გიორგი ლომია დაიბადა 1975 წლის 10 მაისს თბილისში.
1993-1995 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
2004 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტი.
2003 წელს გიორგი ლომიამ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია “ნათელი გზა”, რომელიც სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა.
2005-2006 წლებში გიორგი ლომია თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის მთავარი სპეციალისტი და თბილისის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.
2005-2016 წლებში იგი “საქართველოს სპორტსმენთა ლიგის” გენერალური დირექტორი იყო.
2007 წლიდან არის საქართველოს კიოკუშინ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, შავი ქამრის, IV დანის მფლობელი. გიორგი ლომია საქართველოში მსოფლიო კიოკუშინ ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელია.
2017 წელს მან დააარსა საქართველოს პრაქტიკული სროლის ფედერაცია და დღემდე მისი საპატიო პრეზიდენტია. იგი ასევე ფლობს პილოტის ლიცენზიას.
გიორგი ლომიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი “ნაციონალური მოძრაობის” ანტიდემოკრატიული ხელისუფლების დამარცხებაში.
2016-2020 წლებში გიორგი ლომია იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარე.
2020 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრად, თუმცა ტოტალურად გაყალბებული არჩევნების მიმართ პროტესტის ნიშნად გიორგი ლომიამ 2021 წელს თანაგუნდელებთან ერთად დატოვა პარლამენტის წევრის მანდატი.
გიორგი ლომია არის დაოჯახებული.
გთავაზობთ ინტერვიუს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატთან, გიორგი ლომიასთან:
– ბატონო გიორგი, თქვენ თბილისის მერობის კანდიდატი ბრძანდებით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან”. როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს თბილისისა და თბილისელების მთავარი პრობლემა?
– ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სიღარიბემ მოიცვა ყველა სოფელი, რაიონი და ქალაქი. სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა – ეს არის მთავარი პრობლემა ყველგან და არა მარტო თბილისში. თბილისი დედაქალაქია და, წესით, უკიდურეს სიღარიბეზე აქ არ უნდა ვსაუბრობდეთ, ვინაიდან მეტნაკლებად განვითარებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, არიან თვითდასაქმებულები, მაგრამ თბილისისთვისაც მთავარი პრობლემაა ხელმოკლე ოჯახების მდგომარეობა. ამიტომ ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა მთლიანად არის აგებული არა მარტო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე, არამედ იმ ნაწილზე, რომელსაც სოციალური დახმარებაც კი არა აქვს, ანუ საერთოდ არა აქვს შემოსავალი. წარმოვიდგინოთ, რა სჭირდება ასეთ ადამიანს და ასეთ ოჯახს დღეს – ისინი ხომ ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან?!
სჭირდებათ უფასო საკვები, ამიტომ ჩვენ ვამბობთ – უფასო სასადილოების რიცხვი უნდა გაიზარდოს და მათი საქმიანობის სპეციფიკაც უნდა შეიცვალოს. ვინც არ არის დარეგისტრირებული, ისინიც უნდა იღებდნენ უფასო საკვებს! ვისაც სასადილოში მისვლა არ შეუძლია, მასთან სახლში უნდა მიჰქონდეთ საკვები! მეორე – შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანს, იმისათვის, რომ სამსახური მოძებნოს, სჭირდება გადაადგილება, ამიტომ ჩვენ ვამბობთ: თბილისში, 40 წუთში ერთხელ, ყველა მიმართულებით უნდა მოძრაობდეს განსხვავებული ფერის, მაგალითად, მწვანე ავტობუსი, რომელიც მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. სულ ცოტა, კიდევ რა სჭირდება შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანს? სჭირდება სამოსი. მერწმუნეთ, ეს ბევრი ხელმოკლე ოჯახისთვის მწვავე პრობლემაა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ: უნდა არსებობდეს სპეციალური პუნქტები, სადაც უშემოსავლო ადამიანებს სპეციალურ, სეზონურ სამოსს გადასცემენ. ეს იქნება ქართული წარმოების სამოსი: პალტო, ქურთუკი, ფეხსაცმელი და სხვა.
– ბატონო გიორგი, ჩვენ ვიცით, რომ “პატრიოტთა ალიანსის” პროგრამა ითვალისწინებს ოჯახური ბიზნესის ჩუქების პროექტს. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ საოჯახო სამკერვალოებში დამზადდეს სამოსი უშემოსავლო ადამიანებისთვის?
– რა თქმა უნდა, შეიძლება. საოჯახო ბიზნესის პროექტი ძალიან მარტივად განსახორციელებელია, თუ ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ არასდროს ვპირდებით ამომრჩეველს ისეთ რამეს, რისი განხორციელებაც შეუძლებელია. შეიქმნება სახელმწიფო ფონდი, რომელიც მზა ბიზნესს აჩუქებს კონკრეტულ ოჯახებს – თავისი დანადგარით, ბიზნეს-გეგმით, საბუღალტრო დახმარებით და ა.შ. კონკრეტული ოჯახი იწყებს ან სველი ხელსახოცის, ან ლურსმნის, ან სარეცხი საშუალებების წარმოებას. ეს პროდუქციის მთელი სპექტრია, რომელიც დღეს ძირითადად თურქეთიდან შემოგვაქვს. დროთა განმავლობაში შეიქმნება საშუალო ფენა. დამეთანხმებით, დღეს ეს ფენა არ არსებობს. ვხედავთ ძალიან მდიდარ ადამიანებს და უკიდურესად გაჭირვებულებს, რომლებიც ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან.
– თქვენი პარტიის ინიციატივა იყო ასევე უფასო კვება სკოლებში. გამარჯვების შემთხვევაში აპირებთ ამ ინიციატივის განხორციელებას თბილისის მასშტაბით?
– რა თქმა უნდა. ეს ინიციატივა ჩვენ პარლამენტშიც რამდენჯერმე დავაყენეთ. სირცხვილია, როცა სკოლებში ე.წ. ნისიის რვეული არსებობს. სკოლაში მერვე კლასამდე ბავშვთა კვება უნდა იყოს უფასო.
– თქვენს პროგრამაში ნათქვამია, რომ თუ თბილისის ცენტრში ძველი შენობა დაინგრევა, მის ნაცვლად აგებული ახალი შენობის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ძველი შენობის მოცულობას, რატომ?
– საერთოდ, თბილისის ცენტრში ყველა ტიპის მშენებლობა უნდა შეიზღუდოს, ასევე მკაცრად გაკონტროლდეს და მოგახსენებთ, თუ რატომ:
ა) ავტომანქანების რაოდენობა აღემატება ქუჩების გამტარუნარიანობას, ყველა ქუჩა გადატვირთულია, ამიტომ ქალაქში ახალი შენობა, ძველის მაგივრად, იგივე ზომის უნდა აშენდეს;
ბ) მოსახლეობის რაოდენობა აღემატება წყლით მომარაგების შესაძლებლობებს;
გ) მოსახლეობის რაოდენობა აღემატება მიწისქვეშა სისტემების, მაგალითად, წყალგაყვანილობის გამტარუნარიანობას;
დ) ქალაქი უნდა გაიზარდოს რუსთავამდე. ეს პროექტი უნდა შევიდეს ქალაქის მოქმედ გენერალურ გეგმაში!
ძალიან სამწუხაროა, რომ თბილისი ერთ დროს მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქიდან გადაიქცა სრულიად უსახური შენობების ქალაქად. არქიტექტურა, სტილი, ნებართვა – ეს ყველაფერი საერთო წესს უნდა ექვემდებარებოდეს, რომ თბილისმა საბოლოოდ არ დაკარგოს დედაქალაქის სახე.
– ბატონო გიორგი, როგორი იქნება თქვენი მოწოდება თბილისელებისადმი?
– მმართველობის 9 წლის მანძილზე “ქართული ოცნება” მთავარ გამოწვევას – შიმშილს ვერ გაუმკლავდა. ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის შიმშილის პრობლემას ვერ წყვეტს, უნდა შეიცვალოს! ხელისუფლება, რომელიც გარიგებულია ნაცმოძრაობასთან და ისევ აპირებს არჩევნების გაყალბებას, უნდა შეიცვალოს!
თბილისელებს მოვუწოდებ, მხარი დაგვიჭირონ ჩვენ! ჩვენ არასდროს გვიღალატია ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის. ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ადამიანები. მხარი დაუჭირეთ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”, თუ გვინდა, უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. ჩვენ გვყავს კომპეტენტური გუნდი, რომელიც ამას ნამდვილად შეძლებს!
(პოლიტიკური რეკლამა)
კომენტარები