ნეიროქირურგია მედიცინის გამორჩეულად რთული მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, დაკვირვებას და სკრუპულოზურ მუშაობას მოითხოვს. დღეს საქართევლოში ამ მიმართულების ერთ-ერთ გამორჩეულ და ღირსეულ პროფესიონალს ბატონ გიორგი გეგიას გაგაცნობთ, რომლის სახელიც ბევრი თქვენგანისთვის უცხო არ იქნება. რა ნეიროქირურგიული პრობლემები ჭარბობს ჩვენს რეალობაში, რა არის მათი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის რა თანამედროვე სტანდარტები არსებობს, ამ კითხვებზე საპასუხოდ რთული და დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს ბატონმა გიორგიმ ცოტა დრო ჩვენი მკითხველისთვისაც გამონახა.
– ბატონო გიორგი, ცნობილი ფაქტია რომ რამდენიმე წლის წინ თქვენ გადაარჩინეთ ერთ–ერთი მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელი, რომელიც სერიოზული პრობლემით მოხვდა თქვენთან, რასთან გქონდათ საქმე და რა ტიპის ჩარევა გახდა საჭირო?
– სამწუხაროდ ამ ბავშვს თავის დროზე ვერ აღმოუჩნდა ადეკვატური მკურნალობა და შორსწასული ჰიდროცეფალიის გამო თავმა არანორმალურ ზომებს მიაღწია, გარდა იმისა, რომ იყო დეკომპენსირებული ჰიდროცეფალია, თავი უკვე გაძვალებული იყო და დღის წესრიგში დადგა თავის ქალას დაპატარავების ოპერაციის აუცილებლობა, რის გამოც გაკეთდა ოპერაცია, თავის ქალას რემოდელირება, ფაქტობრივად დაიშალა თავის ქალას ძვლები და თავიდან აეწყო უფრო პატარა ზომის თავის ქალა, რომელშიც თავის ტვინი უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს. საბედნიეროდ, ნევროლოგიურად პოსტოპერაციული გართულება არ გამოვლენილა და ბავშვის ზოგადი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
– სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ძალიან ბევრი ახალშობილი ჩნდება ჰიდროცეფალიით, რა იწვევს ჰიდროცეფალიას და მისი მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
– ჰიდროცეფალია თავის ტვინის წყალმანკია, მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის სითხის გამომუშავებასა და გაწოვას შორის შექმნილი დისბალანსი – თუ გამომუშავებული სითხის რაოდენობა აღემატება გაწოვილი სითხის რაოდენობას, ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ წყალმანკს, ანუ ჰიდროცეფალიას. ჰიდროცეფალიის მკურნალობა ცალსახად ქირურგიულია, მისი მედიკამენტოზური მკურნალობა არ ხდება.
რაც შეეხება ჰიდროცეფალიის გამო ბოლო დროს გახშირებულ მომართვიანობას, ვფიქრობ, ეს უფრო შორს წასული დიაგნოსტიკის შედეგია. ამ პათოლოგიის დიაგნოსტირება დღეს უკვე მუცლადყოფნის პერიოდშია შესაძლებელი და გვაქვს საშუალება, რომ ეს ბავშვები ვმართოთ სწორად და მივიყვანოთ დროულ მშობიარობამდე, ადრე ხშირად ხდებოდა ორსულობის შეწყვეტა და შესაბამისად ეს ნაწილი სტატისტიკას აკლდებოდა, ახლა გვაქვს დაავადების ნორმალურად მართვის შესაძლებლობა და თუ საჭიროა ინტრანატალურადაც კეთდება ოპერაცია, იმისთვის, რომ არ მოხდეს პათოლოგიის პროგრესირება, მაგრამ თუ ჰიდროცეფალია გამოვლინდა ისეთ ვადაზე, რომ შესაძლებელია, დასრულდეს ორსულობა და ბავშვი იმართოს დედისგან იზოლირებულად, ხდება ძირითადად საკეისრო კვეთის დაგეგმვა და ამის შემდეგ იწყება უკვე ხდება პათოლოგიის მართვა.
ჰიდროცეფალიის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. მაგ: ეს შეიძლება იყოს სანაყოფე წყლების ინფექცია, დედის და ნაყოფის სხვადასხვა ვირუსული პათოლოგიები, ახალშობილთა სისხლჩაქცევა. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობს რამდენიმე მძლავრი ნეონატოლოგიური ცენტრი, რომლებიც აღჭურვილია როგორც სპეციალისტების, ისე აპარატურის მხრივ, სადაც ადეკვატურად ხდება ამ პათოლოგიის მკურნალობა. ჩვენ გვაქვს საშუალება ვაწარმოოთ პარკუჭოვანი სისტების ვიზუალურ დათვალიერება, სისხლის კოლტების გამორეცხვა, ამის შემდეგ შუნტირება, რის ხარჯზეც შესაძლოა, მომავალში ბავშვის ცხოვრების ხარისხი იყოს მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი. ასე რომ, ჰიდროცეფალია ნამდვილად არ არის განაჩენი და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ღრმა უნარშეზღუდულობას, თუ რა თქმა უნდა, მოხდა მისი დროული აღმოჩენა და ადეკვატური მართვა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველა ორსულმა ჩაიტაროს სტანდარტული კვლევები, საუბარია ძირითადად სამეანო ექოსკოპიაზე, რათა დროულად გამოვლინდეს პრობლემა.
– ყველაზე ხშირად რა პრობლემებით მოგმართავენ?
– როგორც მოგეხსენებათ, ნეიროქირურგია ნერვული სისტემის ქირურგიული პათოლოგიების მკურნალობას გულისხმობს, ჩვენ ძირითადად მოგვმართავენ თავის ტვინის, ზურგის ტვინის და პერიფერიული ნერვების პათოლოგიებით. ნეიროქირურგიაში ყველაზე ხშირი პათოლოგიებია – დისკის თიაქრები, ტრავმული დაზიანებები, როგორც ქალა ტვინის, ისე ხერხემლის, თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმული დაავადება, კეთილთვისებიანი სიმსივნეები, განსაკუთრებით ხშირად მენინგიომები, ზურგის ტვინის როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნეები, განვითარების მანკები. ბოლო პერიოდში ჩვენთან ძალიან გაიზარდა ხერხემლის მასტაბილიზებელი ოპერაციების რიცხვი, განსაკუთრებით დეგენერაციული დაავადებების დროს, ხშირია სიმსივნური დაავადებების დროს რეკონსტრუქციული ოპერაციების რაოდენობა. სამწუხაროდ, ბოლო დროს, მნიშვნელოვნად გაიზარდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების ხვედრითი წილი.
– ორსულობის პერიოდში რა პრეპარატი უნდა მიიღოს მომავალმა დედამ, განვითარების მანკების პრევენციისთვის?
– დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის დროს ჯანსაღ გარემოს და დედის კვების რაციონს და განრიგს. რაც შეეხება პრეპარატს, კვლევებით დადასტურებული ერთადერთი პრეპარატი ფოლიუმის მჟავაა, მეანები და გინეკოლოგები ყველა ორსულს ურჩევენ, რომ მიიღონ ფოლიუმის მჟავა, როგორც პროფილაქტიკის საშუალება, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი მიღება ნებისმიერ შემთხვევაში არ გამორიცხავს განვითარების მანკს.
– ნეიროქირურგია განსაკუთრებით სენსიტიური მიმართულებაა, რაც ალბათ უდიდეს დაკვირვებას და პროფესიონალიზმს მოითხოვს…
– განსხვავებით სხვა ორგანოებთან, თავის ტვინის ქირურგია განსაკუთრებით რთულია, შესაძლებელია ოპერაციის შემდეგ საერთოდ სხვა ადამიანი მივიღოთ, შეცვლილი ემოციური სპექტრით, სამყაროს აღქმით და ა.შ. ამიტომ ძალიან რთული ამბავია. შემუშავებულია სპეციალური მეთოდიკები ამ პრობლემასთან საბრძოლველად, ერთ-ერთია ე.წ გაღვიძებული ქირურგია, როდესაც მღვიძარე პაციენტს ვუკეთებთ ოპერაციას, იმისთვის რომ ოპერაციის დროს მოხდეს მისი ფუნქციების (მეტყველების, კიდურების მოძრაობის და ა.შ.) შეფასება.
– ნებისმიერი ქირურგისთვის მნიშვნელოვანია გუნდი, ვისთან ერთადაც იბრძვის წარმატებისთვის, თქვენთან ერთად თქვენი მეუღლეც დაუღალავად დგას საოპერაციოში თითოეული პაციენტის გადასარჩენად…
– ვფიქრობ, იმისთვის, რომ ქირურგის ცხოვრება შედგეს, მეუღლის როლი გამორჩეულად დიდია. რომ არა ჩემი მეუღლე, ვერ შევძლებდი იმას რაც დღეს შემიძლია. ჩვენი საქმის გარდა, ოთხი შვილი გვყავს და ეს არანაკლებ რთული საქმეა.
მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე ხელი შემიწყო და დღესაც მიწყობს, იმისთვის, რომ ვიყო ის, რაც ვარ. პირველ რიგში, დედას, ასევე მამას, რომელიც სამწუხაროდ, აღარ არის ჩვენს გვერდით და რომელის დამსახურებაცაა, რომ თავის დროზე ამ საქმეს მოვკიდე ხელი, ბიძაჩემს, ძალიან ცნობილ ნეიროქირურგს – თამაზ კერძევაძეს, რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს – ელენეს, ჩემს დებს, ჩემს შვილებს და ა.შ.
– რა უნიკალური ოპერაცია შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პრაქტიკიდან?
– ბოლო ერთ-ერთი საინტერესო ოპერაცია შემიძლია გავიხსენო, პატარა ბიჭუნა იყო, კისრის სეგმენტის რთული განვითარების მანკით, რის გამოც გაუჭირდა გადაადგილება, ძალიან წარმატებული ოპერაცია ჩატარდა, რის ფონზეც, ბავშვი კარგადაა და ვისურვებდი დიდხანს იყოს კარგად. განსაკუთრებით საინტერესო იყო, როდესაც ჩავატარეთ ოპერაცია ხერხემლის სვეტის სიმსივნური დაზიანების დროს, ცოტა ხნის წინ ონკოქირურგებთან ერთად ჩავატარეთ საკმაოდ რთული ოპერაცია, რა დროსაც, ერთ მომენტად მოხდა დიდი ზომის სიმსივნის ამოკვეთა. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი საინტერესო მომენტია.
– ხშირად ქართველი პაციენტები უცხოურ კლინიკებს ირჩევენ, თქვენი აზრით, რა პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, პროფესიონალიზმის ნაკლებობა, თუ კლინიკებში არსებული სიტუაცია?
– ვფიქრობ, ეს პრობლემა მულტიფაქტორულია, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც სტანდარტის არარსებობაა. მაგალითი უნდა ავიღოთ განვითარებული ქვეყნებიდან, სადაც არსებობს მკურნალობის სტანდარტები და ნებისმიერ ქალაქში ნებისმიერ ექიმთან მისვლის შემთხვევაში, ერთი და იგივე მკურნალობის ხარისხს მიიღებთ. ჯანდაცვის სისტემა არ გვექნება წელში გამართული იქამდე, ვიდრე არ გვეყოლება ბევრი პროფესიონალი და არ გვექნება ბევრი კარგად აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი.
– უკმაყოფილო პაციენტი…
– უკმაყოფილო პაციენტები ყველგან და ყოველთვის არიან, ზოგ შემთხვევაში ამას აქვს, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები. შესაძლებელია, ყველაფერმა გადასარევად ჩაიაროს, არაჩვეულებრივად ვუმკურნალოთ, მაგრამ პაციენტი მაინც უკმაყოფილო წავიდეს, ისევ და ისევ სისტემის გაუმართაობის გამო. მაგ: ვიღაცამ უხეშად უპასუხა, დროულად ვერ შეხვდა ექიმს, მანქანა ვერ დააყენა პარკინგზე და ა.შ. ამ ყველაფრის ორგანიზიება, შესაძლებელია, სწორი მენეჯმენტის პირობებში. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, მალე შევძლებთ საქართველოშიც დავნერგოთ ის სტანდარტები, რის მიხედვითაც მუშაობენ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და არაფრით ვიქნებით ვინმეზე ნაკლები.
ნინო მახარაძე
კომენტარები