რას წერდა “ალია” 21 წლის წინ?
წინა კვირას ვახო სანაიას ეთერში გასული კოტე ციხისელის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე, რომელიც არც ერთმა ხელისუფლებამ ბოლომდე არ გამოიძია, ისევ რეზონანსული გახადა. “ალიას” ოქროს არქივში ინახება უთვალავი ინტერვიუ, სტატია და ჟურნალისტური გამოძიება სანაიას ბურუსით მოცულ მკვლელობაზე. ეს სტატია, რასაც ახლა წაიკითხავთ, პირველია, რომელმაც ჩვენმა ჟურნალისტებმა 2001 წელს, სანაიას მკვლელობიდან 4 თვეში, “საქმის გახსნის” შემდეგ მოამზადა. ამ გამოძიებით იწყება ის უწყვეტი სერიები, რაც მკითხველს მაშინ შევთავაზეთ. ამ ეტაპზე, მასალების რაოდენობიდან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.
“ალია-ჰოლდინგი”, 2001 წელი, ავტორები: ჯილდა მაჭავარიანი, თამარ დვალიშვილი, ნანა ვასაძე, ნათია ჯანაშვილი, დარეჯან სულაშვილი
რა იარაღით მოკლეს გიორგი სანაია? რა ეჭვებს ბადებს საკუთრების დაცვის პოლიციის დეპარტამენტი? რისი თქმა უჭირს გამოძიებას ხმამაღლა და რა “საშინელ სინამდვილეს” გვაცნობებენ ცოტა ხანში? ვინ არის გრიგოლ ხურცილავა – მისი ოჯახური ისტორიები, რვა წლის წინანდელი ტრაგედიის გაუმხელელი დეტალები; რატომ უნდა დარჩნენ მისი შვილები ქუჩაში? ვინ და რა გზებით ჩაიგდო მისი ბინა ხელში? როგორ შეყარა ბედისწერამ ორი ოჯახი ერთმანეთს რვა წლის შემდეგ კიდევ ერთი საშინელი ტრაგედიით?
რა ეჭვებს ბადებს საკუთრების დაცვის პოლიცია
საზოგადოებრივი ინტერესის ყურადღების ცენტრში გრიგოლ ხურცილავას მოხვედრისთანავე მის შესახებ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა – ის ბოლოს საკუთრების დაცვის პოლიციაში მუშაობდა, მანამდე კი – უშიშროებაში. მძღოლად იყო გაფორმებული დეპუტატ ლევან გაჩეჩილაძის კომპანია “ჯი-ვი-ეს”-ში. გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ხურცილავა ერთ დროს თენგიზ კიტოვანსაც იცავდა. თუმცა, კიტოვანი მას ვერ იხსენებს.
როგორ დაიწყო გრიგოლ ხურცილავამ მუშაობა დაცვის პოლიციაში, ამის შესახებ დეპარტამენტის კადრების სამმართველოს უფროსი, ირაკლი ქართველიშვილი გვესაუბრება:
“ნუ გგონიათ, რომ ჩვენ აქ კადრებს ისე, ზერელედ ვიღებთ. ნებისმიერი აქ მოსული ჩვენს ბაზაზე გადის პირველად მომზადებას. როცა გრიგოლ ხურცილავას ვიღებდით სამსახურში, მის შესახებ ყველა ინფორმაცია გადავამოწმეთ, მის პირად საქმეში არსად ფიქსირდებოდა, რომ ნასამართლევი იყო. გაიარა სამედიცინო შემოწმება, დააკმაყოფილა ყველა ის პირობა, რაც დაცვის პოლიციელს მოეთხოვება”.
ირაკლი ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ ხურცილავა არ იყო ნასამართლევი, თუმცა, კონფიდენციალური ინფორმაციით, 1993 წელს ვაკე-საბურთალოს პოლიციაში, დამნაშავეთა კარტოთეკაში მისი სურათი ფიგურირებდა. სამმართველოს უფროსი, მერაბ ბაღათურია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
1999 წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას, “ჯი-ვი-ეს”-სა და საკუთრების დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება #103. ხელშეკრულება ითვალისწინებდა კომპანიის მომსახურებას ექვსი თანამშრომლით. მათ შორის იყო გრიგოლ ხურცილავაც. 2000 წლის 24 აპრილს პოლიციის დაცვის დეპარტამენტს “ჯი-ვი-ეს”-იდან ეცნობა, რომ შტატები შემცირებულიყო. 2000 წლის 12 დეკემბრიდან შტატი კვლავ 5 ერთეულით გაიზარდა: სიმონ თაქთაქიშვილი, კახა მიქაძე, გრიგოლ ხურცილავა, კახა პაპინაშვილი და ზაალ მაზანაშვილი… 2001 წლის 13 აპრილს დაცვის დეპარტამენტმა “ჯი-ვი-ეს”-ისგან წერილი მიიღო. კომპანიის გენერალური დირექტორი, მშვიდობაძე იუწყებოდა, რომ გრიგოლ ხურცილავა 1 იანვრიდან სამსახურში არ ცხადდებოდა. პირველი მარტიდან კი ამის გამო მოითხოვეს მისი თანამდებობიდან განთავისუფლებაც.

ირაკლი ქართველიშვილი:
– 2001 წლის 1 მარტიდან ხურცილავა სამსახურიდან დავითხოვეთ, მაგრამ, ოფიციალურად, ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ 27 აგვისტოს დავწერეთ. გრიგოლ ხურცილავა დაცვის დეპარტამენტში არ გამოჩენილა. წერილი გავუგზავნეთ, ვაცნობეთ, მაგრამ ის სამსახურში მაინც არ ცხადდებოდა. როგორც გავიგეთ, იგი სხვა სამსახურში აპირებდა გადასვლას, თუმცა, ამის შესახებ დეპარტამენტში ოფიციალურად არ განუცხადებია. დავითხოვეთ შტატების შემცირების საფუძველზე, მაგრამ არც მაშინ მოვიდა.
– თქვენ მისულიყავით…
– ჩვენი თანამშრომელი მივიდა, მაგრამ სახლში არ დახვდა.
_ იმალებოდა?
– არა, უბრალოდ, არ ცხადდებოდა.
– თქვენგან წაღებული იარაღი, პირადობის მოწმობა რატომ არ დაიბრუნეთ?
– სექტემბერში ამის შესახებ ვაკე-საბურთალოს პოლიციას ოფიციალურად ვაცნობე. მისი ჩარევით, პირადობის მოწმობა დავიბრუნეთ. იარაღზე პასუხისმგებელი მე არა ვარ.
საკუთრების დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ცალკე არსებობს შეიარაღების განყოფილება, რომელიც დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დაქვემდებარებაშია. ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი, ბუნებრივია, შეეცადა, ზოგიერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი მიეღო, მაგრამ ჩვენთან საუბარს ყველა პასუხისმგებელი პირი გაურბოდა. შეიარაღების განყოფილებიდან ყველაზე გაბედული უფროსი ინსპექტორი, ლუდმილა თოდუა აღმოჩნდა:
– რატომ არ მოითხოვეთ იარაღის დაბრუნება?
მე ერთი წელია, რაც აქ ვარ. იარაღის დაბრუნება ჩემს პრეროგატივაში არ შედის. მე მხოლოდ რეგისტრაციაში ვატარებ იმ იარაღს, რომელსაც აბრუნებენ.
– რა ტიპის იარაღს ანაწილებთ ობიექტებზე?
– პისტოლეტ “ტანფოგლიუს” და ავტომატ “სკორპიონს”. არის “მაკაროვებიც”.
– როგორ იღებთ იარაღს – ხელშეკრულებით, რომელიმე მაღაზიისგან, თუ უცხო ქვეყნებიდან შემოდის?
– ზოგჯერ ადგილობრივი მაღაზიისგან ვიძენთ, ზოგჯერ – უცხო ქვეყნებიდან შემოდის, ხან შსს გვინაწილებს, ხან კი თვითონ დეპარტამენტი ყიდულობს.
მკვლელობის იარაღი – “ტანფოლო”(!)
26 ივლისს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ირკვევა, რომ მასრა ადგილზე არ არის. გიორგის თავში მოხვედრილი და გარეთ გამოსული ერთადერთი ტყვიის გულას მიხედვით კი მკვლელობის პირველ დღეებში იარაღის სახეობის მინიშნებაზეც კი ძნელი იყო საუბარი. მაშინ საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა ამერიკის ფედერალური ბიუროს დახმარებაზე, მაგრამ საქმეში ღრმად ჩახედულთათვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ საქმე ადგილზე უნდა გახსნილიყო.
გამოძიების ერთ-ერთი და შეიძლება ერთადერთი კოზირიც იარაღი უნდა ყოფილიყო. ძიება გაადვილდებოდა, თუ იარაღი რეგისტრირებული აღმოჩნდებოდა.. მაგრამ ამისი პროცენტული თანაფარდობა არარეგისტრირებულ იარაღთან შედარებით ძალიან მცირე იყო. ზოგადი პრაქტიკით და სტატისტიკით, ძირითადად, დანაშაულს არარეგისტრირებული იარაღით ჩადიან. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვია მაშინ, ფაქტობრივად, გარკვეულ ინფორმაციას მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის შეიცავდა. სწორედ მათთვის ტყვიის გულას კედელში დატოვება, მკვლელის სახელისა და გვარის დატოვებას ნიშნავდა. სხვები არც კი მოელოდნენ, თუ საქმეს სწორედ ეს ერთი ტყვიის გულა გახსნიდა.
მაშ, ასე, ხურცილავასთან გამოძიება არანაირ ოპერატიულ ინფორმაციას არ მიუყვანია. ბალისტიკური ლაბორატორიის ექსპერტების ექვსთვიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. 29 ნოემბერს შს მინისტრს მაგიდაზე ედო დასკვნა, რომლის მიხედვითაც სანაიას მკვლელობის იარაღი გაშიფრული იყო. რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს იარაღი რეგისტრირებული აღმოჩნდა. ამან კი ძიება გააადვილა.
რა შემთხვევაშია იარაღი რეგისტრირებული? თუ იარაღი ძალოვანი უწყების ბალანსზეა. თუ იარაღი ნადავლია, ანუ კანონით ომში მოპოვებული იარაღი რეგისტრაციას გადის და ასევე რეგისტრაციას გადის იარაღი, რომელსაც ჩვეულებრივი მოქალაქეები მაღაზიაში იძენენ და სახლში შენახვის უფლებით იყენებენ.
რეგისტრირებული იარაღებიდან ექსპერიმენტულ გასროლას ახდენენ და მონაცემებს სპეციალურ კარტოთეკაში ინახავენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, 26 ან 27 ნოემბერს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვიის გულა ლაბორატორიაში არსებულ საექსპერიმენტო გულას დაემთხვა. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული მაღაზია, საიდანაც იარაღი გაიყიდა და სადაც მისი რეგისტრაცია მოხდა. სწორედ ამის შემდეგ იწყებს გამოძიება აქტიურ მუშაობას – ცდილობს, გავიდეს იმ ადამიანზე, ვინც მაღაზიიდან იარაღი იყიდა. აღმოჩნდა, რომ ეს არის დაცვის პოლიცია. აქედან კი თავად ხურცილავაზე გადიან.
რატომ გამოიყენა მკვლელობის იარაღად ხურცილავამ რეგისტრირებული იარაღი. ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, “ალიას” საგამოძიებო ჯგუფს საკუთარი ვერსია აქვს. ბოლო დროს დაცვის პოლიციის ბალანსზე იარაღები ასე ხვდება: მოქალაქეს, რომელსაც სურს, დაცვა აიყვანოს, მიდის მაღაზიაში, თავად ყიდულობს იარაღს, რომელიც შემდეგ დაცვის პოლიციას ბალანსზე ერიცხება. შესაძლოა, სულაც ხურცილავამ იყიდა (ან უყიდეს) მაღაზიიდან იარაღი და მან, როგორც პოლიციელმა, იცოდა, რომ ამ დროს იარაღიდან ექსპერიმენტულ გასროლას ახდენენ, მაგრამ მაღაზიაში, მყიდველის თვალწინ ასეთი გასროლა არავის მოუხდენია. იქნებ, ამანაც გამოიწვია ხურცილავას შეცდომაში შეყვანა.
მკვლელობის იარაღის დაკონკრეტებისგან გამოძიება ისევ თავს იკავებს. თუმცა, ექსპერტმა შემთხვევის მეორე დღესვე იარაღის მარკა, დაახლოებით, იცოდა. ანუ, კედელს მოხვედრილმა ტყვიამ ისეთი კვალი დატოვა, რომ კულუარებში მაშინვე ითქვა – ეს იყო პისტოლეტი. ამოღებული “პარაბელუმის” ტყვიის გულას მიხედვით კი მიახლოებით დადგინდა ის იარაღები, რომელზეც გამოძიებას ყურადღება უნდა გაემახვილებინა. ეს იყო “ბერეტა”, “ჩეზე”, “პარაბელუმი”, “ბრაუნინგი”, “ტანფოლო”.
“ალია-ქრონიკის” ინფორმაციით, გასროლა სწორედ “ტანფოლოთი” მოხდა.
გასროლის შემდეგ კონკრეტული იარაღი კონკრეტულ კვალს ტოვებს, რაც კვალის თუ დახრის განსხვავებული კუთხით განისაზღვრება. შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალი იტალიური პისტოლეტის, “ტანფოლოსია”. ჯერჯერობით, პროცესუალური ნორმების დაცვის მიზეზით არც ექსპერტი ასახელებს იარაღს.
პროკურატურის კულუარული ინფორმაციით კი მკვლელობის იარაღი მაღაზია “კავკასიონში” 1999 წელს არის შეძენილი. “ტანფოლო” საკმაოდ ძლიერ იარაღად ითვლება, მისი ფასი 500-700 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
“გრიცკომ თავისი იარაღი სხვას ათხოვა”
გრიცკო – ეს მეტსახელი გრიგოლ ხურცილავასთვის ქუჩაში არ შეურქმევიათ. მას სახლში, ბავშვობიდან ასე ეძახდნენ, რადგან მამამისსაც გრიგოლი ერქვა.
მისი მეზობლები გრიცკოს მკვლელობაში ბრალდებით შოკირებულნი არიან. მათ იმისაც არ სჯერათ, რომ მან აღიარებითი ჩვენება მისცა გამოძიებას. “ალბათ, მოკლავენ, თავიდან მოიშორებენ”, _ ვარაუდობენ ისინი, – “თუ ფული გადაუხადეს ამ მკვლელობაში, სად წაიღო ეს ფული? მას ისე ძალიან უჭირდა, რომ შუქიც და ტელეფონიც თვეების განმავლობაში გამორთული ჰქონდა. დავალიანება რომ ვერ გადაიხადა, სადარბაზოს შუქი შეიყვანა სახლში, ამის უფლება ჩვენ მივეცით, მეზობლებმა”.
ყველაზე ახლოს გრიცკო უბნელ ბიჭებთან იყო, მას “ზენიტნი” ბიჭად მოიხსენიებენ.
ლაშა, მისი მეგობარი: “სანაიას მკვლელობა რომ გახმაურდა, გრიცკოს ისეთივე რეაქცია ჰქონდა ამ ამბავზე, როგორც ყველა დანარჩენს. ჩაფიქრების და დეპრესიისმაგვარი არაფერი შეგვიმჩნევია. ჩვეულებრივ ჩამოდიოდა ეზოში და ერთად ვთამაშობდით ხან ჯოკერს და ხან დომინოს. მისი სახლიდან პოლიციამ სულ სხვა იარაღი წაიღო, მამამისი მონადირე იყო და სახლში იარაღი, რა თქმა უნდა, ექნებოდათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრიცკომ სხვას ათხოვა იარაღი, ან შეუნახა ვინმეს. ამაზე უარს არ იტყოდა. გრიცკო კაი ბიჭი იყო”.
ვისზეა გაფორმებული გრიცკოს ბინა
სანაიას მკვლელობასთან ხურცილავას დაკავშირებამ მაშინვე მისი ოჯახის პრობლემებიც ამოატივტივა – 11-ათასდოლარიანი სესხი, რომელიც, პროცენტებით 20-ათასიან ვალად იქცა, “დაყადაღებული” ბინა, 600-ლარიანი დავალიანების გამო მაისიდან ჩაჭრილი დენი, გამორთული ტელეფონი, მაგრამ კეთილი მეზობლები…
“ალია-ქრონიკის” ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფი შეეცადა, ვალის შესახებ უფრო დაწვრილებით გაერკვია: მეზობლები იუწყებიან, რომ ხურცილავებს ბინა დაგირავებული ჰქონდათ, ამჟამად კი ყადაღა ადევსო…
ვაკე-საბურთალოს სააღსრულებო ბიუროში ხურცილავების ბინის დაყადაღების შესახებ ინფორმაცია არ აღმოჩნდა. მათი ახსნა-განმარტებით, თუკი საქმე იპოთეკურ კრედიტს ეხებოდა, ასეთი ინფორმაცია შესაძლოა, საჯარო რეესტრში ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში გრიცკოს მთელი სადარბაზოს მონაცემები ამოიღეს, გვარი – ხურცილავა, არსად ფიგურირებდა. ყადაღის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ნოტარიუსთა პალატაშიც შევეცადეთ, თუმცა, იქაც ანალოგიური პასუხი მივიღეთ – ამ ბინას ყადაღა არ დასდებია. ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით, რომ არა ერთი გარემოება – ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოში მიმდინარე წელს თურმე მართლა იხილებოდა სამოქალაქო დავა, სადაც მოპასუხე მხარეს – გრიგოლ ხურცილავა, ხოლო მოსარჩელე მხარეს ვინმე ირმა გახოკიძე წარმოადგენდა. მაშინვე მეხსიერებაში ამ უკანასკნელის სახელი და გვარი ამოტივტივდა, რომელიც საჯარო რეესტრიდან ამოღებულ ინფორმაციებშიც ფიგურირებდა. ირმა გახოკიძის სახელზე, მიმდინარე წლის აპრილიდან ყაზბეგის #34-ის ბინა #6-ია რეგისტრირებული. ეს სწორედ ის ბინაა, სადაც დღეს ხურცილავები ჯერ კიდევ ცხოვრობენ. არადა ბინა უკვე გახოკიძეზეა გაფორმებული. გრიცკომ ვალი ვერ გაისტუმრა, როგორც ჩანს, გახოკიძესთან გაფორმებულ ხელშეკრულებას სესხის შესახებ ვადა გაუვიდა და ავტომატურად, სახლიც მასზე გადაფორმდა. ამიტომ ბინაზე ყადაღის დადება საჭირო აღარ იყო. რაიონულმა სასამართლომ ხურცილავების გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოშია გასაჩივრებული. მის გადაწყვეტილებამდე ხურცილავები ჯერ კიდევ იქ ცხოვრობენ.
ვინ არის ირმა გახოკიძე? ამ კითხვაზე პასუხისგან ხურცილავების ოჯახი თავს იკავებს.
ოჯახები 8 წლის შემდეგ კიდევ ერთმა ტრაგედიამ დააკავშირა
101-ე სკოლაში გრიგოლ ხურცილავას ბებია დამლაგებლად მუშაობს. მართალია, ის ცალკე ცხოვრობს, მაგრამ თავისი ქალიშვილის ოჯახის უბედურებაზე სხვა დეტალებსაც იხსენებს:
“8 წლის წინათ გრიცკოს უფროსი და, ლია ხურცილავა და მისი შვილები დაიღუპნენ. მაშინ ასეთი ვერსიები გაავრცელეს, რომ თითქოს ლია გიჟი იყო, შვილები თვითონ დახოცა და თავიც მოიკლაო. არ ვიცი წესიერად, რა მოხდა მაშინ, მიცვალებულები მეორე დღესვე რაიონში დაგვაკრძალინეს. ლიას ქმარი, რომელიც პათოლოგი და ლოთი იყო, გიორგი სანაიას ცოლის, ხათუნა ჩხაიძის ალალი ბიძაა. ხათუნას მამა ორგანოებში მუშაობს. მან მაშინ არაფერზე არ შეიწუხა თავი, რომ ეს საქმე ნორმალურად გამოძიებულიყო და რამით დაგვხმარებოდა. ლიას ქმარი კი ახლა უკრაინაშია გადახვეწილი”.
გრიგოლ ხურცილავას მამა, გრიშა ხურცილავა უფროსი ქალიშვილისა და შვილიშვილების დაღუპვიდან 40 დღის შემდეგ ინფარქტით გარდაიცვალა. ხურცილავების მეზობლების თქმით, დოდო ხურცილავა (გრიცკოს დედა) იმდენად დათრგუნული იყო, რომ უკვე იმის შიშით, დანარჩენი შვილებიც არავინ დამიხოცოსო, აღარც გამოძიების მსვლელობით დაინტერესებულა და არც მისი შედეგებით.
ხურცილავას დედის ვერსია
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს გრიგოლ ხურცილავა აფხაზეთში ორჯერ წავიდა. იმის გამო, რომ მას სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოხდილი ჰქონდა, თავის ერთ-ერთ მეგობართან ერთად სამხედრო კომენდატურაში მივიდა და მოხალისეთა რიგებში ჩაეწერა. მალევე ასეთი გზით შეკრებილთა ასეული ფოთში გადაისროლეს და უკვე იქიდან კაკუბავას დაჯგუფებას შეუერთეს. ხურცილავას ოჯახის წევრთა თქმით, გრიცკოს ფრონტის წინა ხაზზე არ უომია, თუმცა, თავის თანამებრძოლებში მალე მოიპოვა ნდობა და სიყვარული.
დოდო ხურცილავა: “მახსოვს, როცა თბილისში ჩამოვიდნენ, მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, დაახლოებით, 45 წლის კაცი იქნებოდა, მამამისს უთხრა, ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ თქვენი შვილი ომში გამოუშვითო. რომ დაინახავდა, ვიღაცა ვიღაცას ესროდა, ლამის წინ გადაუდგებოდა და გადაეფარებოდა”.
ომიდან თბილისში პირველად ჩამოსვლის შემდეგ, როცა რამდენიმე მეგობარმა დაღუპული მეგობრის ცხედარი ჩამოასვენა, ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით გრიგოლ ხურცილავა ცოლს ირთავს. მის ოჯახს სურდა, რომ ის აფხაზეთში აღარ დაბრუნებულიყო, ამ დროს უშიშროებაშიც აწყებინებენ მუშაობას, მაგრამ ერთ დღეს სამსახურში წასული გრიცკო ისევ აფხაზეთში მიდის.
დოდო ხურცილავა: “გაოგნებულები დავრჩით, მისი ცოლი მაშინ ოთხი თვის ფეხმძიმე იყო, გვეშინოდა რამე არ დამართნოდა, ან მას, ან მის ცოლს, მაგრამ მერე მალევე ჩამოვიდა”.
ხურცილავების ოჯახი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გრიცკო არ არის აქტიური და პატივმოყვარე ნატურა. მამამისი, რომელზეც გავრცელდა ჭორები, თითქოს იგი მნიშვნელოვანი სამხედრო ფიგურა იყო, სინამდვილეს არ შეეფერება. უფროსი გრიგოლ ხურცილავა საბჭოთა კავშირის პერიოდში 32 წლის განმავლობაში საშენ მასალათა სამინისტროს მომარაგება-გასაღებისა და კომპლექტაციის სამმართველოს უფროსი გახლდათ. მას ნადირობაც ჰყვარებია და სახლში სამი თოფიც ჰქონია. დოდო ხურცილავა დღესაც იფიცებს, რომ მის შვილს იარაღი არასდროს ჰყვარებია და არც პატარაობისას უტრაბახია თანატოლებში, როგორც ეს ხშირად სჩვევიათ მოზარდებს, რომ მას სახლში თოფები ჰქონდა.
დოდო ხურცილავა: “აფხაზეთის ომშიც, ალბათ, იმიტომ წავიდა, რომ ხედავდა, მისი მეგობრები, მისი ტოლი ბიჭები როგორ მიდიოდნენ და სინდისმა შეაწუხა. სხვა მხრივ, ძალიან პასიური ბიჭია, სულ იჯდა და ტელევიზორს უყურებდა და კიდევ თუნდაც სანთლის შუქზე, წიგნებს კითხულობდა. ამაზე სულ ვეჩხუბებოდი, მამამისიც ასეთი წყნარი ბუნების კაცი იყო”.
უშიშროებიდან წამოსვლის შემდეგ გრიგოლ ხურცილავა საკუთრების დაცვის პოლიციაში იწყებს სამსახურს და კერძო ფირმის “ჯი-ვი-ეს”-ის დაცვის თანამშრომელი ხდება. დოდო ხურცილავა იხსენებს, რომ “ჯი-ვი-ეს”-მა მისი შვილი იმ დახასიათების გამო აიყვანა დაცვაში, რომელიც მას უშიშროებიდან ჰქონდა. იქ კი, გრიცკოს დედის თქმით, ეწერა, რომ ხურცილავა გამოირჩევა განსაკუთრებული ერთგული ხასიათით, თუმცა, არ გააჩნია პროფესიონალის ჩვევები. ეს, დოდო ხურცილავას თქმით, ძალზე ბუნებრივი რამ იყო, მის შვილს იარაღი არასდროს ჰყვარებია და მსგავსი მომენტების მიმართ ინტერესს არასდროს იჩენდა. თუმცა, დაცვის პოლიციაში გრიგოლ ხურცილავა მუშაობას მაინც იწყებს, მაგრამ, როგორც ჩანს, გულს დიდად ვერც ამ სამუშაოს უდებს და “ჯი-ვი-ეს”-ში თავის მორიგეობებსაც აცდენს. რატომ იჩენდა საქმის მიმართ ხურცილავა ასეთ უპასუხისმგებლობას? დედამისი ამ ფაქტს ასე განმარტავს:
“გრიცკოს ყოველთვის უნდოდა, რომ საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა. ამისთვის მან გადაწყვიტა, რომ სესხი აეღო და ჩაედო რაიმე სერიოზულ ბიზნესში. ამის გულისთვის მან “ჯი-ვი-ეს”-ში სიარულს თავი დაანება. კარგად გამიგეთ, იმის შნოც არ ჰქონდა, რომ პირდაპირ მისულიყო თავის უფროსთან და ეთქვა, სამსახურს თავს ვანებებო. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ ვერ დავასახელებ იმ პიროვნებას, ვისგანაც გრიცკომ ფული ისესხა და ვინც მას ვითომ ეს ბიზნესი დააწყებინა, ამის შედეგად რომ ვალებში გადავვარდით, უკვე მთელმა საქართველომ გაიგო. აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ თემის ასე გაბუქება საჭირო არ არის. დღეს საქართველოში ყველას უჭირს და არც ისეთ ვალებში არა ვართ, რომ მისი დაფარვა ვერ შეგვძლებოდა. ბოლოს და ბოლოს იმდენი უძრავი ქონება გვაქვს, რომ რამეს გავყიდდით და ვალს გავისტუმრებდით. მით უმეტეს, სამარცხვინო და დამამცირებელია ის ვერსია, რომ ჩემმა შვილმა ფულის გულისთვის მოკლა ვინმე, ან კიდევ, ფულის გამო იბრალებდეს სხვის დანაშაულს. მას ისეთი ხასიათი აქვს, რომ იმას უფრო დავიჯერებ, რომ თქვან, გრიცკოს რაღაც უთხრეს ამ დანაშაულზე და ამის გამო ის საიდუმლოდ ინახავს სიმართლეს. ჩემი შვილი, იმის გამო, რომ ვალი აქვს, კაცს არ მოკლავდა და ამის მერე, მით უმეტეს, მშვიდად სახლში არ იქნებოდა და მკვლელობის იარაღი სახლში არ ექნებოდა”.

რა თქმა უნდა, დაცვის პოლიციას უნდა მოეკითხა ხურცილავაზე გაცემული ტაბელური იარაღი, მას შემდეგ, რაც იგი სამსახურში აღარ გამოცხადდა. ოჯახის წევრები ერთხმად ადასტურებენ იმას, რომ ტაბელური იარაღის ტარება გრიცკოს არ უყვარდა და სახლში მოსვლისთანავე ცოლს შეანახვინებდა ხოლმე, რომ ბავშვებს არ მიეგნოთ შემთხვევით. მით უმეტეს, როცა ნასვამი იყო, ამ იარაღისგან ძალიან შორს ეჭირა თავი.
დოდო ხურცილავა: “სულ ვეუბნებოდი, წაიღე, შვილო, ეს იარაღი თავის ადგილზე, სულ მეუბნებოდა, აი, დღეს, აი, ხვალ წავიღებ, ელემენტარულად ეზარებოდა სახლიდან გასვლა და თავის ძველ სამსახურში მისვლა. მე არ ვიცი, მან ამ დროს ეს იარაღი ვინმეს ათხოვა, თუ არა, არაფერი არ ვიცი”.
ერთადერთი საქმე, რაზეც ამ ბოლო დროს გრიგოლ ხურცილავა გადიოდა სახლიდან, ეს მისი მევალესთან მისვლა იყო. დაკავების დღესაც, სწორედ ამ საკითხებზე იყო შინიდან გასული. მას თავისი შვილებისთვის სკოლაში სწავლის გადასახდელი ფული ჰქონდა შესატანი. ხურცილავას დაკავების და ასეთი ბრალის წაყენების შემდეგ, მისი შვილების სკოლის პედაგოგებიც შოკირებულნი დარჩნენ. მათ მორალური მხარდაჭერის მიზნით, მეტი ვერაფერი მოიფიქრეს და ბავშვებს გადასახადი მოუხსნეს. თუმცა, ამის მიუხედავად ხურცილავებს ბავშვების სკოლაში გაშვების მაინც ეშინიათ, ბავშვების ფსიქიკაზე უკვე ისიც მოქმედებს, რომ მათი მამა ასეთი ბრალდებით არის დაკავებული.
ხურცილავების ოჯახი ვერაფრისდიდებით ვერ ხსნის იმას, თუ რატომ გადაწყვიტა გრიცკომ, უარი ეთქვა ოჯახის მიერ აყვანილ ადვოკატზე და მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ, რატომ დათანხმდა სახაზინო წესით დანიშნულზე.
გრიგოლ ხურცილავას სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა და ორთაჭალაში გაამწესა. ის ჯერ მეხუთე საპყრობილის ადმინისტრაციული კორპუსის უნომრო საკანში მოათავსეს, მოგვიანებით კი ე.წ. “მალალეტკების” კორპუსში, #117 საკანში გადაიყვანეს. ამ კორპუსს ელიტარულსაც ეძახიან, რადგან იქ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები “ბინადრობენ”. მომავალში, ციხეში არსებული ინფორმაციით, ხურცილავას უსაფრთხოებისა და გამოძიების ხელშეწყობისთვის, მას ყოფილ სიკვდილმისჯილთა საკანში ჩასვამენ. სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ ეს ე.წ. “სპეცები” “კარცერად” გადაკეთდა (განმარტებისთვის: ევროკავშირის მოთხოვნით, მეხუთე საპყრობილეში “კარცერი” აქამდეც უნდა გაუქმებულიყო).
რას გაახმაურებს გამოძიება
გარდაცვალებამდე გიორგი სანაია ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ თავზე ასე საუბრობს:
“მე შემეძლო, ცხოვრება ამეწყო, ვყოფილიყავი ანგაჟირებული ჟურნალისტი, მაგრამ ამაზე არ წავედი… ოღონდ ჩემს სამუშაოს ნუ შეეხებიან. დანარჩენს ყველაფერს ავიტან, ჭორებსაც კი… ადრე რუსეთის აგენტი ვიყავი, ავსტრიაში ვერ წავედი, არ გამიშვეს. თუმცა, ეს ჭორი ვინც გამივრცელა, ისიც არ გაუშვიათ. ახლა ყველაზე პოპულარული ჭორია, რომ მე ჰომოსექსუალისტი ვარ. ამ ჭორების ავტორებს კარგად ვიცნობ… ჩემზე ჭორები იმდენია – “ვედრო მანეთი”, აღარ მაღიზიანებს არც ერთი. ვინც მიცნობს, იცის, როგორი ვარ და ვინ ვარ სინამდვილეში. მოდი, ჭორებს კომენტარს არ გავუკეთებ. უბრალოდ, მოიგონონ ისეთი რამ, რომელშიც სიმართლის მარცვალი იქნება და მერე დავფიქრდები, საბაბი რატომ მივეცი-მეთქი…
ადრე მოდაში იყო, თუ ადამიანზე ცუდის თქმა უნდოდათ, ამბობდნენ, ნარკომანიაო, მნიშვნელობა არ ჰქონდა, სინამდვილეში იყო თუ არა. ახლა მოდაშია ორიენტაციაზე ჭორაობა, ხვალ სხვა რამ შემოვა მოდაში. ზოგს ცხოვრების მიზნად აქვს, ვიღაცა გაამწაროს. ეს იცით, როგორ აღარ მაინტერესებს?”
გიორგი სანაიას კი უკვე ცხოვრებას კი არა გარდაცვალებასაც უმწარებენ. მისი მკვლელობის პირველივე დღეებიდან ყველაზე მეტად სწორედ ეს ჭორი გავრცელდა. მაშინ დასაშვები იყო გვეფიქრა, რომ გავრცელებული ხმები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა – დაეშალა ხელისუფლების დასამხობად აბობოქრებული ხალხი. თუმცა, გავიდა დრო და პოლიციელებმა კურსი მაინც არ შეცვალეს: ძველი მინისტრი, კახა თარგამაძე თავის უკანასკნელ პრესკონფერენციაზე აცხადებს:
“ჩვენ მალე გავხსნით გიორგი სანაიას მკვლელობას და მაშინ ძალიან მაინტერესებს მისი ყველა კოლეგის, ყველა მეგობრის სახე…“
შსს-ში მოდის ახალი ხელმძღვანელი და საქმის გახსნას თავის თავზეც სწორედ ის იღებს – მაქსიმალური დუმილი, თუმცა, საზოგადოებაში შეპარვით გახმაურებული ისევ ბინძური მოტივი…
გრიგოლ ხურცილავასთან შეხვედრიდან დაბრუნებული ნანა დევდარიანი არცთუ შემთხვევით ამხელს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სანაიას მანქანაში ჩაჯდომისთანავე ხურცილავა მის ვინაობას კითხულობს, გიორგი კი უარყოფს, რომ ის ცნობილი ჟურნალისტი, გიორგი სანაიაა….
ის, რომ გიორგის მანქანაში უცხო შავგვრემანი კაცი ეჯდა, ამას ეთერით საზოგადოებას მკვლელობის პირველივე დღეებში გოგი გვახარია(?!) აუწყებს და დასძენს, რომ მან გიორგის მანქანა ჩელუსკინელების ხიდის მიდამოებში დაინახა…
ყველა ეს ქვეტექსტი თავის მიზანს ემსახურებოდა.
ძალოვნები თავისას არც ამჟამად იშლიან. საეჭვოდ ხდება ხალხის შემზადება იმისთვის, რომ სანაიას მკვლელად შერაცხულის მიმართ განსაკუთრებული აგრესია არ გამოვლინდეს. მეტიც, მის მიმართ საზოგადოების გულის მოლბობა, შეიძლება ითქვას, მიზანმიმართულად მიდის….
ამასობაში კი გრიგოლ ხურცილავა გამოძიებას “ნებდება” – ოჯახის მიერ აყვანილ ადვოკატზე უარს აცხადებს და სახაზინოს “ენდობა”.
ლოგიკურია თუ არა, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ასეთი სქემა წარმოგვიდგეს, თუ რას აპირებენ ძალოვნები: გამოძიება საყოფაცხოვრებო მოტივზე აიგება სრულად. ხმამაღლა გრიგოლ ხურცილავას მკვლელობის მოტივად ქალების ნიადაგზე ჩხუბს დაასახელებინებენ, თუმცა, პარალელურად საზოგადოებაზე “მუშაობას” კვლავაც გააგრძელებენ და “რეალობის” სახელით ზემოთ შემოთავაზებულ ბინძურ მოტივს მოახვევენ თავს. შედგება გარიგება გრიგოლ ხურცილავასთან, რომ გამოძიებას მისთვის “სიკეთე” სურს. ეს სიკეთე კი ასე განისაზღვრება – მას შეურაცხადობას დაუმტკიცებენ და თავისუფლების აღკვეთის სანაცვლოდ იძულებით მკურნალობას “ჩაახუტებენ”. თუმცა, ამ გარიგებას ხურცილავა, წესით, მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს – თუ ის ნამდვილად არის სანაიას მკვლელი. ამ სქემის განხორციელების შემთხვევაში კი, მოდით, შევთანხმდეთ, სიმართლე არასდროს გაცხადდება!

კომენტარები