ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, სუს–იდან იმდენმა საიდუმლო ინფორმაციამ გაჟონა, ამ ინფორმაციის შემცველ ფაილთა რაოდენობას ვეღარ ითვლიან. სახელმწიფო უსაფრთხოების ექსპერტები და ამ სფეროში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ ეს არის უსაფრთხოების სისტემის სრული კრახი. თქვენ როგორ შეაფასებთ მომხდარს?
– კი, ბატონო, ეს არის კრახი არა მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემისა, ეს კრახია, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით – ინსტიტუციური წესრიგის, კანონის უზენაესობის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სახელმწიფო წესრიგის მიმართულებით. ეს არის სისტემური დანაშული, ძალადობრივი აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთაც დაგიქირავეს იმისთვის, რომ მათი ინტერესები დაგეცვა და ნაცვლად ამისა, ცდილობ, ისინი აკონტროლო და ამ კონტროლის მეშვეობით, მათზე იბატონო. ეს არის მთელი სურათი. ჩვენ გვაქვს სავარაუდო სისტემურ დანაშაულთან საქმე. თავად ხელისუფლებაც აღარ უარყოფს, მაინც და მაინც ან გასაჯაროებული სუს–ის ფაილების ავთენტიკურობას, ხმებიც ისმის ზოგჯერ, რომ მერე რა მოხდა, სუს–ი უნდა გვისმენდეს, აბა, აქ რა არის დანაშაულიო? ასეთ არგუმენტებსაც ვაწყდებით ხელისუფლების მომხრეთა მხრიდან. უმძიმესი სიტუაციაა. საერთოდ, ამ ტიპის სკანდალებთან დაკავშირებით, ერთეულ შემთხვევებთან როდესაც გვაქვს საქმე, ხელისუფლებიდან მიდიან. „უოტერგეიტის სკანდალს“ გაგახსენებთ, რასაც ამერიკის პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის კარიერა შეეწირა, პრეზიდენტი გადადგა და ეს ამბავი სწორედ უკანონო მოსმენებით დაიწყო. ჩვენ შემთხვევაში, ტოტალურ კონტროლთან გვაქვს საქმე. ტოტალური კონტროლი ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც მხოლოდ ძალაზე დაყრდნობით ცდილობენ, რომ მართონ ქვეყანა. აი, ასეთ უბედურებაში ვართ. ხელისუფლება ძალიან ფაფხურობს, ახლა ეძებს ამ სკანდალის გადაფარვის გზებს. ძირითადად საუბრობს იმაზე, თითქოს მთავარი პრობლემა ის არის, ვინ გამოიტანა ეს ფაილები სუს–იდან. ვინ გამოიტანა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეხარისხოვანია. მთავარია, ვინ და რატომ უსმენდა ასე ტოტალურად სასულიერო პირებს, მოქალაქეებს, ჟურნალისტებს… ყველას, ვინც მათი ინტერესის საგანს წარმოადგენდა.
– მთავარი დანაშაული ეგ არის, უკანონო და ტოტალური მოსმენები. რომ არ მოესმინათ, არც ის ფაილები იქნებოდა და ვერც ვერაფერს გამოიტანდნენ სუს–იდან და არც გასაჯაროვდებოდა რაიმე. ამას დიდი ლოგიკა არ სჭირდება.
– რასაკვირველია, ეგრეა. წარმოიდგინეთ, რამხელა უკუღმართობასთან გვაქვს საქმე. ადამიანის მკვლელობის საქმეზე, თუ მკვლელობა უკანონოდ მოპოვებული, მის სახელზე არარეგისტრირებული იარაღით ჩაიდინა პირმა, მკვლელს ორ ბრალდებას უყენებენ – მკვლელობისას და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვისას. ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ მთავარი იარაღის შეძენა–შენახვაა და არა მკვლელობა. ვითომ მკვლელობა არაფერია, მთავარი უკანონოდ შეძენილი და შენახული იარაღიაო. გვეუბნებიან, რომ მთავარი დანაშული ამ ფაილების გამჟღავნებაა და აპელირებენ, რომ ამაში მედიაა დამნაშავე. ადანაშაულებენ, რატომ ასაჯაროებთ ამ კრებსებსო, არ მოგესმინა, არ ჩაგეწერა და ვერც ვერაფერს გამოიტანდა ვინმე და ვერც გაასაჯაროებდა. არ უნდათ ამის გაგება, არ უნდათ აღიარება, რომ ამ სკანდალის თავი და თავი, ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებაა. ალბათ, ეს კითხვაც გექნებათ, თუ ვინ გამოიტანა ეს ფაილები უსაფრთხოების სამსახურიდან და ბარემ, ამაზეც ვიტყვი. ეს ქმედება იყო სისტემის პროტესტი ხელისუფლების მიმართ. გამოიტანეს იმ ადამიანებმა, ვინც უსაფრთხოების სამსახურში სამუშაოდ მიდიოდნენ იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაეცვათ და აღმოჩნდნენ ვითარებაში, როდესაც ხელისუფალი მათ ამ მარაზმს ავალებდა და არა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას. ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ სუს–ში ვინც მუშაობს, ყველა არაკაცი და ყველაფერზე ხელის მომწერია. იქ ბევრი პატრიოტი და წესიერი ადამიანიც არის. ბევრი მართლა მიდიოდა იდეის გამო უსაფრთხოების სამსახურში, რომ თავისი ქვეყანა დაეცვა და ამ დროს მისცეს დავალება, რომ ჩემი და თქვენი სატელეფონო საუბრები ჩაეწერა და მერე, მისი შინაარსი, ზემდგომისთვის წერილობით მოეხსენებინა. სწორედ ამას წინათ გითხრით, სანამ ეს ფაილები გამოვიდოდა გარეთ, რომ სუს-ში ახლა ამ ჩვენს ინტერვიუს იწერენ, მერე გაშიფრავენ და წარუდგენენ ზემდგომს, რაზეც ვილაპარაკეთ და რაც უნდა დაიბეჭდოს ორშაბათს „ალიაში“. ამაშია საქმე და ცხადია, ეს ადამიანები შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს და ამ ფორმით, ამ ფაილების გამოტყორცნის ფორმით, ჩვენ, საზოგადოებას გვეუბნებიან, რომ ფაქტობრივად, ხელისუფლების მძევლებად ვიქეცით და გთხოვთ, გაგვათავისუფლოთო. ჩვენ სუს–ის თანამშრომლებს არ უნდა დავუპირისპირდეთ მომხდარის გამო. პირიქით, ჩვენ ეს ხალხი უნდა გადავარჩინოთ, დავაბრუნოთ, რომ შეასრულონ თავიანთი პროფესიული ვალდებულებები, რომ აღარ მოუწიოთ ამგვარი სიბინძურეების კეთება. ამ ხალხმა უნდა იმუშაოს მომავალში ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად.
– ხელისუფლება, რომელიც საკუთარი უსაფრთხოების სამსახურის აგენტურის ანონიმურობას ვერ დაიცავს, იმას როგორ უნდა ენდო? იმ ხელისუფლებამ ხალხი როგორ უნდა დაიცვას?
– მარტო თავისი აგენტურა კი ვერ დაიცვეს, ღარიბაშვილის ნარატივი რა იყო? ეკლესიის დიდ დამცველად გამოდიოდა და აღმოჩნდა, რომ ფარისეველი ყოფილა. როგორ შეიძლება მორწმუნე ადამიანი მოძღვარს უსმენდე? ასეთი რამ გამორიცხულია. შესაბამისად, ამ ხელისუფლების ფარისევლობა გამოჩნდა. მთელი ეკლესია მოსმენებზე ჰყოლიათ და პატრიარქსაც კი უსმენდნენ. ახლა ეკლესია ხმამაღლა ამაზე არ საუბრობს, მაგრამ ვიცი, რომ სასულიერო პირები ძალიან გაბრაზებულები არიან. იმიტომ კი არ არიან გაბრაზებულები, მათ რომ უსმენდნენ, ეს ისედაც იცოდნენ. რომ ვერ დაიცვეს და მათი საუბრები, ეს ბინძური საცვლები გამოიფინა, ამაზე არიან გაბრაზებულები.
– მარტო ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს არ გვისმენენ. უკვე გასაჯაროებული მასალებით დადასტურდა, რომ სუს–ი უსმენდა ისრაელის საელჩოს თანამშრომლებს, ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში, კარლ ჰარცელს და მის თანამშრომლებს, ასევე, ამერიკის საელჩოს და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სუს–ი სხვა ქვეყნების საელჩოებისა და საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებსაც უსმენდა და ეს მალე გამოაშკარავდება. ეს კი დიდ დიპლომატიურ სკანდალს გამოიწვევს. თუმცა, სასკანდალოდ სრულიად საკმარისია ის მასალები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მოსმენებისა, რაც უკვე გასაჯაროვდა. ერთ დეტალზეც გავამახვილებ ყურადღებას. ევროკავშირის წარმომადგენლის მოსმენა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას უსმენ. კარლ ჰარცელი ევროკავშირის ყველა, ოცდაექვსივე ქვეყნის ინტერესების წარმომადგენელია საქართველოში. ატყდება დიდი საერთაშორისო სკანდალი?
– ამ ყველაფერმა უკვე საერთაშორისო სკანდალის სახე მიიღო. ჯერჯერობით, დიპლომატები, ამ ფაქტებზე ხმამაღლა არ საუბრობენ და არც ხისტ ქმედებებს მიმართავენ. ეს უკვე ამ ხელისუფლებისთვის, საერთაშორისო სასანქციო პოლიტიკის გატარების პირდაპირი საფუძველია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნებამდე დიპლომატიური კორპუსი მკაცრ ზომებს არ მიმართავს, რათა მერე „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს საფუძველი იძახოს, რომ არჩევნების პროცესში ჩაერივნენ კონკრეტული უცხოეთის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, არჩევნების შედეგებზე მათმა განცხადებებმა და ქმედებებმა გავლენა მოახდინაო. საარჩევნო პროცესი რომ არ დაზიანდეს, მასში ჩარევა რომ არ დაბრალდეთ, ამის გამო შეიკავებენ თავს დიპლომატები. არჩევნების შემდეგ დაიწყება დიდი საერთაშორისო შტურმი ხელისუფლებაზე, ამას ვერ გაექცევიან. ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს ეს თემა, თავის გადარჩენას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ყველა ხიდი ჩატეხეს უკვე, ყველგან და ყველასთან მისასვლელი გზა ჩახერგეს. რაც ამათ გააკეთეს, ეს ვენის კონვენციის დარღვევაა. ამ კონვენციის დარღვევა, ამერიკას არ აპატიეს თავის დროზე და ამათ ვინ აპატიებს? არჩევნების შემდეგ მოსთხოვენ პასუხს და ძალიან მკაცრად.
– იმდენად უტიფრები არიან, ამხელა ამბავი მოხდა, უსაფრთხოების სისტემა ჩამოიშალა და ჯერ არავის არ აუღია პასუხისმგებლობა მომხდარზე, ერთი კაცი არ გადამდგარა, მათ შორის, სუს–ის ხელმძღვანელობიდან. ვინ უნდა აგოს პასუხი?
– ეს არის სისტემური დანაშული და სუს–ის უფროსი, გიორგი ლილუაშვილი ამას საკუთარი ნებით არ აკეთებდა. ყველა ინსტიტუტი მონაწილეობდა ამ დანაშაულში. კონკრეტული პირების გადადგომა არ უშველის ამ საქმეს, ეს დანაშაულის ჩაფარცხვის მცდელობა იქნება. შეეცდებიან, არჩევნებამდე მიათრიონ ეს არეული სიტუაცია, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით. მთავარია, საზოგადოებამ ესეც არ აიტანოს, ამასაც არ შეეგუოს და სათანადო პროტესტი გამოხატოს. საზოგადოების აქტიურობამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, ობიექტურად გამოიძიოს ეს საქმე და დამნაშავენი დასაჯოს. თუმცა, იმის დიდი იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლება ასე მოიქცევა. თან, ძალიან საეჭვოა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ დარჩეს. ვფიქრობ, ეს საქმე უკვე სხვა, ახალი ხელისუფლების გამოსაძიებელი გახდება.
კომენტარები