მწერალი, ჟურნალისტი, დინა მირცხულავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ყელში ამოსული დღეები რომ დამიდგება ხოლმე, ადამიანობისა და თანაგრძნობის ყველა სიმს ვწყვეტ.
თვეების მანძილზე, ყოველ საღამოს გავდიოდი და თონის პურს ვყიდულობდი…
პურის სუნი მიყვარს და იმ გაუსაძლისი დღეების დროსაც არ მაბეზრებს თავს ის სუნი.
ძაღლი მყავდა შეჩვეული.
პურს ვუტეხავდი და ბორდიურზე ვუტოვებდი.
მახომ მითხრა ერთხელ – დაუქუცმაცე, დაბერდა ეგ ჩემისა და ვეღარ ღეჭავს.
იმის მერე ყოველთვის ლუკმებად ვუტეხავდი, თავზე ვუსვამდი ხელს და მის მადლიერ თვალებს ვიმახსოვრებდი.
წინა თათებით დაიჭერდა პურის ნატეხს და კიდევ უფრო პატარა ლუკმას მოატეხავდა.
ჰოდა, იმ ყელში ამოსული დღეების ერთ ღამეს, პურის სუნს რომ მაინც ვერ ვუღალატე, ქურთუკი მოვიცვი და კიბეებზე დავეშვი.
უბანში ძაღლიც ამეკიდა.
თონესთან მომყვა, უკანა ორ თათზე დაჯდა, დორბლიანი ენა გადმოაგდო და მომაჩერდა.
პური ვიყიდე და შემოვტრიალდი :
– არ მინდა და არ გაჭმევ – მეთქი – ძაღლს ვუთხარი.
კი, ზუსტად ასე…
მინდოდა ვიღაცას ჩემსავით სტკენოდა, სულ ერთია ვის, ოღონდ მოძრავ, ცოცხალ არსებას.
– გამოყოლა არც გაბედო ! – კიდევ გავუმეორე.
ენა დამალა.
ასფალტზე გაწვა და წინა ორ თათზე დადო თავი.
წელში გავიმართე.
– ეგრე, აი ეგრე, ყელში ამოსული დღეები მაქვს და ზუსტად ეგრე მოუხდება, ჩამომიდგა იმასავით რა ! – მიხაროდა მე უბადრუკს, რომ სამყარო მარტო მე კი არ მექცეოდა ცუდად, არამედ ამასაც.
ჰო, ვიცი უდანაშაულოს, მაგრამ არც მე ვიყავი დამნაშავე, რომ ყელში ამოსული დღეები მარტოს გადამეტანა.
უცებ რაღაცას წამოვედე, თავი ვერ შევიკავე და ასფალტზე ხელისგულებით გავხოხდი.
თვალი რომ გავახილე, ფრჩხილებიდან სისხლი მდიოდა.
ძაღლი კი თავთან მედგა და თითებს მილოკავდა.
მთბილოდა.
ტკივილს ვერ ვგრძნობდი.
მისი ცხელი ენა დამიდიოდა ძარღვებში.
მტკივანი ხელით პური მოვუტეხე, წვალებით დავუტეხე ლუკმებად.
პირი არ დააკარა, ორ თათზე დაჯდა და თვალი თვალში გამიყარა.
შემრცხვა.
ბორდიულზე ჩამოვჯექი, ხელები გადავიჯვარედინე, იღლიაში ამოვიდე და ავჩურჩულდი :
ღმერთო, ეს თავპირის დალეწვა რაღა იყო ჰა ?! სხვანაირად ვერ მეტყოდი, რომ ცხოველი ვარ ?!
კომენტარები