შოვში დაკარგული ერთ-ერთი ოჯახის წევრი, მარიტა გუტაშვილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. ქალი უკვე მესამე დღეა სტიქიის ზონაში დაკარგულ 9 ოჯახის წევრს ეძებს.
დაკარგულები არიან და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები. მათი დეიდა და დეიდაშვილები, – შორენა ბიჭაშვილი და მარიამ და კოტე მაისურაძეები. მათი ბიძაშვილი, ნატო ჭელიძე სამი მცირეწლოვანი ბავშვით.
“ირაკლი კობახიძე რომ მოვა მნახოს და ღარიბაშვილი რომ ჩამოფრინდა დატრიალდა და წავიდა, მნახოს, მოვიდეს და მნახოს თორემ მე მაინც მოგაკითხავთ კაბინეტებში, ყველას მოგაკითხავთ. ღარიბაშვილო რომ იყავი ჩამოსული და მეძებდი, მკვლელი არსად იყოს კოტეჯებში და ყველაფერი გადაჩხრიკე, მე ვიყავი ეგ ადამიანი ვისაც ეძებდი არ დაგხვდი და გაგიმართლა. დატრიალდი და წახვედი? არ არის ეგრე, ჩამოდი კალაძე დადექი და ნახე სანსეტი რა მდგომარეობაშია. რა იმედზეა ლაპარაკი, ვითომ იმედს მიტოვებდნენ, ჯერ 11-იო, გუშინ მანახეს ფოტოები, რომლის ამოცნობაც შეუძლებელია ისეთ მდგომარეობაშია ცხედარი. არავინაა, რომ ვინმემ ყურადღება მომაქციოს, კი წითელი ჯვრის წარმომადგენლები არიან, საკვები აქვთ მაგრამ იქნებ ჰიგიენური ნივთები მჭირდება”, – ამბობს მარიტა ბუტაშვილი.
ამ დროისთვის ოფიციალურად არსებული ინფორმაციით, შოვში სტიქიას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე მაშველები 20-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონაში ძებნის პროცესი დილიდან განახლდა, ადგილზე მობილიზებულია 400-მდე მაშველი, პროცესში ჩართულია ორი ვერტმფრენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.
კომენტარები