პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან.
როგორც საქართველოს პირველი არხი იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.
დავით ბაქრაძე:
„დავთანხმდით შეხვედრას მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებით, პრაქტიკულად ხელისუფლებამ დიალოგის კარი დახურა. აქ ვართ და ვეცდებით, მოვძებნოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა გამოსწორდეს ის, რაც გაფუჭდა წინა კვირაში. მოხდეს ნიკა მელიას გამოშვება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და გიორგი რურუას გათავისუფლება. ამ ფონზე გავაგრძელოთ საუბარი პოლიტიკურ საკითხებზე. პირველ რიგში, უნდა აღდგეს ის სტატუს-კვო, რომელიც გვქონდა და რომლის პირობებში საუბარი შესაძლებელი იყო. ეს სტატუს-კვო დაარღვია ნიკა მელიას დაკავებამ“
მამუკა ხაზარაძე:
„ვფიქრობ, ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება და დავიწყოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა“
ირმა ინაშვილი:
„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის პლებისციტი მიუღებლია, ის ისევე გაყალბდება, როგორც არჩევნები გაყალბდა, გამოსავალია ახალი არჩევნების დანიშვნა, მთლიანად საარჩევნო სისტემის, გარემოს შეცვლა“
წყარო – საზოგადოებრივი მაუწყებელი
კომენტარები