თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მას პარალიზებული ფეხი გაუზომეს და ამ მომენტში 2 სანტიმეტრით არის ისევ დამოკლებული”, – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.
მისი თქმით, გარკვეულ პირებს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება არ აწყობთ.
“კათოლიკოს-პატრიარქმა იცის, რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში, ის კერპი, რაც ამ წლების მანძილზე შექმნილია კათოლიკოს -პატრიარქის მიმართ, დაიმსხვრევა.
ჩემი ძმა არის მაგალითი, ვინც ხმას ამოიღებს, ყველა ასე დაისჯება”, – აცხადებს თორნიკე მამალაძე “რუსთავი 2”-ის ეთერში.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავდაპირველად, ბრალად ედებოდა საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, მას ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.
მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება დაუკვალიფიცირა, ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს.
მიმდინარე წლის 6 იანვარს საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, თუმცა, დეკანოზი მამალაძე შეწყალებულთა სიაში არ მოხვდა.
კომენტარები