(გაგრძელება)
ქრთამად მიტანილი ოქრო
თავი VII
იმ საღამოს კონსტანტინეს ხმა აღარ ამოუღია, – იჯდა გამტკნარებული სახით და პრესას ათვალიერებდა. სტუმრების გაცილების შემდეგ, თითქოს უხერხულობას შეეპყრო. არავინ იცის, რას ფიქრობდა ოჯახის უფროსი, მაგრამ მისი სახის გამომეტყველებიდან ჩანდა, რომ ერის მიმართ სიყვარული და სტუმარ-მასპინძლობის საუკუნოვანი ტრადიცია, ერთმანეთს დასჯახებოდა მის გონებაში. ასე უფერულად მიილია ის დღე და გიგაც უჩუმრად გავიდა თავის საძინებელ ოთახში.
მეორე დილას კონსტანტინე თავის პატარა მეგობარს არ შეხმიანებია, ისე ადრიანად წავიდა სამსახურში. საღამოს გვიან დაბრუნდა. გაზეთების მაგიდასთან მჯდარი გიგა კი მოიკითხა, მაგრამ კვლავ უხასიათოდ გამოიყურებოდა. მან იცოდა, რომ მისი ასეთი უჩვეულო მოქმედების მიზეზს გიგა გრძნობდა და ამის ახსნას ის არ საჭიროებდა. ამიტომ, კონსტანტინე ამ მხრივ მშვიდად იყო და იმ დროს უცდიდა, სანამ თავად არ განელდებოდა ეს ყველაფერი მის გონებაში.
ერთ საღამოს, ქალბატონმა მარიამმა სამსახურიდან მოზრდილი ჩანთით რამდენიმე ტომად შეკრული საქმე მოიტანა, შემოსასვლელში დადგა და იქვე სამზარეულოდან გამოსულ და მისაღები ოთახის შესასვლელთან მოსულ კონსტანტინეს და გიგას განუცხადა:
– ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. ძალიან დაღლილი და დამწუხრებული ვარ. ეს ჩანთა შემატანინეთ ჩემს ოთახში და მისაღებში შემოვალ და გეტყვით, რისი თქმა მსურს.
გიგა ჩანთას დასწვდა და შიგნით შეიტანა. მარიამმა ქურთუკი გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა. კონსტსნტინე კი, მისაღებ ოთახში მაგიდაზე ხელებდაყრდნობილი ელოდა მეუღლის სათქმელს. ერთად რომ შეიკრიბა ყველა, მარიამმა მათ ასეთი რამ უთხრა:
– დღეს გადმომცეს საქმე, რომელიც ათი დღის ვადაში უნდა შევისწავლო კიდეც და დასკვნაც დავწერო. ჩემს ლუკაზე ორი-სამი წლით უფროს ბიჭს სასამართლომ დახვრეტის განაჩენი გამოუტანა. მკვლელობაა, განზრახ მკვლელობის მუხლით. არ ვიცი, რა მოხდა და, რომ გავერკვე, კარგად რომ გავერკვე, – მარიამი შეძლებისდაგვარად, მშვიდად ლაპარაკობდა და ხან გიგას უყურებდა და ხან კი მეუღლეს. – განსაკუთრებული სიმშვიდე მჭირდება. მე თუ მას ძალაში დავტოვებ, საქმეს უკვე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განიხილავს. შემდეგ, მოსკოვი და, როგორც ძალიან ხშირად ხდება, იქიდან უცვლელი პასუხით ბრუნდება ხოლმე. სასწორზე დევს იმ ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი უნახავს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ყოველგვარი ისეთი საქმისაგან, რომელიც იწვევს ხმაურს, განსაკუთრებით, დალევისაგან. იქნებ შევძლო და საქმეში აღმოვაჩინო ისეთი ლაფსუსი, რომელიც მომცემს იმგვარი დასკვნის დაწერის საშუალებას, რაც მუხლის გადაკვალიფიცირებას გამოიწვევს. ეს კი, გადაარჩენს სიცოცხლეს, ძალიან ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს. ჩვენ, იურისტები, მხოლოდ ადამიანების დასჯისთვის კი არ უნდა ვიყოთ მომართულები, არამედ, უდანაშაულოს დაცვაზეც უნდა ვიფიქროთ. გასაგებია, მკვლელი, ერთი შეხედვით, ყოველთვის დამნაშავეა, მაგრამ ჩემი ამოცანა ის არის, გავიგო, თუ რამდენად მიესადაგება მას ეს განაჩენი. აი, ეს არის ჩემი სათხოვარი. – დაამთავრა მარიამმა და მეუღლეს შეხედა იმ თვალით, თუ რას იტყოდა ამის შემდეგ ის.
– ჩემო ძვირფასო, შენ ისეთი რამ გვითხარი ახლა, რომ მე და გიგა იმ ათ დღეს სულ წავალთ და სხვაგან გადავალთ, ოღონდ გადარჩეს ადამიანი და თანაც, ბავშვი.
– არავითარი გადასვლა! ჩემს საქმეს, მე მივხედავ! მხოლოდ თქვენ მიხედეთ თქვენს თავს და მე არ შემაწუხოთ! – წარმოთქვა მეუღლის გამოსვლით ნასიამოვნებმა მარიამმა და ჩაილაპარაკა. – მე მგონი, ყველაფერი გარკვეულია.
მეორე დილით, მარიამი სამსახურში რომ მიდიოდა, მეუღლეს უთხრა, რომ დღეს ადრე დაბრუნდებოდა და ამ საქმეს უნდა ჩაჯდომოდა. მისი გასვლა იყო და, კონსტანტინემაც ამცნო თავის მოადგილეს, რომ შეცივებულად გრძნობდა თავს და მას მიეხედა ყველაფრისთვის. შემდეგ, საძინებელი ოთახიდან ის მძიმე ჩანთა გამოიტანა მისაღებში, სადაც ტომებად ჩალაგებული, იმ ახალგაზრდა მამაკაცზე გამოძიებული საქაღალდეები იდო და მის ამოლაგებას შეუდგა. სწრაფად მოძებნა საწყისი ტომი და პირველი ფურცლიდან კითხვა დაიწყო. გიგას ბოდიში მოუხადა, რომ ის სახლში რჩებოდა და მთლიანად გადაერთო ამ გაკრული ხელით შედგენილ ოქმებზე, თუ დასკვნებზე. ის არ იყო იურისტი და ამდენად, არ ერკვეოდა იურისპრუდენციაში, მაგრამ, სამაგიეროდ, იყო იმ დონის მოაზროვნე, რომ ალღო მაინც მიიყვანდა ჭეშმარიტ დასკვნამდე. ბუნებრივია, რამდენიმე საათში, სანამ მარიამი სამსახურიდან დაბრუნდებოდა, ვერ მოასწრებდა ამხელა ტომებად შეკრული საქმის გაცნობას, მაგრამ ის კი შეძლო, რომ ზედაპირული დასკვნა მაინც გაეკეთებინა. მეუღლის მოსვლის დრო რომ დადგა, ყველაფერი ისევ ჩანთაში ჩადო და კვლავ თავის ადგილას დააბრუნა. არ გასულა ნახევარი საათი, რომ მარიამი მოვიდა. ცოტა ხანში, სახლის ფორმაში გამოწყობილმა, სამზარეულოში ძალიან მცირე ულუფით შეიქცია თავი და საქმის შესასწავლად მომართულმა მიაშურა საძინებელ ოთახს, სადაც ტომებით სავსე ჩანთა ეგულებოდა. სანამ შიგნით შევიდოდა, მეუღლემ მისაღებიდან გამოსძახა:
– მარიამ, ერთი წუთით აქეთ შემოდი!
– შენ რა, დღეს სახლიდან არ გასულხარ? – ჰკითხა გაკვირვებულმა ქალმა კონსტანტინეს, როცა ის საშინაო სამოსში, სავარძელში ჩამჯდარი, მოცოცხლებულ ფორმაში დაინახა.
– მისმინე, ძვირფასო! დღეს მე სამსახურში არ წავსულვარ. მთლიანად გადავათვალიერე შენი მოტანილი საქმე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ იმ ბიჭს დახვრეტა არ ეკუთვნის.
– რააა! – გაკვირვებისაგან სახე შეეცვალა მარიამს.
– ჰო, რამ გაგაკვირვა, ჩემი არ გჯერა?!
– ჯერ, რატომ ეხები იმ საქმეს, რომელიც შენი გადასაწყვეტი არ არის! და მეორე: მე, კვალიფიციურ იურისტს, ათი დღის ვადა მომეცა ამის გასაცნობად და რომელი შერლოკ ჰოლმსი შენ ხარ, რომ ხუთ საათში გამოიტანე დასკვნა?! – მარიამი ცოტა ხნით ჩაფიქრდა და განაგრძო. – ვინ გიცნობს ჩემზე უკეთ და ვინ იცის, შენი დიდი აზროვნების შესახებ, თუ არა მე, მაგრამ რას მთავაზობ და ამით რისი თქმა გსურს? ესეიგი, მე უნდა დავწერო ასეთი რამ: ვინაიდან, ჩემმა არაიურისტმა მეუღლემ ამ საქმიდან ამგვარი დასკვნა გააკეთა, მეც ვეთანხმები. ამას გულისხმობ? – ჩაეკითხა უკვე მკაცრი სახით მარიამი.
– მე ჩემი სიტყვა გითხარი, – მშვიდად უპასუხა კონსტანტინემ. – რომ, თუ შენ ამ ბიჭის დახვრეტას ძალაში დატოვებ და ამაზე ხელს მოაწერ, მე სახლიდან მივდივარ და ვეღარასოდეს მნახავ.
– ეს რა ულტიმატუმია! – გაბრაზდა მარიამი. – მე შენზე მეტად მინდა, რომ ადამიანი სიკვდილისთვის არ გაიწიროს, მაგრამ კანონზე მაღლა ხომ ვერ დავდგები?! მართალია, ყველა საქმეს განსაკუთრებულად ვეკიდები, მაგრამ იმას აუცილებლად დაგპირდები, რომ გავაასმაგებ ყურადღებას, იქნებ აღმოვაჩინო ისეთი რამ, რაც მუხლის შესაცვლელად საკმარისი გახდება. კიდევ ვიმეორებ, რომ დასკვნაში უნდა მივუთითო – რატომ და რისთვის. უბრალოდ, მომეცი საშუალება, ვიმუშაო და შენი რაღაც წარმოდგენებით ნუ შემაწუხებ.
– მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი და ამას ვიმეორებ მეორედ. – ჩაილაპარაკა ოჯახის უფროსმა და თავის წინ დალაგებულ გაზეთებს მიუბრუნდა.
მარიამმა ერთხანს კიდევ უყურა მეუღლეს, მერე ხელი ჩაიქნია და მისაღები ოთახიდან გავიდა.
იმ საუბრის შემდეგ გავიდა რვა დღე. დილით კონსტანტინე და გიგა წასასვლელად ემზადებოდნენ და მისაღებში რაღაცაზე ბჭობდნენ, რომ ოთახში მარიამი შემოვიდა თაბახის ფურცლებით ხელში.
– აბა, მოემზადეთ! – წარმოთქვა სერიოზული სახით მან და ფურცლები მაგიდაზე დადო. ამ სიტყვების გაგონებაზე, ორივე მას მიაჩერდა. მათ სახეზე ჩანდა, რომ უფრო ცუდის მოლოდინში იყვნენ, რომ მარიამის ხმაც გაისმა. – ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ის ლაფსუსი აღმომეჩინა, რაც მუხლის გადაკვალიფიცირებას შეძლებდა. მთელი საქმე ამტკიცებს, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა, მაგრამ მასში აღმოჩნდა რამდენიმე ისეთი ადგილი, რომელიც, ასევე ამტკიცებს შემთხვევით მკვლელობას. ასე რომ, მშვიდად იყავი და ჩათვალე, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდება და აქედან გამომდინარე, დახვრეტის განაჩენიც გაუქმდება. ეს დასკვნა უკვე დაწერილია ჩემი ხელმოწერით.
გაოგნებული, მაგრამ გაცისკროვნებული სახით შეჰყურებდა კონსტანტინე მეუღლეს. მარიამმა კი, მაგიდიდან ფურცლები აიღო და ოთახიდან უჩუმრად გავიდა. მალევე მოისმა ცენტრალური გასასვლელი კარის ხმაც, რომელიც მიანიშნებდა, რომ ის სამსახურში გაემგზავრა.
– დიდებულია! – ჩაილაპარაკა კონსტანტინემ და თან, დაამატა. – ჩვენ სამსახურში აღარ მივდივართ, რადგან უნდა აღვნიშნოთ იმ ბიჭის გადარჩენა, რომელიც ცხოვრებამ იძულებით აქცია მკვლელად.
საღამოს მარიამი სამსახურიდან კმაყოფილი დაბრუნდა და ოთახში სუფრას შემომსხდარი კონსტანტინე და გიგა, კარგად შეზარხოშებულები რომ იხილა, სახე შეეცვალა და კიდევ ერთხელ ჩაიქნია ხელი. სანამ ის ოთახიდან გავიდოდა, მეუღლემ მიაძახა:
– შენი და შენგან გადარჩენილი ადამიანის სადღეგრძელო დავლიეთ! ამ ამბავს, ასე როგორ გავატარებდი! აი, ამიტომ გაფასებ, ასეთი დიდი გულის ადამიანი რომ მყევხარ!
ასე დამთავრდა ის დღე და მეორე დღიდან ჩვეულებრივად გაგრძელდა ცხოვრება, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ იმ ამბიდან გამოწვეული სიხარული, ჯერ კიდევ ტრიალებდა ოჯახში. თუმცა, ამაზე ხმა აღარავის ამოუღია, განსაკუთრებით, ცოლ-ქმარს, რადგან ეს მათი სულიერი მოთხოვნილებიდან ამოსული ჩვეულებრივი მადლის გამოხატულება იყო.
მარიამის მიერ დასკვნის დაწერიდან, დაახლოებით, ერთი კვირის თავზე, საღამოს, შემოსასვლელი კარიდან ზარის ხმა მოისმა. კონსტანტინე და გიგა პრესას ათვალიერებდნენ. დიასახლისი კი, სამზარეულოში ვახშამს ამზადებდა, რომ გიგა წამოდგა და კარის გასაღებად გაეშურა. კარი რომ გამოხსნა, ორი სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი დაინახა, რომელთაგან ერთ-ერთს, შავი ე. წ. დიპლომატი ეჭირა.
– გამარჯობა! – წარმოთქვა ერთმა, რომელმაც მისალმებაზევე მიაბა მორიგი სიტყვები. – ქალბატონი მარიამი აქ ცხოვრობს?
– დიახ! – უთხრა გიგამ თავის დაქნევით გამოხატული მისალმების შემდეგ და ერთ წუთს კართან მოცდა სთხოვა მათ. თვითონ კი სახლში შებრუნდა.
– ქალბატონო მარიამ, ორი მამაკაცი გკითხულობთ! – წარმოთქვა სამზარეულოში შესვლისას გიგამ.
– მისაღებ ოთახში შეიპატიჟე და მეც ახლავე მოვალ. – იყო პასუხი.
შიგნით შემოსულმა მამაკაცებმა, გაზეთებით მიმობნეულ, დაბალ მაგიდასთან მჯდარ კონსტანტინეს მდაბლად დაუკრეს თავი და გიგას მითითებულ დიდ მაგიდასთან, უკვე მათთვის გამოწეულ სკამებზე ჩამოსხდნენ.
ორ-სამ წუთში მარიამიც გამოჩნდა და უცნობ სტუმრებს მიესალმა.
– გისმენთ! – ჩვეული მკაცრი გამომეტყველებით და მათგან ცოტა მოშორებით ჩამოჯდა.
აშკარა იყო, რომ მამაკაცები ძალიან ნერვიულობდნენ და საუბრის დაწყება უჭირდათ. კონსტანტინე მექანიკურად ათვალიერებდა გაზეთებს და ცალი თვალი და სმენა მათკენ ჰქონდა მიპყრობილი. გიგა წიგნების კარადასთან იდგა, რომლისგან მარჯვნივ ოჯახის უფროსი იყო, პირდაპირ მარიამი, ხოლო მარცხნივ ის ორი ადამიანი იჯდა.
– ქალბატონო მარიამ, – როგორც იქნა, დაიწყო ერთ-ერთმა. – ჩვენ იმ ახალგაზრდა ბიჭის ბიძები ვართ დედის და მამის მხრიდან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, თქვენ იხსენით დახვრეტისაგან.
– ააა… – ამოთქვა მარიამმა ისე, რომ სახის გამომეტყველება არ შეუცვლია. თუმცა, უფრო ინტერესით მიაჩერდა იმ დაუპატიჟებელ სტუმრებს.
– ქალბატონო მარიამ, – განაგრძო მან, ვინც დაიწყო. – როდესაც გავიგეთ, რომ საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად, ჩვენი ბიჭის საქმე თქვენ გადმოგეცათ, ვფიქრობდით, რომ როგორმე შეგხვედროდით. გვირჩიეს, რომ თქვენთან არ მოვსულიყავით და ახლა ვგრძნობთ, რომ ეს რჩევა სწორი იყო. თქვენ გადაარჩინეთ ბავშვი, რომელიც სრულიად შემთხვევით, ბედმა მკვლელად აქცია, რის შესახებაც, მთელმა ჩვენმა საახლობლომ იცის. ასეა თუ ისე, სასამართლომ დახვრეტა გამოუტანა და თქვენ ეს განაჩენი გააუქმეთ. ჩვენ ძალიან დიდი სანათესაო გვყავს. თითოეულმა მათგანმა, თქვენს მიმართ მადლიერების გამოსახატავად გაიღო ის, რაც ებადათ და გააჩნდათ. ხალხმა მოიხსნა ყველა ის სამკაული, რომელიც ზოგიერთისთვის რელიქვიასაც კი წარმოადგენდა. ეს გააკეთეს თქვენი გაუგონარი და უანგარო სიკეთის გამო. ახლა კი, თუ ნებას დამრთავთ, – წამოდგა მამაკაცი, მუხლებზე დადებული დიპლომატი მარიამის წინ მაგიდაზე დადო და გადახსნა. – წარმოგიდგენთ ამ ყველაფერს.
შავი დიპლომატი მთლიანად სავსე იყო ოქროს სხვა და სხვა სამკაულებით, რომელთა უმრავლესობას ძვირფასი თვლები ამშვენებდა. მარიამს მოულოდნელობისგან სახე გაეყინა, მაგრამ წამებში მისმა ღიმილმა გაანეიტრალა უეცრად მიღებული ასეთი გამომეტყველება, რაც გამოწვეული იყო უფრო უხერხულობის მოხსნისთვის. ის ძალიან მყარი ფსიქიკის და მტკიცე ხასიათის ქალბატონი იყო, მაგრამ არა უხეში და მეტადრე, უტაქტო. მისდამი ასეთი პატივისცემით მოსული ორი ადამიანი, არ უნდოდა, ცუდი ფორმით გაესტუმრებინა და სწორედ ამ ფორმას ეძებდა გონებაში. ოდნავ მომღიმარი გამომეტყველება კი არ შეუცვლია, მაგრამ ისიც ეტყობოდა, რომ ამ ფიქრთან ერთად, მექანიკურად მოქმედებდა. ამ მექანიკური მოქმედების შედეგი კი ის იყო, რომ მან თავის წინ დადებული ოქროთი სავსე დიპლომატიდან, ერთი ძალიან ძვირფასი სამკაული ამოიღო და თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა:
– ნეტავ ვინ მოიხსნა ასეთი უძვირფასესი ნივთი იმისათვის, რომ ჩემთვის გამოეგზავნა?
წვალობდა მარიამი, მაგრამ სახეზე ამას არ იმჩნევდა და განაგრძობდა ფიქრს იმაზე, თუ როგორ გაესტუმრებინა სტუმრები ისე, რომ განაწყენებული და მითუმეტეს, შეურაცხყოფილნი არ დარჩენილყვნენ. მისი სახის მიმიკებს პირდაპირ უყურებდა გიგა და ხვდებოდა, რომ მარიამი ძალიან მალე მიიღებდა ამგვარ გადაწყვეტილებას. სტუმრები კმაყოფილები ჩანდნენ და ფიქრობდნენ, რომ მალე კეთილად დაემშვიდობებოდნენ ოჯახს, მაგრამ უეცრად მოხდა ასეთი რამ: ვითომ გაზეთებში თავჩარგულმა კონსტანტინემ შეამჩნია, რომ მის მეუღლეს ძალიან უჭირდა. ამიტომ ფეხზე წამოიმართა, მაგიდასთან მივიდა და მამაკაცებს მიმართა:
– მე კონსტანტინე მქვია და ვარ მარიამის მეუღლე!
სტუმრებმა კეთილად შეჰღიმეს.
– დიახ… – ამოთქვეს თითქმის ორივემ ერთდროულად.
– მინდა გითხრათ, რომ თქვენი ბიჭი მე გადავარჩინე. – განაგრძო კონსტანტინემ.
აქ უკვე სახე შეეცვალათ სტუმრებს და გამოუთქმელი კითხვითი ფორმის იერი მიიღეს.
ამ დროს, მარიამი საკმაოდ სერიოზული გამომეტყველებით შესცქერის მეუღლეს და ძვირფასეულობიდან ამოღებული ის სამკაული, გაშეშებულ ხელებში დარჩენია. კი, მას სურს, რომ მალე დამთავრდეს ეს უჩვეულო მდგომარეობა და სტუმრები კეთილად გააცილოს თავიანთ ძღვენთან ერთად, მაგრამ მის მოსაფიქრებელს რომ მეუღლე გადაეღობა, ამან დააფიქრა. მარიამს თავისი მეუღლის აზროვნებისა და ადამიანობის იმედი კი ჰქონდა, მაგრამ მაინც ეჭვით შეჰყურებდა, რადგან არ იცოდა, რა ფორმით გააკეთებდა მის გასაკეთებელს. კონსტანტინე კი განაგრძობდა:
– მართალია, დასკვნა ჩემმა მეუღლემ დაწერა, მაგრამ იმისათვის, რომ ამ ბიჭის გადარჩენის ინიციატივა მე მეკუთვნის, ეს ძღვენიც, ასევე, ჩემია. – მარიამს გაშეშებული ხელებიდან ოქროს ნაკეთობა ფრთხილად გამოართვა, დიპლომატში ჩადო და დახურა. შემდეგ იღლიაში ამოიდო და უკვე დაბნეულ კაცებს მიმართა. – წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ ეს საჩუქარი მე ავიღო?
მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს და ერთმა ძლივს ამოილუღლუღა:
– ჩვენ ქალბატონ მარიამს მოვართვით და თქვენ კი მისი მეუღლე ბრძანდებით. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი აიღებთ, რადგან თქვენ ხომ ერთი ოჯახი ხართ?!
– მე აღარ გაგიმეორებთ და საბოლოოდ გეკითხებით: ეს რომ მე მეკუთვნის, როგორც ბიჭის გადარჩენის ინიციატორს, ადასტურებთ, თუ არა?
– კი ბატონო, როგორც თქვენ იტყვით, ასე იყოს. – უხერხული ფორმით, მაგრამ მაინც გამართულად ჩაილაპარაკა ერთმა სტუმარმა.
– მაშ, ახლა კარგად მომისმინეთ! – თქვა კონსტანტინემ, დიპლომატი მაგიდაზე დადო და განაგრძო. – ეს ოქრო, რადგან უკვე ჩემია, მე უკან გიბრუნებთ და გთხოვთ, რომ თითოეულ მათგანს, ვინც ეს გამოგვიგზავნა, უკან ჩამოურიგოთ და მადლიერებაც გადასცეთ ჩვენგან. ჩემი მეუღლე, რამდენადაც მკაცრი და სამართლიანია სამსახურში, იმდენად გულმოწყალე და მიმტევებელია ადამიანთა მიმართ. არ ვიცი, რამდენად შეამჩნიეთ მას, თუ როგორ წვალობდა, რომ უხეში ჟესტით არ გაებრუნებინეთ უკან. ამიტომ წამოვეშველე და ნუ მიწყენთ მეც, თუკი განსხვავებულად მოვიქეცი. მინდა გითხრათ, რომ არც მე მაქვს ცუდი სამსახური და ყოველთვის შეგვიძლია ამგვარი საფასურის მიღება. აბა, მიმოატარეთ ჩვენს ღარიბულად გაწყობილ სახლს თვალი. როგორ ფიქრობთ, ჩვენ რომ ამწესებით გვეცხოვრა, ასეთი სურათი დაგხვდებოდათ აქ?!
მარიამმა სიამოვნებისგან თავი დახარა, რომ არ შეტყობოდა მეუღლის მოქმედებიდან გამოწვეული განუზომელი სიხარული.
გიგა თავიდანვე ინტუიციით გრძნობდა, ეს ამბავი როგორ დამთავრდებოდა. ხოლო სტუმრები,გაოგნებულები იყვნენ, რომლებსაც თითქოს შერცხვათ კიდეც, თავიანთი გადაწყვეტილებისა გამო.
ასე დამთავრდა ის არაჩვეულებრივი დღე, რომელიც გიგას მეხსიერებაში, მისი მეგობარი ცოლ-ქმრის მოქმედება, ზეადამიანობის გამოხატულებად დარჩება.
კომენტარები