მოგესალმებით!
ვისაც მოგეწონებათ ჩემი შემოქმედება და ფიქრობთ, რომ მორალურად გამართული ლიტერატურა, ერის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს, გამოიწერეთ ჩემი ახლადშექმნილი ფეისბუქგვერდი. ჩემს გვერდზე გადასასვლელი ლინკი იქნება, აქ გამოქვეყნებული მოთხრობის ყოველი მონაკვეთის ბოლოს.
პატივისცემით, მწერალი თამაზ ალავიძე
(გაგრძელება)
თავი V
საძინებელ ოთახში რომ შევიდნენ, ლუკა სკამზე ჩამოჯდა, იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და გონებაში რაღაცის განსჯას შეუდგა. აშკარად ეტყობოდა, რომ ფიქრები სახლიდან წასვლისკენ უბიძგებდნენ. ეს შეამჩნია გიგამ და სცადა, მდგომარეობიდან გამოეყვანა.
– შენ ხომ მითხარი, რომ ძმები ვართო?
– კი, და ასეც არის და ასეც იქნება ყოველთვის. – უცებ გამოერკვა ლუკა და მაგიდის მეორე მხარეს მდგარ სკამზე მჯდომ გიგას შეხედა.
– თუ ძმები ვართ და ერთნაირად ვფიქრობთ ამაზე, ერთი სათხოვარი მაქვს, რომ უბრალოდ, გაატარე მამის ასეთი გაცხარება. ის შენი მშობელია და შენთვის ცუდს რომ არ მოინდომებს, ნუთუ ამაში დარწმუნებული არ ხარ?!
– გიგა, ძმაო, – წარმოთქვა ლუკამ, რომლის გაბრაზებულ სახეზე გამოხატული ოდნავი ღიმილი, გიგას პატივისცემით უფრო იყო გამოხატული, ვიდრე მდგომარეობიდან გამოსვლის მცდელობის გამო. საქმე მაგაში არ არის, რომ არ შემიძლია ამის გატარება, ან არ მესმის, რას მოითხოვს მამაჩემი ჩემგან. უბრალოდ, ამ უაზრო ჩხუბს, ცხოვრების მდორედ მიყოლა ჯობია და ჩემი ასაკი და დრო, გაცილებით კარგად დაალაგებს ყველაფერს. ამ საკითხებს კი, მე ვერ წავუყენებ ოჯახის უფროსს და თანაც, მამას. მე არ ვიცი, როგორ დალაგდება ეს ყოველივე, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მეტი დრო ოჯახის გარეთ უნდა გავატარო, რათა დროებით მაინც ამ არაფრის მომტან აურზაურს გავერიდო.
– ლუკა, ასეთი გამონათქვამი არსებობს: “ხასიათი აღზრდის დროს შეიძინება და ყალიბდება ცხოვრების შემდგომ მღელვარებებში”. ჩემი აზრით, ეგზიუპერის ნათქვამიც კარგად უნდა ერწყმოდეს ამ გამონათქვამს: “ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ”. – გიგა ცდილობდა, რომ საუბარში წამოეყვანა ლუკა და ასე გაენეიტრალებინა მისი მღელვარება. ¬¬- თუკი ჩვენი ხასიათი ბავშვობიდან მოდის და იქ გაჩენილი პროტესტი განსაზღვრავს ჩვენს ჩამოყალიბებას, წინდაწინ გეტყვი, რომ შინაგანი პროტესტი მხოლოდ აგრესიას შობს. აგრესია სიძულვილს. სიძულვილი კი ბოროტებას. პროტესტს სხვა მიმართულება ვერასოდეს ექნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი მდგომარეობის გამო სხვებს ადანაშაულებ.
ლუკა უკვე ჩაფიქრებულიყო გიგას საუბარზე და სახეზეც ეტყობოდა ბრაზის განელება, რომ ამ დროს, საუბარში თვითონაც ჩაერთა.
– პროტესტის გრძნობა, შეიძლება, მაქვს გამოყოლილი, – თავდახრილმა თქვა მან. – მაგრამ მასზე აღმოცენებულ აგრესიას და მეტადრე, ბოროტებას, ჩემი მშობლების წინააღმდეგ როგორ გამოვიყენებ?! – ღიმილით დაასრულა ლუკამ.
– ეს იმიტომ, რომ შენ შეგნებული ადამიანი ხარ და ამ შეგნებას შენს გულში დიდი დოზით წარმოდგენილი სიყვარული გაძლევს. სამაგიეროდ, ამ აგრესიას, სხვაგან გამოხატავ, თუნდაც ქუჩაში.
– ქუჩაში არეულობაა, გიგა, და თუ შენში აგრესიას ვერ შეამჩნევს ვინმე, შენს დაჩაგვრას განიზრახავს. ეს კი, მართლა ჩაგადენინებს ბოროტებას და არ ჯობია, აგრესიული დამოკიდებულებით შევაჩერო ის?! დაე, იცოდეს ყველამ, რომ ოდნავი ცერად გადმოხედვისთვისაც კი, ცხვირს გადავუხევ შუაზე.
– კი, გეთანხმები, მაგრამ მასეთი სტილით ცხოვრება, საბოლოოდ, მაინც ცუდად ჩამოგაყალიბებს.
– სულ ომი ხომ არ იქნება, მაგის დედაც ვატირე და ჩვენც ყოველთვის ხომ არ დაგვჭირდება ვიღაცებისთვის შეღრენა.
– როგორც ძმას, ერთი რამ მინდა, გკითხო. – უთხრა გიგამ და ძალზე სერიოზული სახით მიაჩერდა.
– მკითხე, ძმა. – მთლიანად იყო ლუკა უკვე საუბარში ჩართული.
– შენი მეგობრები, ვინც ვნახე, ჩაჰალსტუხებულ-ჩაკოსტუმებულები დადიან და ეს როგორ, ამ არეულობაში?
ლუკამ ტუჩები მოჭიმა და ცოტა ხანს ასე უყურა გიგას. რამდენიმე წამიც და, ასეთი რამ უთხრა მას.
– არაფერი განსაკუთრებული… უბანია და ყველა ყველას იცნობს. ამ პრესტიჟულ უბანში ბევრი საქმიანი ადამიანი ცხოვრობს, ე. წ. ცეხავიკებს რომ ეძახიან. მათ იციან, რომ აქ კაი ბიჭებიც ვცხოვრობთ და ასეთი რამ შემოგვთავაზეს: დაგვიცავით, რომ ამ არეულობაში არავინ შეგვაწუხოს და ჩვენც გადასახდელს გადავიხდით. სულ ეგ არი და მეტი არაფერი. – დაამთავრა ლუკამ და ხელები გაშალა.
– როგორც ვიცი, თქვენ პატრიოტიზმით შენიღბული შეიარაღებული დაჯგუფებების და საძმოების წევრები არ უნდა იყოთ და გულწრფელად მაინტერესებს, იმ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ ხალხს, ეგ ხსენებული შეიარაღებული ხალხი რომ დაეცეს, თქვენ რითი და როგორ დაიცავთ მათ?
ლუკას კარგად გაეღიმა და გიგას ასეთივე სახით შეხედა.
– სული, სახელი და კაცობა, ავტომატზე გაცილებით ძლიერია, ძმაო. მაგას ჩვენ ვერავინ გაგვიბედავს!
– შენ თუ იღებ მაგ გარიგებებში მონაწილეობას, ან ფულის მოტანის დროს ესწრები მაგ პროცესს? – გულუბრყვილოდ იკითხა გიგამ.
– არაფერში… – სერიოზული სახით მოჭრა ლუკამ.
– რატომ? – კვლავ იკითხა გიგამ.
– მაგ საკითხებში და უფრო სწორად, გარიგებებში, მე მონაწილეობას არ ვღებულობ. მეტს ნურაფერს მკითხავ. ახლა, ან დავიძინოთ, ან წავალ. – ცოტა აღელვება დაეწყო ლუკას.
– დაძინება ჯობია. – უთხრა გიგამ და მხარზე ხელი მოხვია. – სულიერ ახლობლად თუ მივიღეთ ერთმანეთი, მაშინ ეს ჩვეულებრივი რამ არის, როცა ვინტერესდები შენი მდგომარეობით. მეგობრობაც არის და მეგობრობაც, მაგრამ ზოგჯერ ისიც ითვალისწინებს ხოლმე რაღაც ნიუანსებს. ამგვარი კითხვები, თუ უხერხულობას შეგიქმნის, მერწმუნე, რომ ასეთი საუბარი აღარასოდეს გვექნება. ანუ დავკმაყოფილდები იმას, რასაც შენ მეტყვი, ყოველგვარი კითხვების გარეშე.
– არა, ძმაო, საწყენად არ მიიღო. – გაუხერხულდა ლუკა. – მე შენ ძმობა გითხარი, როცა ჯერ კიდევ არ ვიცნობდით ერთმანეთს. – აქ ცოტა ჩაფიქრდა და განაგრძო. – შემდეგ აღმოჩნდა, რომ თითქმის ერთნაირი წარსული გვქონდა და ეგ არის ყველაზე მთავარი. იმასთან, რამაც ჩვენ ასე მჭიდროდ დაგვაკავშირა, მიუხედავად ამ მცირე დროისა, ჩემი საქმე და შენი საქმე, მეასეხარისხოვანია. როგორ თქვი, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო, ხომ? ჰოდა, ვიაროთ და ვიყოთ ერთად. – ლუკამ თავისი კეთილი ბუნება, უნებლიედ გამოავლინა, როცა შენიშნა, რომ გიგას გულის სიღრმეში, თითქოს ეწყინა მისი ბოლო სიტყვები. რამდენიმე წუთის გაცნობილ ადამიანს, აკი ძმობაც იმიტომ შესთავაზა, როდესაც გაიგო, რომ მას არც სახლი ჰქონდა და არც ისეთი არავინ ჰყავდა, რომ შეეფარებინა. ამ ფონზე, ლუკამ უცებ გაისიგრძეგანა ყველაფერი, გიგას გადაეხვია და უთხრა. – ჩვენ ძმები ვართ და ამას ვერაფერი შეცვლის! მთავარია, რომ ეს გვახსოვდეს ყოველთვის! ახლა კი, მართლა ჯობია, რომ დავიძინოთ.
ცოტა ხანში, შუქი ჩააქრეს და დაწვნენ. ლუკა დაღლილი იყო და მალევე ჩაეძინა. გიგას კი, იმ სიბნელეში, სადაც ოთახის კონტურები ძლივს შესამჩნევად მოსჩანდა, ორი საათი თვალი არ მოუხუჭავს. ის იმ ფიქრების ლაბირინთში აღმოჩნდა, რომლისგან თავის გაღწევასაც, გარკვეული დრო სჭირდება. “ჩვენ ძმები ვართ და ამას ვერაფერი შეცვლის”! – ლუკას ეს სიტყვები გადაეღობა მის ამ ფიქრებს და დაღლილ გონებას ძილისაკენ უბიძგა.
თავი VI
დილა გათენდა. თუმცა, რაღა დილა იყო, ათ საათს გადასცილებოდა.
– როგორ ჩამძინებია, ასე მკვდარივით. – ამოთქვა გიგამ, როცა ჯერ საათს დახედა და შემდეგ, ლუკას გადასწორებულ ცარიელ საწოლს გადახედა. ხელების მოშველიებით, ერთი გვარიანად გადაშალა მხრები და წამოდგომას შეუდგა. სპორტული ტანსაცმელი რომ გადაიცვა, სამზარეულოდან კონსტანტინეს ხმაც მოესმა.
– აქამდე გძინავთ? – გამოსძახა ახალგაზრდებს.
გიგამ კარი გამოხსნა და მაცივართან მდგომ კონსტანტინეს მიესალმა.
– ის სადღა ჯანდაბაშია? აქამდე არ იცის ხოლმე ძილი! – თქვა ლუკაზე, როდესაც ოთახიდან გამოსული მხოლოდ გიგა დაინახა.
– ვერ გავიგე, როდის წავიდა. ღრმად ჩამძინებია.
– წავიდა? – გაუკვირდა კონსტანტინეს. – მე ხომ გავაფრთხილე, რომ დღეს სტუმრებს ველოდებოდით და სახლში უნდა ყოფილიყო?!
– არ ვიცი, მისი წასვლა ვერ გავიგე, თორემ შევახსენებდი. – მხრები აიჩეჩა გიგამ.
– მაგას შეხსენება არ ჭირდება, სპეციალურად წავიდა, ეგ შობელძაღლი. დრო შეარჩია, რომ ვერავის გაგვეგო. გასაგებია, დღეს აღარ მოვა და ალბათ, არც ხვალ. ოხ, როგორ არ ესმის ამას ადამიანური! რა გავუკეთო, აღარ ვიცი. სახლში გაჩერება არ უნდა ერთი წუთი. მოგვსპო რა, მორალურად. დავანებოთ მაგას თავი და, შენ ხომ არსად გადიხარ? შენ ხომ მაინც მეყოლები გვერდით?
– კი, რა თქმა უნდა. – მიუგო გიგამ, ლუკას არყოფნით უკმაყოფილო კონსტანტინეს.
– ჰო, თავი დაიმშვიდა ოჯახის უფროსმა. – დღეს, შედარებით, დელიკატური სუფრა გვექნება. არცერთი არ არის მსმელი და მჭამელი. წიგნებამოჩრილები რომ დადიან მთელი ცხოვრება, ის ხალხი გვეყოლება დღეს სტუმრად.
– აბა, მაშ ვერ მოვილხენთ ჩვენებურად და ეგ არის! – სცადა გიგამ ნირწამხდარი კონსტანტინეს გუნებაზე მოყვანა.
– ჩვენ კი მოვილხენთ, ჩემო პატარა ძმაო და მეგობარო, მაგრამ ისინი რომ დაიწყებენ უილაჯოდ საჭმლის ღეჭვას და ჭიქაში ნახევარზე მეტი ღვინის ჩატოვებას, იმან არ წაგვიხდინოს მადა.
– წინასწარ თუ ვიცით, რომ ასე იქნება, ნუ მივაქცევთ მაგას დიდ ყურადღებას და ჩვენ ჩვენებურად გავწიოთ.
– კიდევ კარგი, შენ მაინც მეყოლები გვერდით, თორემ სულ არ ვარ მაგ ხასიათზე. – გამოცოცხლება დაეტყო კონსტანტინეს. – ახლო ნათესავებია მათგან ორი ადამიანი ჩვენი და ადრე დაიგეგმა ეგ სტუმრობა, თორემ, მე თუ მკითხავ, ქეიფი იმ ხალხის გვერდით ჯდომას ჰქვია, ვისაც შემწვარი ბურვაკის ბეჭიდან, კბილებით მოზრდილი ხორცის აგლეჯვა, ყანწით ღვინის დალევა და სულ მცირე, სამ კაცთან ჩხუბი შეუძლია. ეს რა ქეიფია, რაღაცის წაკიკვნა და ღვინის წრუპვა, მაგრამ ზოგჯერ ესეც გიწევს და როგორმე შევძლოთ უნდა.
საღამოს ხუთი საათი სრულდებოდა. სუფრა გაწყობილია და სტუმრების საუბრის ხმაც ისმის უკვე სადარბაზოდან.
– მობრძანდით, ბატონებო! – შეეგება გიგა კარში სტუმრებს.
ნათესავებში უკვე იცოდნენ მის შესახებ, რომ აქ ცხოვრობდა ეს ახალგაზრდა და გულთბილად მოიკითხეს. ღიმილიანი სახით და მოკრძალებული თავდახრით გამოხატული მადლიერების გრძნობით, გიგა მისაღები ოთახისკენ გაუძღვა მათ.
შემოდგომის პირი იყო. სტუმრებმა თხელი ქურთუკები შესასვლელში საკიდზე ჩამოკიდეს და მისაღებ ოთახში გაწყობილ სუფრასთან კონსტანტინეს მიეგებნენ. მოკლე საუბრის შემდეგ, ქართული სუფრის ტრადიციული მსვლელობა დაიწყო. კონსტანტინემ მათი შეკრებისა და შეხვედრის სადღეგრძელო წარმოთქვა და მათი ოჯახებიც დალოცა. თავად რომ ჭიქა გამოცალა, მათაც მიმართა, რომ საუკეთესო ღვინო იყო და თავისუფლად შეეძლოთ, შეესვათ. სტუმრებს მართლაც მოეწონათ ღვინო და მათმა უმრავლესობამ ცოტა მეტად გაუბედა დაჭაშნიკება. ისინი, ძირითადად, უნივერსიტეტის ისტორიის კათედრიდან ბრძანდებოდნენ და მოკლე ხანში, როგორც მოსალოდნელი იყო, საუბარიც ისტორიის მიმართულებით დაიწყო. განიხილეს საქართველოს ისტორიის რამდენიმე ეპოქა, რიგი მეფეების მოღვაწეობა და ბოლოს საქმე მიდგა ქრისტიანობის შემოსვლასა და გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. ჯერ კიდევ ათეისტური გარემო მძვინვარებდა და ათეული წლების განმავლობაში, ასეთი საკითხების განხილვა, პირდაპირ ეკრძალებოდა, განსაკუთრებით, უმაღლესი სასწავლებლების არა მარტო პროფესორ-მასწავლებლებს, არამედ ყველას, ვისაც საგანმანათლებლო სისტემასთან ჰქონდა შეხება. ამდენად, სწავლულთა ფენა იმდენად იყო დაკომპლექსებული “აკრძალული ხილის” მიმართ, რომ ამ საკითხის შესწავლასაც კი ერიდებოდნენ. ტაბუდადებული თემები გონებაში ხშირად ახშობდა იმ ადგილს, საიდანაც ჭეშმარიტება უნდა გავრცელებულიყო. ამდენად, საბჭოთა ადამიანის (სწავლულის) გონებრივი მიმართულება, თავიდანვე მცდარ გზას იყო შემდგარი. ერთეულები თუ ახერხებდნენ ამის საიდუმლოდ შესწავლას, მაგრამ ისინიც ვერ ბედავდნენ საჯაროდ ამის გაცხადებას. ეს ხდებოდა ერთი მიზეზით – ადამიანს არ შეეცნო საკუთარი თავი, რაც რწმენის ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდა და იმ წამსვე მიხვდებოდა თითოეული მათგანი, რომ ის იყო ეშმაკის მიერ გადაგვარებული და დამონებული. სუფრასთან მსხდომი პროფესორების თვალებში, მიუხედავად მათი შეზარხოშებისა, მაინც შიში სჭარბობდა, რასაც წარმოქმნილი ეს საინტერესო თემა, აბსურდული მიმართულებით მიჰყავდა. მიუხედავად ხსენებული თემის არაერთი კვლევისა და ჩვენი ისტორიის კორიფეების მიერ ფაქტებით შემაგრებული მტკიცებულებებისა, აქ მსხდომ პროფესორებს, არ ვიცი, დავიწყებოდათ, თუ ნამდვილად არ იცოდნენ. საუბარში ერთი რამ ცხადად ჩანდა, რომ არცერთ მათგანს, არც ძველი და არც ახალი აღთქმა, გადაშლილიც არ უნდა ჰქონოდა, რადგან ამ კამათში, ერთი სიტყვით მაინც გამოჩნდებოდა მათი ამ საკითხში ზოგადი წარმოდგენა. კონსტანტინეც თეოლოგიაში მათ დარად შეიძლება განსწავლული არ იყო, რადგან ისიც იგივე ათეისტურ გარემოში იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ სხვა ყველა საკითხში და მეტადრე, ამჟამად წამოწყებულ თემაში, რა დონის ადამიანი იყო, ახლავე შევიტყობთ. პროფესორების მსჯელობა იმდენად არღვევდა ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიის ნაწილს, რომ კონსტანტინემ საწყალი თვალებით რამდენჯერმე გადახედა გიგას. ამით იმას ეუბნებოდა, რომ არ უნდოდა, გაებითურებინა სტუმრები, მაგრამ რაც დრო გადიოდა, იძაბებოდა მისი გონებაც. იქ მსხდომთაგან ერთ-ერთი, ერთი კუთხიდან იყო და ამტკიცებდა, რომ ქრისტიანობა, სწორედაც რომ იქიდან გავრცელდა საქართველოში. უმრავლესობა კვერს უკრავდა კოლეგასა და მეგობარს და ნელ-ნელა იქმნებოდა აბსურდის თეატრი, რომ ამ დროს კონსტანტინე ჩაერთა საუბარში:
– ანდრიამ და სვიმონმა, ჩვენს ქვეყანაში შემოსვლისას რომ პირველად სადღაც იქადაგეს, ამას ამოცანები არ სჭირდება, მაგრამ გავრცელება რომ იმ კუთხიდან არ მომხდარა, ამას ადასტურებს ერთი მარტივი მიზეზი: მართალია, იმ ადგილზე მცხოვრები ხალხი დღემდე ქრისტიანებად იწოდებიან, მაგრამ ქრისტეზე უწინ, მათ ყოველთვის ედგათ სხვა პიროვნება.
– კარგი რა, ახლავე დაგიმტკიცებ ყველაფერს! – შეეპასუხა ერთ-ერთი.
– დამტკიცება არ არის საჭირო. უბრალოდ, ყველასთან ერთი კითხვა მაქვს, რომ თქვენთვის ვინ არის ის ავტორიტეტი, ვინც საქართველოს ისტორიის ყველა ეპოქაზე დასაბუთებულ პასუხს გასცემდა?
პროფესორები ცოტა ხნით ჩაჩუმდნენ და შემდეგ, ერთმა წამოიძახა:
– დიდი ისტორიკოსები ბევრი გვყავს, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილზე დიდი ვინ უნდა იყოს?!
– ივანე, ხომ? – წყნარად წარმოთქვა კონსტანტინემ და იძულებული სახის იერით, თავის გვერდით მჯდარ გიგას გადახედა. – ჩემო პატარა ძმაო, გიგა, მეორე ოთახიდან რკინის კიბე შემოიტანე. – თან დააყოლა. – მსუბუქია, ალუმინია. ბოდიშს გიხდი, მაგრამ ამ თემას სხვაგვარად ვერ დავამთავრებთ.
პროფესორები გაირინდნენ. არ იცოდნენ, მასპინძელმა რა ჩაიფიქრა და ამიტომ, გაყუჩებულნი დაელოდნენ მოსალოდნელ შემოტევას. შემოტევას იმიტომ რომ, სახეზე ყველას ეწერა ეს მოლოდინი.
გიგამ კიბე თავისუფლად შემოიტანა. კონსტანტინემ მიუთითა ადგილი, სადაც უნდა დაედგა და გაეშალა. შემდეგ, სუფრის თავკაცის მითითებით მაღლა ავიდა. ჭერი ძალიან მაღალი იყო და გიგას კიბეზე ბოლომდე ასვლა მოუწია, რადგან ასე უთხრა კონსტანტინემ.
ოთახი, სადაც სტუმრები ისხდნენ, იქიდან გადიოდა კარი აივანზე, რომელიც პროსპექტს გადაჰჰყურებდა. იმ კარის გასწვრივ, ანუ ქუჩის მხრიდან დამცავ კედელზე, ბოლომდე გასდევდა თაროები, სადაც სამ მწკრივად იყო ჩალაგებული ათასობით წიგნი. ერთი სიტყვით, ის უზარმაზარი ადგილი მთლიანად წიგნებს ჰქონდა დაფარული.
– გიგა, ახლა ხელი ასწიე და ყველაზე მაღლა, ბოლო თაროზე ერთ-ერთ წიგნს დაადე. ისიც ასევე მოიქცა, რომ კვლავ გაისმა კონსტანტინეს ხმა. – მაქედან მარცხნივ, ორი წიგნის შემდეგ, მესამე და მეოთხე წიგნები გამოიღე. მაგის შიგნით, მეორე მწკრივიდან, კიდევ გამოიღე ორი წიგნი და მითხარი, შიგნით თუ ხედავ მოთეთრო, ღია ფერის სქელტანიან დიდ წიგნს.
– კი, ვხედავ.
– ეგ წიგნი გამოიღე და ჩამოდი. დანარჩენები სადმე მიალაგე და მაგ წიგნით მობრძანდი ისევ ჩვენთან. ცოტა შეისვენებ კიდეც, სანამ ამა და ამ გვერდს მოძებნი. – უთხრა უკვე ნახევრად თავდახრილმა კონსტანტინემ, რომელსაც არ სურდა სტუმრების რეაქციის დანახვა.
გიგა ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთ ტომს ფურცლავდა და, როდესაც მითითებული გვერდი მონახა, განაცხადა.
– გვერდი ნაპოვნია! – ჩაილაპარაკა და თავის უფროს მეგობარს მიაჩერდა.
სტუმრები ისევ გამტკნარებულები შეჰყურებდნენ ამ უჩვეულო პროცესს.
– მაგ გვერდზე, რამდენიმე ხაზის შემდეგ, აბზაცი იწყება, რომელიც ცოტათი გადადის მეორე მხარეს, ვიდრე მეორე აბზაცამდე. ერთი გვერდია დაახლოებით და, თუ შეგიძლია, ეგ რომ წაგვიკითხო? – უთხრა კონსტანტინემ ისე, რომ თავი მაღლა არ აუწევია. თითქოს, სიტუაციიდან გამომდინარე, ეს იძულება გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა.
გიგამ შეასრულა კონსტანტინეს თხოვნა და წაიკითხა მითითებული ტექსტი, რომელიც პროფესორების მიერ წამოჭრილი ვერსიების სრულიად საწინააღმდეგო მტკიცებულებას წარმოადგენდა.
– ჩემო მეგობრებო და ჩემი ოჯახის პატივცემულო სტუმრებო! – თავი ასწია და მზერა მიმოატარა მასპინძელმა უშველებელი მრგვალი მაგიდის გარშემო შემომსხდარ ადამიანებს. – ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ თითოეულმა თქვენგანმა, თქვენს მიერვე ჩამოთვლილი ისტორიკოსების შექმნილი ქართველი ერის წარმოშობისა და არსებობის ჭეშმარიტი ისტორიის შესახებ არაფერი იცით. მაგრამ იმას კი ნათლად ვხედავ, რომ ჩვენი რამდენიმე საათიანი საუბრისას, არცერთ თქვენგანს, ერთი სიტყვაც კი არ დაგცდენიათ ხსენებული ქართველი ისტორიის მამების სახელმძღვანელოდან. ეს კი მაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქრო, რომ იმპერიის მიერ აკრძალული ქართველთა ფაქტებით გამყარებული ისტორია, ან დაგავიწყდათ, ან დაგავიწყეს.
პროფესორების უმრავლესობა ხმის ამოუღებლად შეჰყურებდა კონსტანტინეს, ზოგიერთ მათგანს კი, თავი ჰქონდა დახრილი, რომ ამ დროს, ერთ-ერთმა მათგანმა ძალიან შეუფერებელი არგუმენტი ამოთქვა:
– ჩვენი ზემდგომი არის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, რომელიც რა სახელმძღვანელოსაც გვაწვდის, იმას ვასწავლით, ბატონო. ჩვენ ხომ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მასწავლებლები ვართ და მეტი არაფერი. ამავე დროს, ჩვენ ვართ საბჭოთა მოქალაქეებიც, რომლებსაც გვაქვს რაღაც ვალდებულებები. ჩვენ ხომ დისიდენტები არ ვართ და წინააღმდეგობის მოძრაობის მოთავეები.
კონსტანტინემ ცოტა ხანს დაკვირვებით უყურა ამგვარ მოპასუხეს. შემდეგ, თვალი სხვადასხვა საგნებზე გადაიტანა და მძიმედ დაიწყო ლაპარაკი.
– ზოგიერთმა თქვენგანმა იცით, რომ მე, ახალგაზრდობაში პროფესიონალი სპორტსმენი ვიყავი. ამიტომ, ჯერ ფიზკულტურის ინსტიტუტი დავამთავრე. სპორტის მიტოვების მერე, მომიხდა მეორე ინსტიტუტის დამთავრება, რომელიც დავასრულე აგრონომის სპეციალობით. ჯერ კიდევ ახალგაზრდობის წლებში, საქართველოს ერთ-ერთ სასაზღვრო რაიონში, ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მომიწია მუშაობა. მახსოვს, ჩემზე ძალიან ზემდგომმა პირმა, ჩემი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღება დამავალა. მე მის შესრულებაზე უარი განვაცხადე, რისთვისაც ის პიროვნება თავადვე ჩამოვიდა თბილისიდან და პირდაპირ კაბინეტში მესტუმრა. სპეციალური ფურცელი დამიდო წინ და მასზე ხელის მოწერა მომთხოვა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს საქმე მაღლა იყო გადაწყვეტილი და ჩემი ხელმოწერა-ღა რჩებოდა მხოლოდ. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, მისთვის ამეხსნა, რომ ეს, ერთი შეხედვით, თითქოსდა უმნიშვნელო გადაწყვეტილება, მომავალში გამოუსწორებელ პრობლემად იქცეოდა ჩვენი ხალხისთვის. ხოლო, როდესაც ის უკვე ყვირილზე გადავიდა და მუქარაზე, ისე მივუნგრიე ცხვირ-პირი, რომ ის დღე მის მეხსიერებაში ყველაზე დიდ კოშმარად დარჩებოდა. თვალნათელი უკანონობის გამო, საქმე არ გახმაურებულა. მას შემდეგ, მრავალ ადგილას ვიმუშავე და დღემდე ვიკავებ გარკვეულ თანამდებობას, მაგრამ, როცა საქმე ერს ეხება და მის მომავალს, იქ ვივიწყებ ჩემს მდგომარეობას. – კონსტანტინე წამიერად შეჩერდა და კვლავ მიმოატარა თვალი სტუმრებს. თითოეული ადამიანი, იმ ინტერესით შესცქეროდა, თუ რა აზრით დაამთავრებდა ის, რომ მან განაგრძო. – ბატონებო, თქვენ უნივერსიტეტის ისტორიის კათედრას წარმოადგენთ, ანუ სტუდენტებს გადასცემთ იმ ცოდნას, რომლითაც ისინი იხელმძღვანელებენ მომავალში. როგორც ჩანს, ერის ცნობიერებაში თქვენი როლი კარგად არ გაქვთ გასიგრძეგანებული. მაპატიეთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს გამოწვეულია თქვენი პრივილეგიების დაკარგვის შიშით; არ გსურთ, დაკარგოთ, მოწიწებით, ოთხად მოკეცილი ადამიანებისგან სალამის გამოხატვა თქვენდამი; ასეთი მდგომარეობის დაკარგვის ნიშნით წამოწეული ფიქრიც კი გაშინებთ, რომელიც გართმევთ უნარს, წარმოიდგინოთ, თუ რას გამოიწვევს თქვენი ცრუ სწავლება მომავალ საქართველოში. – აქ კვლავ მცირე ხნით შეჩერდა კონსტანტინე. ყველა ჩაფიქრებული ისმენდა მასპინძლის მონოლოგს. ზოგიერთ მათგანს თავი დაეღუნა. მხოლოდ გიგა იჯდა კმაყოფილი გამომეტყველებით, რომლის დაფარვასაც შეუმჩნევლად ცდილობდა. ოჯახის უფროსი კი საუბარს განაგრძობდა. – რადგან თქვენ ამაზე არ ფიქრობთ, მე გეტყვით: იმპერია უკვე სულს ღაფავს და დღეს თუ ხვალ, წაიქცევა. ჩვენ ჯერ კიდევ მისგან წამოსული ენერგიით ვმოძრაობთ. და თუ მოხდა ისე, რომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაშინვე დავიწყებთ შეჩერებას და სრული გაჩერება მაშინ მოხდება, როდესაც ძალა გამოგველევა. ეს რაში მდგომარეობს? ასე მაგალითად: თქვენ, ისტორიკოსები, წლების განმავლობაში დაკავებული ხართ თქვენი ერის ფესვების ჭრით. ამ საქმეში არც სხვა დარგები ჩამოგრჩებიან, მაგრამ ლომის წვლილი თქვენ გეკუთვნით. რატომ? იმიტომ რომ, ერი რომელიც ივიწყებს თავის წარმომავლობას და არ იცის საკუთარი გენის უმნიშვნელოვანესი როლი მსოფლიო გლობალურ სივრცეში, ის კავდება მხოლოდ აწმყოთი. ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, საბოლოოდ, ქვეყანას მოიცავს დილეტანტიზმი, რომელიც ქართველს ერთმანეთის მიმართ დააკარგვინებს ნდობას. ნდობის დაკარგვიდან კი, ბატონებო, სიძულვილამდე აღარაფერი რჩება. სიძულვილი კი, არაფერია, თუ არა, ერის გაქრობა. სამწუხაროდ, აი, ეს გველის ჩვენ, და რომ არ მეთქვა, არ შემეძლო. ამბობენ ხოლმე, ღმერთი გვიხსნისო. ამას კი ჩვენ ვერ გავთვლით.
ამას ლაპარაკობდა კაცი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ერის სიყვარულში და აღორძინებაში გაატარა, რა თქმა უნდა, თავისი შეძლების მაქსიმალური ფორმებით. როდესაც ის და მისი მეუღლე (მარიამი უფრო მეტად) დაკავებული იყვნენ სახელმწიფო საქმეებით და ოჯახისთვის დრო აღარ რჩებოდათ, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს იმ ასაკში ლუკას მიყვანა ბავშვთა სახლში რამდენიმე წლით, რომ ქუჩას ასცდენოდა. ალბათ, ეს გადაწყვეტილებაც კონსტანტინეს ეკუთვნოდა, თავისი აზროვნებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაზე ფიქრის შემდეგ, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ლუკა იქიდან სულ სხვა მენტალიტეტითა და ხასიათის თავისებურებებით დაბრუნდებოდა.
დადუმებული და ჩაფიქრებული სტუმრები ემშვიდობებოდნენ კონსტანტინესა და გიგას. თითქოს აქ არც არაფერი იყო უჩვეულო, – იმ ფონზე, რაც აქ მოხდა, ალბათ, ასე უნდა დამთავრებულიყო.