღაუჭებულ ბავშვს, სახე ამ გისოსებს შორის ბოლომდე მიებჯინა, რათა დედისთვის, სანამ თვალს მიეფარებოდა, აცრემლებულს მანამდე ეყურა. თითქოს ეს გაახსენდა მარიამს და თავი დახარა. ის საბოლოოდ მიხვდა, რომ მათი შვილთან დაშორება იქიდან დაიწყო და მაშინ გაღრმავდა, როცა ლუკა უკან მიბრუნდა და მშობლებთან იძულებით დაცილებული, ახალ გარემისთან ადაპტაციას შეუდგა, სადაც მოხდა კიდეც მისი მორალური ფორმირება. ახლა კი რა, შვილი დგას ბიოლოგიური მშობლების წინაშე, მაგრამ სულიერად მათგან ძალიან, ძალიან დაშორებული, რომელთა დასაახლოებლად მოშველიებული ტრადიციები, ძალზედ უსუსურად გამოიყურება. მამას კი, ეს არაფრით უნდოდა ერწმუნა, უფრო სწორად, ეფიქრა, რომ შვილი მისგან უკვე შორს იყო და ამ აზრების გასაფანტად, დაჟინებით მოითხოვდა ოჯახური წესების აღსრულებას მისგან. მხოლოდ მარიამი იდგა უხმოდ. ის ჭკვიანი და მიზანდასახული ქალბატონი იყო და გრძნობდა, რომ შვილთან ურთიერთობაში რაღაც უნდა შეეცვალა. მან ერთხელ კიდევ შეხედა დაკვირვებით ვაჟს და თითქმის გადაწყვიტა, რომ ახლებურ გზას დასდგომოდა მასთან ურთიერთობაში.
გავყვეთ უკან ამ სევდიანი წარსულის ადამიანებს და ვნახოთ, როგორ წარიმართება მათი შემდგომი ცხოვრება.
_ წამოდი, ლუკა! _ მხარზე ხელი მოხვია გიგამ, რომელიც შეეცადა, რომ რაღაც ფორმით დამთავრებულიყო ეს არაფრის მომტანი აყალ-მაყალი.
ლუკამ ერთხელ კიდევ შეხედა მშობლებს, თითქოს დედაზე გააშტერა ცოტა ხნით თვალი და გიგას გაჰყვა.
_ ხვალ სტუმრებს ველოდებით, ნათესავებს! _ მიაძახა ოთახიდან გასულ ლუკას მამამ. _ კოლეგა პროფესორებიც ეხლდებიან უნივერსიტეტიდან! შენს ნახვას მოისურვებენ და არ დაიკარგო, იცოდე!
გაგრძელება იქნება
ფეისბუქგვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ