ანი დვალიშვილი, ალია
დედაქალაქის მერობის კანდიდატად „ოცნებამ“, შესაძლოა, ისევ კახი კალაძე წარადგინოს. „შესაძლოა“ იმიტომ, რომ მმართველი გუნდის წევრთა განცხადებების მიუხედავად, კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავსო, შიდა ბრძოლები და დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაშია შესული და კალაძე ან გმირულად დაეცემა „ბრძოლის ველზე“ და პოლიტიკიდან წავა, ან ნაწილობრივ გაიმარჯვებს და მერობის კანდიდატი გახდება. ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საკმარისად გააძლიერა საკუთარი პოზიციები, რაც მთავარია, ძალოვანებიც მიიმხრო და ირაკლი კობახიძესაც „თავში ჩაარტყა“. აბა, გაიხსენეთ, რამდენჯერ გამართა კობახიძემ შტატებიდან დაბრუნების შემდეგ „ოცნების“ პოლიტ-საბჭოს სხდომა? სწორია – არც ერთხელ და სანამ ღარიბაშვილის „მწვანე“ არ იქნება, ვერც გამართავს. ლამის ყოველკვირეულ რეჟიმში ჩანიშნული პოლიტ-საბჭოები ღარიბაშვილს ნერვებს უშლიდა, მითუმეტეს, რომ იქ კობახიძე საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობდა და თავმჯდომარის პოზიციასაც ნამეტნავად იფერებდა. სწორედ ეს არ მოსწონდათ დანარჩენ ლიდერებს და პოლიტ-საბჭოს სხდომებმაც იშვიათი ხასიათი მიიღო.
ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ მიმდინარე თვის ბოლოს, მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს „ოცნება“ ორკვირიან ტრენინგებზე წაიყვანს. ოღონდ, ახლა ასე გადაწყდა – აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების კანდიდატები ტრენინგს ბაკურიანში გაივლიან, დასავლეთ საქართველო – ქუთაისში ან ბათუმში. მიზეზი მარტივია – ადგილებზე კანდიდატთა ვინაობა არავინ უნდა იცოდეს, გასაიდუმლოებული უნდა იყოს, რათა შიდა დაპირისპირება უფრო არ გამწვანდეს და კანდიდატები სასტუმროებში კი არ იცხოვრებენ და ორი კვირით კი არ დაიკარგებიან, არამედ დილით წავლენ, საღამოს დაბრუნდებიან. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ – ასე იყო 2017 წელსაც და მაშინ, 73 კანდიდატიდან, ტრენინგების შემდეგ, მხოლოდ ორი შეცვალეს და იმ ორიდან ერთი… ბერა ივანიშვილის მითითებით.
კომენტარები