რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსითქართველი მომღერლებიც დაინფიცირდნენ.
ისინი რესტორან “ვინოტელის” თანამშრომლები არიან და საზოგადოება მათ ტრიო “კელაპტარის” სახელით იცნობს.
ტრიოს ორი წევრი ანა ბაჯიაშვილი და ლია ხუნწარია ახლა მკურნალობენ, ხოლო მათი ჯგუფის მესამე წევრი, რომელიც ლია ხუნწარიას ვაჟია, თვითიზოლაციაშია და საბედნიეროდ კორონავირუსის სიმპტომები ჯერ არ გამოვლენილა.
“პრაიმტაიმი” მომღერალს დაუკავშირდა, რომელიც მერვე საავადმყოფოში მკურნალობს. ვინაობის დასახელების სურვილი თავად გამოთქვა.
– ქალბატონო ლია, პირველ რიგში გკითხავთ, როგორია ახლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– ორი კვირაა კლინიკაში ვწევარ და 2-3 დღეა დამეწყო გაუმჯობესება. ეს ყველაფერი ექიმების და კლინიკის პერსონალის დამსახურებაა.
ღმერთმა არ დაგაჭირვოთ საავადმყოფო, მაგრამ ასეთი ყურადღება იშვიათია.
ოთახში ყველა შემოსვლა სიხარულის მომტანია, მამხნევებენ, ვერც გადმოვცემ ისეთი მადლობელი ვარ. თავადაც ამხელა საფრთხეში იგდებენ თავს, თუმცა ამას მათგან ვერ იგრძნობთ.
– თქვენ 40-ის სუფრაზე იყავით მიწვეული?
– არანაირ სუფრაზე არ ვყოფილვართ. ჩვენ ვმუშაობთ იმ რესტორანში, ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო 9-დან 10 საათამდე. არ არის გამორიცხული სულ სხვა გარემოში დავინფიცირდით და ეს მეორე შემთხვევას დაემთხვა. მოშორებით ვიჯექით და ვმუშაობდით. შეხება არავისთან არ გვქონია.
– როგორია ტრიოს დანარჩენი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– ერთ-ერთი ჩემთან ერთად მკურნალობს. მესამე წევრი კი ჩემი შვილია, კარანტინში იყო და ღვთის წყალობით, ჯერჯერობით არანაირი ნიშნები არ გამოვლენილა. ჩემს მეუღლესაც არანაირი ნიშნები არ გამოუვლინდა. კარგად არიან.
– რა ჩივილებით დაგეწყოთ?
– დამეწყო 19 რიცხვში შემცივნებით, სიცხით… მეორე თუ მესამე დღეს მითხრეს თანამშრომლებმა იქნებ სასწრაფო გამოიძახოო, მაგრამ რატომღაც ისიც მითხრეს, არავინ მოვაო. მეოთხე დღეს წავედი ოჯახის ექიმთან, მაგრამ სიცხე აღარ მქონდა. ფილტვებშიც არაფერი მქონდა. როცა სახლში დავბრუნდი, მომცა მაღალი სიცხე, გამოვიძახე სასწრაფო, გამიკეთეს გამოკვლევა და კორონავირუსი დამიდასტურდა.
– რომელ დღეს გრძნობდით თავს განსაკუთრებით მძიმედ?
– ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ჩემი თანამშრომელს მსუბუქად გადააქვს, მე უფრო მძიმედ ვიყავი. ცოტა გამიჭირდა მე, არ ვიცი დაგვიანების ბრალია თუ ასაკის. კარგად გაციებული როგორც გრძნობს თავს ისე ვიყავი. ღმერთმა ყველა დაგიფაროთ, მადლობა უნიჭიერეს, თავდადებულ ექიმებს. მე მათთვის ვლოცულობ. ხალხს ვურჩევ ფრთხილად იყვნენ, ატარონ პირბადე და არავის ჩაეხუტონ.
პრაიმტაიმი
კომენტარები