ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი.
– გადახედე გინდ პარლამენტს, გინდ აღმასრულებელ ხელისუფლებას, სულ „ნაცები“ არ არიან? გააკრიტიკებ და „ნაცს“ გეძახიან. ირაკლი ღარიბაშვილს ერთი კითხვა დაუსვით – 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მის მისცა ხმა, მიშა სააკაშვილს თუ ლევან გაჩეჩილაძეს? ხომ მარტივი ტესტია? რა თქმა უნდა, სააკაშვილს მისცა ხმა, რადგან ბიძინა ივანიშვილი იყო სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის წევრი. მთელმა „ქართუ ბანკმა“ სააკაშვილს მისცა ხმა, რადგან ბიძინა ივანიშვილი მისკენ იყო. შეიძლება, ორმა, სამმა კაცმა არ მისცა ხმა სააკაშვილს და გაჩეჩილაძეს მისცა. ერთი ნამდვილად ვიცი, გიორგი კვირიკაშვილი არ მისცემდა ხმას მიშა სააკაშვილს, რადგან ლევან გაჩეჩილაძის მეგობარია.
– ლევან გაჩეჩილაძე და გიორგი კვირიკაშვილი მეგობრებიც არიან და პოლიტიკური თანამოაზრეებიც იყვნენ. პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ერთად დააფუძნეს და ორივენი პარლამენტის წევრები იყვნენ „ახალი მემარჯვენეების“ ფრაქციიდან.
– კი, ეგრე იყო, ეგეც მნიშვნელოვანი არგუმენტია, მაგრამ მთავარი მაინც მათი მრავალწლიანი მეგობრობაა. ის პოლიტიკური პარტნიორობაც ამ მეგობრობის საფუძველზე წარმოიშვა. მოკლედ, დღეს რომ ლაპარაკობ, ვიღაც ომის დროს სადღაც გაიქცა, ვიღაცამ ადრე რაღაც დააშავა, შენი წილი პასუხისმგებლობაც აიღე და თქვი, რომ მეც მივიღე მონაწილეობა 2008 წელს იმაში, რომ სააკაშვილი მეორე ვადით გამხდარიყო პრეზიდენტიო.
– ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას გაუგონარი ტყუილები ილაპარაკა, ვითომ ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ნატო-ს და ევროკავშირის ქვეყნებს ვუსწრებთ, მათ შორის მართლმსაჯულებისა და სასამართლოს თავისუფლების ინდექსით. რაში სჭირდება ამ სისულელების ლაპარაკი? თავადაც ხომ იცის, რომ ნორმალურს არავის არ სჯერა?
– წამიერი ტაში რომ მოსტაცოს აუდიტორიას, მერე რომ თქვან, რომ რა მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. მარტო ეგ ტყულები არ იყო პრემიერის გამოსვლისას საყურადღებო. რა ლექსიკით ლაპარაკობდა… არ შეიძლება ასეთი ვულგარული ენით ისაუბრო. მე უფრო მეტის თქმაც შემიძლია, მაგრამ ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ენა. მას რომ არ აქვს ბრძოლის გამოცდილება, მთელი ცხოვრება და „ნაცების“ რესპესიების დროსაც რომ იყო ჩირგვში, მესმის, რომ 12 წლის თავზე შეიძლება ვიღასაც გაეჭიმო, ჩათვალო, რომ ეს ძალიან მაგარია. ჩემზე ეფექტი არ მოუხდენია. უბრალოდ რაღაცა ტუტუცი, უზრდელი კაცის შთაბეჭდილება შეიძლება დატოვოს. ეს უზრდელი კაცი, როგორც არ უნდა ვიტრიალოთ, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. არ არის ეს კარგი ამბავი. სხვა ენითაც შეიძლება საუბარი. ქალებთან მებრძოლი პრემიერი გამოვიდა. ყველა ქალს შეეხო, ხომ? რაღაც ეთიკა ხომ არსებობს? პრემიერ-მინისტრი ხარ და ყველა ქალზე რაღაც უზრდელურს ამბობ. ზოგზე გიჟიაო, ზოგზე დამაწყნარებელი მოუტანეთო… ვინ ვინ არის, ჩვენც ვიცით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ვულგარული გამოსვლა იყო. ამდენს რომ ლაპარაკობ, საკუთარ თავსაც მოჰკიხე, 2008 წელს ვის მიეცი ხმა, სად იყავი და რატომ არ იღებდი ხმას, როდესაც „ნაცებმა“ ჯოჯოხეთი დაატრიალეს ქვეყანაში.
– კეზერაშვილზე და ვიღაცებზე რომ ლაპარაკობს, ისინი არიან ოლიგარქები და დასაჭერები არიანო, მე ვიყავი ამ ქვეყნის მთავარი პროკურორი და თქვენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არ დავიჭირეთ?
– აბა, ერთი მოიკითხეთ, სისხლის სამართლის რომელი სასამართლო დავა წააგო კეზერაშვილმა. არც ერთი და ამით მორჩა თემა, რა.
კომენტარები