„ალიას“ ექსპერტი, გია ხუხაშვილი ესაუბრება:
– მსოფლიო ბანკმა 45 მილიონი ევრო გამოგვიყო, მეტს არ გვაძლევენ, ამერიკამ კი ჩვენი ჯანდაცვისთვის მხოლოდ 1 მილიონ 100 ათასი დოლარი მოგვცა. ყველა მაგრად უჭერს ფულს.
– კი, ეს სიმბოლური თანხებია, რა თქმა უნდა. ეს სურათს ვერ ცვლის. ამით გვაჩვენებენ, რომ ვახსოვართ და გასაჭირში გვერდში გვიდგანან. ეს კარგია, მაგრამ ამგვარი მცირედი დახმარებებით, ამ მძიმე ვითარებიდან ვერ ამოვალთ. 6 მილიარდიც შეიძლება ვთქვათ და 10 მილიარდიც, მაგრამ არ გვაქვს ეს ფული და არც არავინ მოგვცემს. არასტანდარტული მოქმედებებია ახლა საჭირო. ამ კრიზისის მერე, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა უნდა გახდეს, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება. ვგულისხმობ, თვითკმარ ეკონომიკას. იზოლაციაში რომ მოექცე, გაუთვალისწინებელ მიზეზთა გამო და ეს პერიოდი თავი თავად გაიტანო. თვითკმარი ეკონომიკური სისტემა უნდა მუშაობდეს ქვეყანაში. პირველ რიგში, ეს არის სასურსათო უსაფრთხოება. ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ აგრარული სექტორი. ვგულისხმობ, ლოჯისტიკურ სისტემებსა და და გადამამუშავებელ კვების მრეწველობას. ეს უნდა ავამუშაოთ, რასაც მოვიხმართ იზოლაციის პირობებში, ის უნდა ავამუშაოთ. ერთ–ერთი მიზეზი ლარის გაქცევისა, ამის არქონაა. ვალუტის კურსი დგინდება სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა–მიწოდების მიხედვით. მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე არის, მაგრამ მოწოდება ძალიან შემცირდა. აღარც უცხოეთიდან გადმორიცხვები აღარ არის, რადგან უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, ტურიზმიდან არ არის სავალუტო შემოსავალი, არც მომსახურების სფეროდან. ექსპორტი ჩვენ არ გვაქვს, რომ უცხოეთში გავყიდოთ რაღაც და დოლარი თუ ევრო შემოვიტანოთ. ამ დროს, ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი იმპორტზეა დამოკიდებული, იმპორტს კი უცხოური ვალუტა სჭირდება, უცხოეთში უნდა იყიდოს უცხოური ვალუტით პროდუქცია, აქ გაყიდოს ლარზე, მერე შეიძინოს უცხოური ვალუტა, რომ კვლავ შეიძინოს უცხოეთში პროდუქცია. მოკლედ, შეიქმნა უცხოური ვალუტის დეფიციტი და ლარი გაიქცა, ამის დასაკომპენსირებელი საშუალება ჩვენ არ გვაქვს. კვების მრეწველობის საკუთარი ინდუსტრია რომ გვქონდეს, რომელიც ადგილობრივ ბაზარს დააკმაყოფილებდა, ეს იქნებოდა „შემარბილებელი ბალიში“, შემცირდებოდა იმპორტი და ასე არ გაიქცეოდა ლარი, რადგან მოთხოვნაც არ იქნებოდა უცხოურ ვალუტაზე ასეთი დიდი. ამ ახალ რეალობაში ჩვენი სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის – თვითკმარი ეკონომიკის შექმნა. ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული რესურსი, მას ძალიან დიდი ინვესტიციები არ სჭირდება. საჭიროა სწორი გეგმა და 3–5 წლის განმავლობაში ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია.
– სოფლის მეურნეობის წამოწევა აუცილებელი იქნება, ამის გასაკეთებლად. თუ კვების გადამამუშავებელი მრეწველობა გვექნება, რა უნდა გადავამუშაოთ, თუ თავად არ ვაწარმოეთ საკვები ნედლეული?
– კი, სოფლის მეურნეობა უნდა წამოვწიოთ და ადგილობრივი პროდუქციაც უნდა დავიცვათ იმ ნაგვისგან, რაც შემოდის უცხოეთიდან. ლოჯისტიკური ცენტრები უნდა შეიქმნას საამისოდ. აქ გენმოდიფიცირებულ, უგემოვნო სუბსტანციებს მოვიხმართ და კახეთში ხან ატამი ულპებათ, ხან სხვა ხილი, ქვემო ქართლში კარტოფილი უფუჭდებათ, რადგან ვერ ყიდიან. როდესაც ამ თემებზე ვლაპარაკობ, ბევრი ამბობს, რომ უცხოური აგრარული პროდუქცია იაფია, მისი შემოტანა თუ შემცირდა, ადგილობრივი პროდუქცია გაძვირდება და ა.შ. დიდი ბოდიში, მაგრამ ჯერ ერთი, ადგილობრივი პროდუქციის ლოჯისტიკა უფრო იოლია, ვიდრე იმპორტირებულისა. მეორე ის გახლავთ, რომ ჩვენ ამ სეზონზე რომ გვქონოდა შემონახული ადგილობრივი პროდუქცია, ლარი არ გაიქცეოდა ასე, ლარით მოყვანილი პროდუქცია ლარში გაიყიდებოდა. მინიმუმ, 25%–ით გაიზარდა ხომ ახლა ფასი პროდუქტზე? ეს 25% სწორედ ლარის გაუფასურების შედეგია. ამის გაკეთებას სჭირდება სისტემური ხედვა, პოლიტიკური ნება, საკანონმდებლო ცვლილებები, ადმინისტრირება, მკაცრი კონტროლი საზღვრიდან დაწყებული და ჩვენ შეგვიძლია, ეს ამოცანა გადავჭრათ. ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეს უკანასკნელი კრიზისია. წინ, სავარაუდოდ, უარესი კრიზისები გველის. სამყარო იცვლება. აბსოლუტურად გასაგები გახდა, რომ ფინანსური ცენტრებსა და ინდუსტრიულ ცენტრებს შორის ბალანსი დაირღვა ფინანსური ცენტრების სასარგებლოდ. ახლა, ამ კრიზისის დროს აღმოჩნდა, რომ ფული არაფერია. ინდუსტრია ყოფილა გადამწყვეტი. ფულის მეტი რა აქვს ევროპას ან, ამერიკას, მაგრამ ვერ გადაჭრეს კორონავირუსის გამო გამოწვეული ბევრი პრობლემა. ვინ ეხმარება ევროპის ქვეყნებს? ჩინეთი და სამხრეთ კორეა. ამერიკა ვერ ეხმარება, საკუთარი თავი უჭირს, თუმცა, ფული აქვს. სასუნთქ აპარატს ფული ვერ ჩაანაცვლებს. მსოფლიო ეკონომიკა შეიცვლება და დომინანტი გახდება ინდუსტრია.
– ბატონო გია, ჯერჯერობით, ხელისუფლების ქმედებები, გარკვეული, ზომიერი სიმშვიდის საფუძველს იძლევა. თუმცა, შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები, კაცმა არ იცის. ჯერ ისედაც უამრავი სოციალურად დაუცველი იყო ქვეყანაში და მათი მიზერული ყოველთვიური შემწეობა გაუფასურდა და კაპიკებად იქცა. ამას დაამატეთ უმუშევართა არმია, რომელიც დღეს სახლებშია გამოკეტილი. ხელისუფლებამ თუ არ მიიღო შესაბამისი ზომები, ელემენტარულად, ეს ხალხი თუ არ გამოკვება, ამ ხალხს შიმშილი ელის. არადა, სოციალური პაკეტების გაცემად ხელისუფლება აყოვნებს. დამშეული ხალხი პურის ფულის საშოვნელად თუ გარეთ გამოვიდა, ის მოიპარავს, იყაჩაღებს, გაძარცვავს ვინმეს… სხვა გზა არც აქვს, რადგან ფულის შოვნის ლეგალური გზები გადაკეტილი, აკრძალული აქვს. სამათხოვროდაც ვერ დაჯდება კაცი, რომ პურის ფული იშოვნოს, ხალხი არ დადის ქუჩებში. ცხადია, ეს კრიმინალს გაზრდის. რამაც, შესაძლოა, უმართავი პროცესები გამოიწვიოს. რამდენად რეალურია ეს საფრთხე?
– ხელისუფლებას ბევრი პრობლემა აქვს, ვირუსთან ბრძოლაზეა ორიენტირებული, მაგრამ გეთანხმებით, მოკლევადიან სოციალურ და გრძელვადიან ეკონომიკურ რისკებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას უკვე უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმები გაწერილი. უნდა გვესმოდეს ერთი რამ. სიკვდილის შიში ადამიანს ლოიალურს ხდის. დღეს ვხედავთ, რომ ასეა, საზოგადოება ხელისუფლების მიმართ ლოიალურია. თუმცა, შიმშილი ადამიანში აგრესიასაც იწვევს. ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ დღეს თუ ვინმეს აქებენ, ხვალ მშიერი ხალხი მას არ აგინებს. რაც კეთდება ამ კუთხით, საკმარისი არ არის, სერიოზული სოციალური პაკეტები უნდა მისცენ ამ ხალხს. მე ვერ ვიტყვი, როგორ განვითარდება მოვლენები, ვერ გავაკეთებ პროგნოზს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ.
ხელისუფლებას უკვე უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი ეკონომიკური სტიმულირების გეგმა შემუშავებული. მცირე და საშუალო ბიზნესი, მუშაობენ საბანკო კრედიტებზე. ამ კრედიტებზე ე. წ. მრიცხველები ხომ მუშაობ? კი, გადაუვადეს 3 თვით ბანკის კრედიტები, 3–4თვით გარკვეული საბიუჯეტო გადასახადები, მაგრამ 3 თვე რომ გავა, ის კრედიტი ხომ ისევ გადასახდელი ექნება? საბიუჯეტო გადასახადები ხომ გადასახდელი ექნება? ასეა. 3 თვის თავზე რომ არ ამუშავდნენ ეს ბიზნესები, რა ქნან მერე? ვერ გადაიხდიან ვერც ბანკის კრედიტებს, ვერც საბიუჯეტო ვალდებულებებს დაფარავენ და ორივე შემთხვევაში, ჯარიმა–საურავები დაეკისრებათ. მერე ბევრად მეტი ექნებათ გადასახდელი, ვიდრე ჰქონდათ. გამოდის, რომ გაკოტრდებიან, ხალხი კი უმუშევარი დარჩება არა დროებით, არამედ გაურკვეველი ვადით. ამიტომ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ბიზნესები შეინარჩუნოს. მე ვთავაზობ 3 პუნქტიან გეგმას. 1. ხელისუფლებამ და ბანკებმა ერთობლივად, სოლიდარულად უნდა გამოაცხადონ საკრედიტო არდადეგები მცირე და საშუალო ბიზნესს, ბანკებმა პროცენტები არ გადაახდევინონ მანამდე, ვიდრე ეს ბიზნესები არ ამუშავდება. რა ნაწილს გადაიხდის ამ პროცენტებისას ხელისუფლება და რა ნაწილზე იტყვიან უარს ბანკები, ეს ერთმანეთში მოილაპარაკონ. 2. მცირე და საშულო ბიზნეს რაც აქვთ მიმდინარე გადასახადები და მათზე დარიცხული ჯარიმა–საურავები უნდა ჩამოეწეროთ უპირობოდ. რაც შეეხება ძირითად თანხებს, საგადასახადო ვალდებულებებს ბიუჯეტთან მიმართებაში, უნდა მოხდეს ამ გადასახადების რესტრუქტურიზაცია, რომ არ დაახრჩოს ეს ხალხი და მუშაობა შეძლონ. 3. ამ გაჩერებულმა ბიზნესმა სრულფასოვანი მუშაობა რომ დაიწყონ, მათ დასჭირდებათ „იაფი ფული“, უპროცენტო ფული და ეს ფული უნდა მისცენ…. ოღონდ უნდა მისცენ დათქმით. თუ ამ „იაფ ფულს“ მისცემენ, უნდა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ჩვენ წეღან მოკლევადიან სოციალურ დახმარებებზე ვსაუბრობდით იმ ხალხისთვის, ვინც დროებით უმუშევარი დარჩა. ეს ხალხი უნდა დაბრუნდეს სამსახურებში და რომ დაბრუნდეს, ეს 3 პუნქტი უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანებიც გახდებიან სოციალურად დაუცველები და ხელისუფლებას მოუწევს მათთვის შესაბამისი შემწეობის გადახდა. გამოვა, რომ ეს ადამიანები გრძელვადიან ტვირთად დააწვება ხელისუფლებას და ბევრად მეტი თანხის გადახდა მოუწევს საბოლოო ჯამში, ვიდრე ამ გეგმის შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, ამის გაკეთება ხელისუფლების ინტერესებშიც შედის.
„ალია“, ლევან ჯავახიშვილი
კომენტარები