ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს ტელედაბატებში იწვევს.
“გიორგი კანდელაკს ვიწვევ ტელედებატებში. 12 სექტემბერს ცნობილმა ექიმმა, ბატონმა გიორგი კანდელაკმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა მორიგი პოსტი COVID-19-ის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, სადაც იგი ნეგატიურად აფასებს ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკას და ღონისძიებებს, რის შედეგადაც მისი სიტყვებით „ხელოვნურად შეიქმნა არასწორი მოლოდინები და დასახული იყო შეუსრულებელი ამოცანები “ – თითქოს „სწორი“ და „ქმედითი“ ღონისიძიებებით შესაძლებელია ავიცილოთ თავიდან ეპიდემია და ა.შ. რამაც საბოლოოდ ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა. ბ-ნი გიორგი უსიმპტომო პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით ღია კორუფციის შესაძლებლობასაც კი არ გამორიცხავს.
ბატონი გიორგი ძალიან კარგი ექიმია. მე მას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ როგორც იტყვიან „Amicus Plato sed magis amica veritas“ – პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია. ბ-ნი გიორგის შეფასებები და რეკომენდაციები კი მიმაჩნია, რომ ძალიან შორს არის ჭეშმარიტებიდან და ტენდენციურია, უფრო მეტიც – ისინი გარკვეულწილად საფრთხის შემცველია, რამეთუ შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობაში ნიჰილიზმი, უნდობლობა და იმის განცდა, რომ ისინი სახელმწიფომ თავისი არასწორი ქმედებებით დარტყმის ქვეშ დააყენა.ასევე დაგაინტერესებთ
ამიტომ მე მინდა ვთხოვო ბ-ნ გიორგის შევხვდეთ ტელედებატებში, რათა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას – ექიმების და სახელისუფლებო ვერტიკალის მიერ COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული საპასუხო ღონისძიებები (პრევენციული, ეპიდემიოლოგიური და სამკურნალო) სინამდვილეში იყო სწორი და წარმატებული (როგორც ამას მთელი მსოფლიო თვლის), თუ ეს იყო სერიოზული შეცდომა მძიმე შედეგებით (როგორც ამას ბ-ნი გიორგი თვლის). ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გადასაწყვეტად, სწორი გზით მიდის, თუ არა ქვეყანა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით.
რაც შეეხება ბ-ნი გიორგის ცალკეულ კრიტიკულ შეფასებებს, შეუძლებელია ერთ პოსტში ყველაფერს პასუხი გასცე, ამიტომ შევეხები მხოლოდ ძირითადს. ხოლო დანარჩენზე ალბათ ტელედებატებში ვისაუბრებთ.
პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატების თუ წარუმატებლობის ყველაზე მთავარი, კრებითი მაჩვენებელი – ეს არის მოსახლეობის 1 მილიონზე COVID-19-ის შემთხვევების და განსაკუთრებით COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც არანაირ მანიპულირებას და განსხვავებულ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება და მსოფლიოს (World meter, ჯანმო და სხვ.) ოფიციალური მონაცემებით ორივე ამ მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია ევროპის 49 ქვეყანას შორის. კერძოდ, საქართველოში ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე სულ COVID-19-ის 643 შემთხვევა და 5 გარდაცვლილი მოდის, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში.
ასე მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის ყოველ 1 მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 121-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში, 116-ჯერ ნაკლები ვიდრე შვედეთში, 128-ჯერ ნაკლები ვიდრე ესპანეთში, 123-ჯერ ნაკლები ვიდრე დიდ ბრიტანეთში, 118-ჯერ ნაკლები ვიდრე იტალიაში, 95-ჯერ ნაკლები ვიდრე საფრანგეთში, 26-ჯერ ნაკლები ვიდრე რუსეთში, 22-ჯერ ნაკლები ვიდრე გერმანიაში, 62-ჯერ ნაკლები ვიდრე სომხეთში, 11-ჯერ ნაკლები ვიდრე აზერბაიჯანში, 17-ჯერ ნაკლები ვიდრე თურქეთში, 25-ჯერ ნაკლები, ვიდრე ისრაელში და ა.შ. და ა.შ. ანუ საქართველო ბევრად სჯობნის არამარტო ევროპის და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ განვითარებადსაც და ასე განსაჯეთ, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც მანიპულირებაში არიან ეჭვმიტანილნი. ეს არის ყველაზე სარწმუნო კრებითი მაჩვენებელი, თუ როგორ უმკლავდებოდა ესა თუ ის ქვეყანა COVID-19-ის პანედემიას და მისი განსხვავებული ინტერპრეტაცია შეუძლებელია.
ბ-ნი გიორგი ამბობს, რომ ქვეყნის “ტოტალური პარალიზების პოლიტიკა”, რაც მარტიდან ივნისის ჩათვლით ხორციელდებოდა, გარდა უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო (?! თ.ც.) შედეგებისა მოიტანა ის, რომ კორონავირუსის ტალღის პიკი პირდაპირ თანხვედრი იქნება გრიპის გავრცელების პიკისა და შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის რეალურად პარალიზების რისკიც დადგეს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჯერ ერთი ე.წ. „ლოქდაუნი“ (ჩაკეტვა, კარანტინი) ჩვენთან გრძელდებოდა 21 მარტიდან 22 მაისამდე და არა ივნისის ბოლომდე. მეორეც, ამ პერიოდში მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ (შვედეთის გარდა) გამოაცხადა ე.წ. „ლოქდაუნი“ და თან ზოგიერთმა მათგანმა გაცილებით უფრო მკაცრი შეზღუდვებით, ვიდრე საქართველომ. ასე მაგალითად, საფრანგეთში მოქალაქეს საკუთარი ბინის დატოვება შეეძლო მხოლოდ წინასწარი ნებართვით, ხოლო ბინის გარეთ თავისუფლად ყოფნა შეეძლოთ არაუმეტეს ერთი საათით და არა უმეტეს 1 კილომეტრის რადიუსით.
უფრო მეტიც – ევროპის ბევრი ქვეყანა განიხილავს განმეორებითი „ლოქდაუნის“ შესაძლებლობას , ხოლო ბევრისთვის სამაგალითო ქვეყნად მიჩნეულმა ისრაელმა უკვე გამოაცხადა განმეორებითი „ლოქდაუნი“. გამონაკლისი იყო შვედეთი, რომლის მოდელთანაც ბ-ნი გიორგის რეკომენდაციები ყველაზე ახლოსაა და რა მიიღო შვედეთმა ამით?! – COVID-19-ის 87575 შემთხვევა და 5860 გარდაცვლილი (6,69%) (შვედეთის მოსახლეობა საქართველოსაზე სულ 2.5-ჯერ მეტია). მაშინ როცა საქართველოს ჰყავს COVID-19-ის 2758 შემთხვევა და სულ 19 (ცხრამეტი) გარდაცვლილი (0.69%). რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის პერიოდს და გრიპის ეპიდემიის პიკს, არ გვგონია, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი საქართველო ავადმყოფთა და გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს მიუახლოვდეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გრიპის ეპიდემია წელს შესაძლოა ჩვეულებრივზე სუსტი იყოს, ვინაიდან COVID-19-ის საპროფილაქტიკო ზომები და რეგულაციები ავტომატურად გრიპის საპროფილაქტიკოც არის და გრიპზე ვაქცინაციაც წინა წლებთან შედარებით მასშტაბური იქნება.
ბ-ნი გიორგის აზრით, საქართველოს „კონტროლირებული გავრცელების გზით“ (?! თ.ც.) ძირითადი დარტყმა უნდა მიეღო ყველაზე ხელსაყრელ თვეებში – აპრილში, მაისში, ივნისში (ისე, როგორც ეს მოხდა ბევრ სხვა ქვეყანაში) და მაშინ თავიდან ავიცილებდით შემთხვევების მკვეთრ მატებას გრიპის პიკის პერიოდში (შემოდგომა-ზამთარი). ასეთი ლოგიკა სოფისტიკის კლასიკური მაგალითია (არ მინდა სხვა უფრო ზუსტი და მკვეთრი სიტყვა ვიხმარო), ჯერ ერთი სხვა ქვეყნებმა შეგნებულად კი არ მიიღეს ძირითადი დარტყმა აპრილ-ივნისში (მაშინ „ლოქდაუნს“ არ გამოაცხადებდნენ), არამედ უბრალოდ ვერ შეძლეს ამ დარტყმის თავიდან აცილება, მეორე – საინტერესოა რას ნიშნავს „კონტროლირებული გავრცელების გზა“ , მაგალითად, აპრილში უნდა დაგვეშვა, ვთქვათ, COVID-19-ის 10-15 ათასი შემთხვევა და დაახლოებით 600-900 ავადმყოფის გარდაცვალება, შემდეგ მაისში კიდევ 10-15 ათასი შემთხვევა და კიდევ 600-900 ავადმყოფის გარდაცვალება და ა.შ. ხვდებით რა დღეში ვიქნებოდით?
სხვას რომ თავი დავანებოთ, თუ COVID-19-ის ფართოდ გავრცელებას დავუშვებდით, როგორ უნდა გაგვეკეთებინა რეგულირება თვეში 5 ათასი შემთხვევა გვექნებოდა, 10 ათასი, თუ 20 ათასი. და ბოლოს მთავარი – არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ იმ ქვეყნებში (შვედეთის ჩათვლით) რომლებმაც ძირითადი დარტყმა აპრილში, მაისში და ივნისში მიიღეს, შემოდგომა-ზამთარში COVID-19-ის ნაკლები შემთხვევა ექნებათ, ვიდრე საქართველოს, რამე თუ ამ ქვეყნებში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით ე.წ. „იმუნური ფენის“ (ვისაც COVID-19 გადატანილი აქვს და სისხლში IgG ანტისხეულები აქვთ), სიდიდე მოსახლეობის 10-12%-ს არ აღემატება, რაც სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს შემოდგომა-ზამთარში შემთხვევების სიხშირეზე. ანუ, ე.წ. „ჯოგური“ იმუნიტეტის იმედი ვერ გვექნება, მითუმეტეს, რომ ჯერ ისიც არ არის ცნობილი, თუ რამდენად მყარია იმუნიტეტი COVID-19 გადატანილ პირებში.
სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, საქართველომ COVID-19 წარმატებული მართვით სულ ცოტა შვიდი თვე მოიგო, რაც სერიოზული წინაპირობაა იმისთვის, რომ პანდემიის დასასრულს (ვაქცინით, ან ვაქცინის გარეშე) ნაკლები დანაკარგებით შევხვდეთ.
რაც შეეხება ე.წ. „უსიმპტომო“ ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციას, ეტყობა ჩვენმა ოპონენტებმა შემოსადავებელი სხვა ვერაფერი ნახეს და სულ ამას გვიკიჟინებენ. გეგონება ამით მართლა რაიმე შავდებოდეს. საქმე იმაშია, რომ როცა COVID-19-ით ავადმყოფების რიცხვი მცირეა და თავისუფალი საწოლების პრობლემა არ არის, ე.წ. „უსიმპტომო“ ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია გამართლებულია, თუნდაც იმიტომ, ისინი (ჰოსპიტალიზებული პაციენტები) აღარ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს, რასაც მთლიანად ვერ ავიცილებდით მათი სახლში დატოვების შემთხვევაში. გარდა ამისა, COVID-19-ს არაიშვიათად ახასიათებს სწრაფი დამძიმება და სერიოზული გართულებების განვითარება „უსიმპტომო“ დასაწყისის შემთხვევაშიც. ასე მაგალითდ, ინგლისში ა.წ. აპრილის მონაცემებით COVID-19-ით გამოწვეული ყოველი 10 ლეტალური შემთხვევიდან 1 შემთხვევა ჰოსპიტალს გარეთ, მათ შორის საკუთარ ბინებში დატოვებულებზე მოდიოდა. ეს არის კარგი? ხოლო თუ ჩვენთან შემთხვევების რაოდენობა იმდენად მოიმატებს, რომ საწოლების დეფიციტი შეიქმნება, ჩვენც, რა თქმა უნდა, უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს ბინაზე ვუმკურნალებთ. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მოქნილი ტაქტიკით და არა დოგმებით.
ბ-ნი გიორგი ამბობს, რომ იტალიის ლომბარდიის პროვინციის გარდა, არსად მსოფლიოში „კორონავირუსის ეპიდემიას არ გამოუწვია სამედიცინო სისტემის პარალიზება და კრახი“. კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. მაშ რა ერქვა იმას, რაც გასულ თვეებში ევროპის (შესაძლოა გერმანიის გარდა) და ამერიკის კლინიკურ სექტორში ხდებოდა? როცა კლინიკები უადგილობის გამო არაიშვიათად უარს აცხადებდნენ COVID-19-ით საშუალო სიმძიმის და მძიმე, მათ შორის ზოგჯერ ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების მიღებაზეც კი, რაც შორს რომ არ წავიდეთ, უცხოეთში მცხოვრებმა ბევრა ჩვენმა თანამოქალაქემაც თავის თავზე გამოსცადა. ამაზე არაერთი წყარო ღიად საუბრობდა. შვედეთში „სათნოების სახლებს“ პირდაპირ ჰქონდათ მიღებული მითითება 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები საავადმყოფოებში არ მიეყვანათ და მათი ნაწილი კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე იღუპებოდა. ან კიდევ როგორ გამოჰყავდათ სახლებიდან მიცვალებულები სპეც. მანქანებით, სპეც. ტანსაცმელში გამოწყობილ პერსონალს. ზოგიერთ ქვეყანაში კი დაკრძალვებს ვერ აუდიოდნენ. ეს ყველაფერი ასე არ იყო? ამ ფონზე საქართველოში, სადაც ჯანდაცვის სისტემის რესურსი განვითარებული ქვეყნებისაზე შეუდარებლად მწირია, არცერთი COVID-ით ავადმყოფი ერთი საათიც კი არ მდგარა რიგში და მითუმეტეს არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე.
ამდენად, სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველომ COVID -19-ით ავადობის და ლეტალობის შემთხვევების ძალიან დაბალ ნიშნულს მიაღწია არა „ლოქდაუნების“ და ე.წ. „დრაკონული ზომების“ გამოყენებით, არამედ სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების საათივით გამართული, სწორი და ეფექტიანი მუშაობით. საქართველო ხელმძღვანელობდა პრინციპით „პირველ რიგში – მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდეგ – ეკონომიკა“. მაგრამ აქაც ქვეყანამ გამოავლინა კრიზისული სიტუაციის მართვის (მათ შორის ეკონომიკის მართვის) შესაშური უნარი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ განვლილ პერიოდში საქართველოში ეკონომიკის ვარდნა არ ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე ევროპის და ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში. ასე მაგალითად, მსოფლიო ბანკის „Global Economic Prospects”-ის ივნისის ოფიციალური მონაცემებით 2020 წლის ბოლოსთვის ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის მოცულობის შემცირება საშუალოდ იქნება 9.1%, აშშ-ში – 6.1%, იაპონიაში – 6.1%, ხოლო საქართველოში 4.8%.
და მაინც, „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო“. როდესაც COVID-19-ის პანდემია დასრულდება (ვაქცინით, ან ვაქცინის გარეშე) ვნახავთ, თუ რომელი ქვეყანა შეხვდება ამ მომენტს ადამიანების ნაკლები დანაკარგით და ნაკლები ეკონომიკური ზარალით“
კომენტარები