2021 წლის 19 დეკემბერს გიგი კალანდაძე გერმანიაში დააკავეს… „ალიაში“ უამრავი მამხილებელი სტატია თუ ინტერვიუ გამოგვიქვეყნებია. ერთ-ერთიდან ამონარიდს ახლა წაიკითხავთ:
„ალია“, 2014 წელი, ავტორი ლევან ჯავახიშვილი
არასოდეს ვიტყვი, რომ 2008 წელს, საქართველომ რუსეთთან ომი დაიწყო, რადგან ომის წინა პერიოდის მოვლენებში საკმაოდ ღრმად ვარ ჩახედული და კარგად ვიცი, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ყველაფერს თავი დავანებოთ, რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ქართული ჯარი საქართველოს საზღვრებს არ გასცილებია. თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, რუსეთთან ის ომი სამარცხვინოდ წააგო, მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ისე იქცეოდა, როგორც კურდღელი, მხდალი და შეშინებულო ადამიანი, რომელსაც მთავარსარდლისა და პრეზიდენტის, იმ დღეებში არაფერი ეცხო. ეს სამარცხვინო არსება გორში მიწაზე დახოხავდა და იმ მიწას ცხვირით თხრიდა. საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა ომში სამოქმედო გეგმა და სწორედ ამას შეეწირა ასეულობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. კი, ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მიერ დაგებულ პროვოკაციას წამოეგო, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, ომის წინა პერიოდში და ომის მსვლელობის დროს, ყველა იმ ნაღმს დააბიჯეს ფეხი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა დაუდეს, ერთსაც კი ვერ გადაახტნენ ეს საცოდავები. ნორმალური ხელისუფლება იმ ომს ან თავიდან აიცილებდა, ანდა დროის მოგებას მაინც შეძლებდა. არ დაგავიწყდეს, რუსეთთან ომი და პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ერთ დღეს “გაიხსნა“ – 8 აგვისტოს, ყველა უცხოელი ლიდერი იმ დროს შვებულებაში იმყოფებოდა და პეკინში ილხენდა. ეგენი როცა გამოფხიზლდნენ, ბოლოს და ბოლოს, როცა მიხვდნენ, რომ რუსეთის ჯარი საქართველოში ნამდვილად შემოიჭრა, უკვე ძალიან გვიანი იყო – ის ჯარი ეგერ, იგოეთთან იდგა და დანარჩენი რუსი სამხედროები სამეგრელოს რეგიონს აპარტახებდნენ. ნორმალური ხელისუფლება ყველაფერს იღონებდა, რომ დრო მოეგო, ოლიმპიადის დასრულებამდე სამხედრო მოქმედებები თავიდან აეცილებინა, მაგრამ ეს ვერ გააკეთეს. როცა ამის დრო და შანსი იყო, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია, სააკაშვილის სხვა ჩინოვნიკები და “ნაციონალთა“ ექსპერტები გვარწმუნებდნენ, საქართველოს უძლეველი არმია ჰყავს და ჩვენს ჯარს რუსული ჟანგიანი ტანკები ვერაფერს დააკლებენო. მოკლედ, რუსეთს აქეზებდნენ. აი, როცა დარწმუნდნენ, რომ ჟანგიანის გარდა რუსეთს ახალი ტანკებიც ჰყავდა და ქართული ჯარის გასამკლავებლად, რუსეთს მხოლოდ ერთი არმია ეყოფოდა, მერე უკვე დრო აღარ იყო საიმისოდ, რომ კარს მომდგარი ომი შეეჩერებინათ.
ვინმეს გაუკვირდა, რომ ეს ომი სამარცხვინოდ წავაგეთ? ალბათ, მხოლოდ გონებაშეზღუდულებს. უარესი რატომ არ დაგვემართა, ეს ვიკითხოთ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობას თავი დავანებოთ, რა დამთხვეული და ნაგიჟარია, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება, მაგრამ სხვები? თავდაცვის მინისტრად დავით კეზერაშვილი გვეჯდა, რომელიც მანამდე ფინანსური პოლიციის უფროსი იყო და თავდაცვისა და თავდასხმისა არაფერი გაეგებოდა. გენერალური შტაბის უფროსი სასაზღვრო ჯარების ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა იყო, რომელიც ბრიგადასა და ბატალიონს ძლივს არჩევდა ერთმანეთისგან. საგარეო საქმეთა მინისტრად 31 წლის ეკა ტყეშელაშვილი ზედ ომის წინ, მაისში დანიშნეს და დიპლომატიის გაგებაში არ იყო, დიპლომატიის ელემენტარულ ეტიკეტებსა და უნარ-ჩვევებს მაშინ სწავლობდა, როცა ქვეყნისთვის ომის თავიდან ასაცილებლად უნდა ემუშავა საერთაშორისო ასპარეზზე, უშიშროების საბჭოს განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია განაგებდა და ესეც ქვეყნის საგარეო საფრთხეებში ომის დღეებში ერკვეოდა ნელ-ნელა. როცა გაერკვა, ომი უკვე წაგებული გვქონდა. მანამდე ეს სად უნდა ესწავლა? განათლების სამინისტროში? ქვეყნის მთავარ სპეცსამსახურს, კუდ-ს დათა ახალაია განაგებდა, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო, ოფიციალურად მოხსნილი იყო ამ პოსტიდან, მაგრამ რეალურად, ის იყო კუდ-ის უფროსი. გსმენიათ სადმე, მთავარ სპეცსამსახურს იურიდიულად არაუფლებამოსილი პირი განაგებდეს, რომელიც ამ სპეცსამსახურის შტატშიც კი არ ირიცხება? არა, ამას სხვაგან ვერსად ნახავთ, ეს მხოლოდ საქართველოში და მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას შეიძლებოდა მომხდარიყო. ამ ამბავს ერთხანს ვერც უცხოელები იჯერებდნენ და დღემდე ანეკდოტად ჰყვებიან მართლაც სკანდალურ და აბსურდულ ისტორიას. აი, ამიტომ წავაგეთ ეს ომი სამარცხვინოდ, ამიტომაც დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები მაშინ, როცა ბევრი მათგანის გადარჩენა შეიძლებოდა.
რეალური გმირების ნაცვლად მიხეილ სააკაშვილმა ყალბი, ვითომგმირები შეაჩეჩა ხალხს და ბევრმა დაიჯერა, რომ მათი შიშით, რუსები ცხინვალიდან ისე გარბოდნენ, ერთმანეთს თავზე ახტებონდნენ. მე-4 ბრიგადამ ამ ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი განიცადა, მაგრამ მისი მეთაური, გიგი კალანდაძე მაინც გმირად იქცა. უფროსი ლეიტენანტი იყო, ამ ბრიგადის მეთაურად რომ დაინიშნა, მაგრამ წაგებული ომის შემდეგ, ბრიგადის გენერალი გახდა, ბრწყინვალების ორდენიც მისცეს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენიც. გიგი კალანდაძე ომში დაიჭრა, ლომივით იბრძოდაო, – გვიმტკიცებდა სააკაშვილი. არადა, არსებობენ ადამიანები, მათ შორის მე-4 ბრიგადის ყოფილი ოფიცრები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კალანდაძეს ნაღმის ნამსხვრევი კი არ მოხვდა ბრძოლის დროს, არამედ იარაღი გაუვარდა და ისე დაიჭრა. ზოგი იმასაც ამბობს, რომ კალანდაძემ საკუთარი მძღოლი აიძულა, მისთვის ფეხში ესროლა, დაეჭრა და ამით ბრძოლისთვის თავი აერიდებინაო. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას კალანდაძის საეჭვო ვითარებაში დაჭრის ამბავი გამოეძიებინა, გაერკვია, რატომ განიცადა მისმა ბრიგადამ ცოცხალი ძალის ყველაზე დიდი დანაკლისი, ადგნენ და რაც ამ ქვეყნად მედალი და ორდენი იყო, ყველაფერი გულზე დაჰკიდეს. ამბობენ, რომ გიგი კალანდაძეს ეს ჩინ-მედლები საომარი დამსახურებისთვის არ მიუღია. სააკაშვილის მონურად ერთგული რომ იყო, ეს ხომ უდავოა, მაგრამ მან ომის ბევრი პოლიტიკოსის დანაშაული საკუთარი თვალით ნახა, საბრძოლო მოქმედებების დროს, პირადად ასრულებდა გენერალი პოლიტიკოსების ბრძანებებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და სწორედ ამ ბრძანებების შესრულებას მოჰყვა უამრავი მსხვერპლი მე-4 ბრიგადაში. კალანდაძე, ასევე, რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნისა და ბაჩო ახალაიას დანაშაულებრივი საქმიანობის მომსწრე გამხდარა და დუმილის საფასურად მიაყარეს ეს ამდენი ორდენ-მედალიო. ჰო, საკუთარი ხელისუფლების მიმწუხრს, სააკაშვილმა კალანდაძე გენშტაბის უფროსადაც კი დანიშნა…
კომენტარები