გიორგი ჯავახაძე, ალია
ცხელი გაზაფხული გველოდებაო, ამბობენ, იტყვით ახლა, რა გააცხელებსო და ფასები, სოციალური სიდუხჭირე, შიმშილი და უფულობა. მთავრობა ჯერჯერობით არც ერთი პრობლემის მოგვარებას არ ცდილობს, მხოლოდ ადგილობრივად “აწებებს”… ძალიან ბევრი პრობლემა “დაწებდა” ადგილობრივად და ღმერთმა არ ქნას, ერთად გაიხსნას, ყაზახეთი მონაგონი იქნება და თუ გგონიათ, საქართველოს მთავრობა არ დაუძახებს “ჯანყის ჩასაქრობად” რუსულ არმიას, ირგვლივ მიმოიხედეთ, რამდენი პრორუსი პარტია აღმოცენდა ერთდროულად ღარიბაშვილის პრემიერობისას. მოკლედ, დევნილების პრობლემა არა და არ მოგვარდა, სოც. აგენტები, როგორც აანონსებენ, გააჩერეს, მაგრამ არც იქ მოგვარებულა პრობლემა, გადასახადები არ იზრდებაო და იზრდება, პანდემიას ღია ვხვდებით და აცრილებს იზოლაციაც არ სჭირდებათო, მაგრამ აგერ ოქროს ბირჟა დაიკეტა, რამდენიმე დღის წინ კლუბები და დღე არ გავა, რამე არ დაიკეტოს. კლინიკებში ადგილები გვაქვსო და თან გადავსებულიაო, ამას დაემატება პროდუქტების ფასების გარდაუვალი ზრდა და თვალსაჩინოდ ჯერ არ ჩანს, მაგრამ პანტა-პუნტად წერენ განცხადებებს თავდაცვის და შსს-ს თანამშრომლები, რადგან აღარ იციან ამ ხელფასით ოჯახები როგორ არჩინონ. რასაკვირველია, ხელისუფლების შეცდომებს ოპოზიცია, უფრო სწორედ, მიშა იყენებს და განაწყენებულ ძალოვნებს პირდება, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე მათი შრომა დაფასდება ღირსეული ანაზღაურებით.
28 იანვარს კიდევ ერთი ძალა აანონსებს აქციას, “მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია”, რომელიც წერს, რომ ეს აქცია სოციალურია და ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერს შეუძლია მისვლა. აქციები ანონსდება მწვანე პასპორტების გაუქმების მოთხოვნით, აქციები ანონსდება საწვავის ფასების გამო და ა.შ. კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, ღარიბაშვილზე გაბრაზებული ტიკარაძე, ამ ამბავს ასე არ დატოვებს და რამდენიმე თემის “აფეთქების” უკან, მალულად ისიც იდგებაო და რამდენად სწორია, რა გითხრათ. პარალელურად, მიშა ციხიდან პირდება ხალხს პენსიის მომატებას, საწვავზე ფასების დაკლებას, ხელფასების გაზრდას და მართალია, არავინ იცის, ამას როგორ მოახერხებს, მაგრამ მეორე მხრივ, ზოგ უწყებას, მათ შორის, მაგალითად, სოციალურ აგენტებს, ხელფასი სააკაშვილის მმართველობის დროს რომ მოემატათ, მას მერე, სანამ აქციები არ გამართეს, თეთრი არ მომატებიათ, ამიტომ, პარადოქსია, მაგრამ ზოგიერთი მართლა ფიქრობს, რომ მიშამ მაშინ თუ მოახერხა ხელფასების გაზრდა, ახლაც მოახერხებს.
ცხელი გაზაფხული გველოდება, თუმცა, მანამდე ცივი ზამთარია გასავლელი – უკვე არაერთი ადამიანი წერს, რომ ბუნებრივი აირი დაბალი წნევით მიეწოდება და ვერც სახლს ათბობს, ვერც წყალს აცხელებს და კერძის გაკეთებაც კი უჭირს, არადა, გადასახადის რიცხვი იზრდება და იზრდება. რა მოდის, აბა, ამ მილში და რატომ ტრიალებს მრიცხველი იგივენაირად და მეტად, თუ ბუნებრივი აირის წნევა დაბალი? რა მოდის იმ მილებში ისეთი, ცეცხლი რომ არ ეკიდება? კარგია ცენტრალური გათბობა და ევრორემონტი, მაგრამ ისეთი დრო დგება “კერასინკა” და ფანჯრებში გამოყოფილი შეშის ფეჩების მილები გახდება სანატრელი, ვატყობთ. უამრავი ადამიანი წერს, რომ ვერ ათბობს სახლს, ვერ აცხელებს წყალს, ვერ ამზადებს კერძს – რადგან დაბალი წნევით მიეწოდება გაზი და… თბილისი ენერჯი დუმს! თითქოს, მე ვიყო პასუხისმგებელი მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების. სამაგიეროდ, ვინც აფეთქდა, ვინც გაიგუდა, ვინ გარდაიცვალა ბუნებრივი აირის გამო, თითქმის ყველა გარდაცვალება თავად გარდაცვლილის ბრალია. ხან დამონტაჟებული იყო არასწორადო, ხან გადაადგილესო, ხან, ვიღაცა კომპანიამ მილი დააზიანა და მაგიტომ აფეთქდაო… ხოდა, მილები, რომლებიც ზიანდება, იცვლება? თუ მათი შეკეთება და “გადაწებება” ხდება?
იცოდით, რომ წლებია, “ქართულ ოცნებას” ახალი ბიზნესი აქვს აწყობილი? – გიამბობთ ახლა რას ვგულისხმობთ. ჯერ იყო და საჯარო სამსახურებში რომ ვერ “დაეტივნენ”, ამ სამსახურებს სიპები და სიპების სიპები დაამატეს, ყველა ნათესავი და ახლობელი აქაც რომ ვერ დაასაქმეს, ახლა საშუამავლო ბიზნესით არჩენენ დანარჩენს.
მაგალითად, უნდა რომელიმე სახელმწიფო უწყებას დაცვა ან დამლაგებელი? აცხადებს ტენდერს, რომელიც უნდა მოიგოს კომპანიამ, რომელიც სახელმწიფო სამსახურს დაცვის თანამშრომლებს და დამლაგებლებს მოუძებნის. რასაკვირველია, თანხის დიდ ნაწილს სახელმწიფო და შუამავალი ფირმები ინაწილებენ და მოქალაქეების ხელფასი ისევ კაპიკებია. მეტიც, “ოცნებამ” გადაწყვიტა, მედიასაც ასე მოექცეს, წლებია უკვე, ქირაობს შუამავალ კომპანიას, რომელსაც ფულს უხდის იმაში, რომ მისი მზა მასალა, გადააგზავნოს რომელიმე, როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებისთვის მისაღებ მედიაში.
ქირაობს შუამავლ ორგანიზაციას, რომელმაც უნდა შეატყობინოს, მასზე ვინ რას დაწერს და იტყვის მედიაში და დამატებით ჰყავს ასევე პიარის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც.
ასევე, მაგალითად, რკინიგზა რომ ავიღოთ, სახელმწიფო აუდიტის ბოლო დასკვნის მიხედვით, რამდენიმე სამშენებლო ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელსაც სამშენებლო გამოცდილება არც კი ჰქონდა, თუმცა აცხადებდა, რომ მე მოძებნილი მყავს კომპანია, რომელიც ჩემი ქვეკონტრაქტორია და ის წაუძღვება მშენებლობასო. ხოდა, ტენდერები რამდენიმე სხვადასხვა კომპანიამ მოიგო, თუმცა, ქვეკონტრაქტორი ერთი და იგივე კომპანია ჰყავდათ. ანუ, რეალურად საქმეს აკეთებს ერთი კომპანია, რკინიგზისთვისაც ცნობილია ეს კომპანია, მაგრამ ტენდერს იგებს სხვა კომპანია და იღებს წილს, საშუამავლოს… აბა, როგორ ვერ მოიფიქრა იმ სამშენებლო კომპანიამ მონაწილეობის მიღება ტენდერში?
ტენდერი “ქართული ოცნების” მოგონილი არაა, მაგრამ ამდენი შავი ხვრელი ტენდერში და ამდენი შუამავალი და მისი შუამავალი, ნამდვილად მათი მოგონილია. რა გითხრათ, ასე მუშაობს ყველა უწყება ყველა მიმართულებით და ვარჩენთ მუქთახორებს, მუქთახორების ნათესავებს და ახლობლებს, რომელთა მთავარი “დამსახურება”, როგორც ჩანს, ისაა, რომ “საჭირო ადამიანებს” იცნობენ. ტენდერების თემას, მოგვიანებით, ისევ დავუბრუნდებით და უფრო წვრილად რომ მოგახსენებთ, მერე თავად გაგიკვირდებათ, საერთოდ როგორ ვარსებობთ, საერთოდ როგორ ვდგავართ ფეხზე ამდენი ბიუჯეტმჭამელის ხელში?
კომენტარები