ჭიპლარის სისხლით მეცნიერები მსოფლიოში, მეოცე საუკუნის სამოციან წლებში დაინტერესდნენ. ათწლეულების მანძილზე მიმდინარე კვლევებმა აჩვენა, რომ ჭიპლარის სისხლი შეიცავდა დიდი რაოდენობით ღეროვან უჯრედს, რომლის გამოყენება შეიძლებოდა, როგორც სრულფასოვანი ალტერნატივა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის.
ღეროვანი უჯრედი – ეს არის მოუმწიფებელი ახალგაზრდა უჯრედი, რომელსაც შესწევს თვითგანახლებისა და პარალელურად, დიფერენცირების უნარი – იგი წარმოქმნის ყველა სახის უჯრედებს, ქსოვილებსა და ორგანოებს. ყველაზე მძლავრი ღეროვანი უჯრედი, ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი სიცოცხლის დასაბამი – განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. მისგან ვითარდება ადამიანის ორასზე მეტი ტიპის უჯრედი, რომელთა საერთო რაოდენობა 100 ტრილიონამდეა. ტერმინი „ღეროვანი უჯრედი“ პირველად, 1908 წელს გამოიყენეს.
საქართველოში უკვე 15 წელია არსებობს ჭიპლარის სისხლის შენახვის ბანკი – „ჯეოქორდი“,
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ჭიპლარის სისხლის ბანკი – „ჯეოქორდი“ 2006 წლიდან ფუნქციონირებს. მედიცინის დოქტორი, ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უჯრედული ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ჭიპლარის სისხლის ბანკ „ჯეოქორდის“ სამედიცინო დირექტორი – ბატონი გოჩა შათირიშვილი გვესაუბრა „ჯეოქორდის“ დაარსებასა და განვითარებაზე, ჭიპლარის სისხლისა და ღეროვანი უჯრედების ამოუწურავ თვისებებზე, რაც ჯანსაღი თაობისთვის ერთგვარი გარანტიაა. მაშ ასე, რატომ უნდა შეინახოთ ახალშობილის ჭიპლარის სისხლის და რა ფასდაუდებელ როლს თამაშობს იგი თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე? გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ გოჩა შათირიშვილთან:
– ბატონო გოჩა, თქვენ ბრძანდებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ხელმღვანელი საქართველოში, ეს არის ჭიპლარის სისხლის ბანკი – „ჯეოქორდი“, ჩვენი ინფორმაციით, ეს პროექტი საქართველოში ფეხს იკიდებს 2006 წლიდან, რა გზა განვლეთ დღემდე?
–„ჯეოქორდი“ 2006 წლის 1 ივლისს დაარსდა. თავდაპირველად თბილისის მერიის პროგრამით ვინახავდით ჭიპლარის სისხლს იმ ახალშობილთათვის, ვისაც უახლოესი ნათესავი ონკოლოგიური ან იშვიათი გენეტიკური დაავადებით ჰყავდათ ავად. 2007 წლის იანვრიდან კი დავიწყეთ ჭიპლარის სისხლის კომერციული შენახვა. ჩვენი ლაბორატორია ღეროვანი უჯრედების გამოყოფას, გაყინვას, შენახვას, გამოკვლევასა და სამკურნალოდ გამოყენებას 2000 წლიდან სწავლობდა და ამიტომ, ჭიპლარის სისხლის მაღალი ხარისხით, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, ბანკირება საკმაოდ იოლად დავნერგეთ. თავიდანვე აქტიურად ვიყენებდით პრესასა და ტელევიზიას, რათა საზოგადოებისათვის, მომავალი მშობლებისათვის მიგვეწოდებინა სრული ინფორმაცია ამ ახალი მეთოდის შესახებ. მალევე შევქმენით საკუთარი ვებ-გვერდი, პარალელურად, ინტენსიურად ვმუშაობდით მეანებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. შედეგად, ჭიპლარის სისხლის შეგროვება დაიწყეს არა მხოლოდ თბილისის სამშობიარო სახლებში, არამედ ბათუმში, ქუთაისში, თელავში, რუსთავში, ზუგდიდსა და რამდენიმე სხვა ქალაქშიც. „ჯეოქორდის“ კლიენტების რიცხვი მუდმივად იზრდებოდა, ამას დავურთეთ სოციალურ ქსელებში აქტივობა, გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი „ჯეოქორდის“ შესახებ. მივიღეთ ISO აკრედიტაცია ბრიტანული კომპანიისგან. 2016 წლიდან „ჯეოქორდი“ აქტიურად თანამშრომლობს უდიდეს პორტალთან – Parent’s guide to cord blood. იმავე წელს ამ საიტზე გამოჩნდა პირველი ინფორმაცია ჩვენი ბანკის შესახებ. 2017 წლიდან ვართ ჭიპლარის სისხლის მსოფლიო ასოციაციის წევრი, თავად კი გახლავართ ამ ასოციაციის გლობალურ საქმეთა კომიტეტის წევრი. ასოციაცია აერთიანებს მსოფლიოს უმსხვილეს ჭიპლარის სისხლის ბანკებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვა მრავალი ქვეყნიდან, კანადიდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან, მექსიკიდან, ინდოეთიდან და ასე შემდეგ. ყოველ წელს ვმონაწილეობთ ლონდონში, ჭიპლარის სისხლის საერთაშორისო კონგრესში, სადაც „ჯეოქორდი“ არაერთხელ იყო მომხსენებელი. 2018 წელს წარვადგინეთ მოხსენება – ჭიპლარის სისხლით აუტიზმის მკურნალობასთან დაკავშირებით ჩვენი პირველადი შედეგების შესახებ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. აუტიზმთან დაკავშირებით მოხსენება წარვადგინეთ ასევე სოლტ ლეიკ სიტიში, ბარსელონაში, რიგასა და ზაგრებში.
2017 წელს „ჯეოქორდი“ გახდა საერთაშორისო ხარისხის ოქროს გვირგვინის მფლობელი. ეს პრიზი ჯეოქორდს მიაკუთვნა ესპანურმა კომპანიამ BID (Business Initiative Directions) One, ხარისხისა და ინოვაციების დარგში მიღწეული შედეგებისათვის.
– რა უნიკალური თვისებები აქვს ღეროვან უჯრედს და რა არის ჭიპლარის სისხლი?
– ჭიპლარის სისხლი ეს არის სისხლი, რომელიც რჩება პლაცენტაში მას შემდეგ, რაც ჭიპლარს გადაკვანძავენ. მისი მოცულობა მერყობს 20-200 მილილიტრს შორის. ეს არის ბიოლოგიური ნაშთი, თუმცა ძალიან მდიდარია უნიკალური ღეროვანი უჯრედებით: ეს არის მაღალი პოტენციალის მქონე ნორჩი უჯრედები, რომელზეც არ უმოქმედია რადიაციას ან ულტრაიისფერ სხივებს, მავნე ქიმიურ ნივთიერებებსა თუ მედიკამენტებს, ბაქტერიულ თუ სოკოვან ინფექციებს, სხვადასხვა სახის გარემოს მავნე ზემოქმედებას თუ ყოველდღიურ სტრესს, ესაა გაუცვეთავი ახალთახალი უჯრედები, ასეთი მაღალი აღდგენითი პოტენციალის ღეროვანი უჯრედები ორგანიზმში მოზრდილ ასაკში აღარ იარსებებს და თუ მათი შეგროვება მშობიარობისას არ მოხდა, ეს შანსი სამუდამოდ დაიკარგება. ამასთან, შეგროვების პროცესი სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა როგორც ბავშვის, ასევე დედისთვის და ეთიკური და რელიგიური თვალსაზრისით აბსოლუტურად უპრობლემოა.
– რა გზით მიიღება ღეროვანი უჯრედები?
– მშობიარობის დროს სპეციალურ კონტეინერში შეგროვებული ჭიპლარის სისხლი იგზავნება ჩვენი ბანკის ლაბორატორიაში, სადაც იგი მუშავდება ღეროვანი და ბირთვიანი უჯრედების გამოსათავისუფლებლად, შემდგომ იყინება უჯრედები და ხანგრძლივი დროით ინახება თხევად აზოტში ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. პარალელურად, უჯრედებს ვიკვლევთ ბაქტერიებზე, სოკოებსა და ვირუსებზე, უჯრედულ შემადგენლობაზე იმუნოფენოტიპირების მეშვეობით, სიცოცხლისუნარიანობაზე და ასე შემდეგ.
– ამ მეთოდით გაყინული ღეროვანი უჯრედების შენახვის ხანგრძლივობა რამდენი წელია?
– პრაქტიკულად, უსასრულოდ შეიძლება, თეორიულად, ათიათასობით წლის განმავლობაში და რაც მთავარია, საჭიროებისას შესაძლოა მათი გადნობა და პაციენტისთვის გადანერგვა.
– ძირითადად, რა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს?
– ჭიპლარის სისხლი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრულფასოვანი ალტერნატივაა. სადღეისოდ მსოფლიოში 40 000-ზე მეტი ტრანსპლანტაციაა განხორციელებული ლეიკემიის, ლიმფომის, მიელომური დაავადების, თანდაყოლილი ანემიებისა და იმუნოდეფიციტების, ასევე, ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი დაავადებების სამკურნალოდ. ბოლო ათეული წელია, რაც ის წარმატებით გამოიყენება ცერებრული დამბლის, აუტიზმის სამკურნალოდ კლინიკურ კვლევებში თუ გაფართოებული გამოყენების ფარგლებში (აუტიზმის და ცერებრალური დამბლით არაერთ პაციენტზე გვაქვს გადანერგილი ღეროვანი უჯრედები, უახლოეს მომავალშიც იგეგმება რამდენიმე ასეთი პაციენტისთვის ჩვენს ბანკში შენახული უჯრედების გადანერგვა), ასევე სმენის შეძენილი დაზიანების დროს, ჰიპოქსიურ-იშემიური ენცეფალოპათიისას, აპრაქსიის სამკურნალოდ, გულის მანკის: ჰიპოპლასტიური მარცხენა პარკუჭის სამკურნალოდ, ოპერაციის პარალელურად, ტვინის ტრავმული დაზიანების დროს, იშემიური ინსულტის მკურნალობისთვის, პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ და პრევენციისთვის, და ასე შემდეგ.
– ჭიპლარის სისხლის გამოყენება რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ჩვენს ქვეყანაში?
– სადღეისოდ „ჯეოქორდში“ შენახული საკუთარი ჭიპლარის სისხლი ჩვენმა რამდენიმე კლიენტმა გამოიყენა. ყველა პაციენტი იყო აუტიზმის მძიმე ფორმის დიაგნოზით. მათ ჭიპლარის სისხლი გადაენერგათ „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“. მკურნალობიდან რამდენიმე თვეში ყველა მათგანს აღენიშნებოდა მეტყველების გაუმჯობესება, ბავშვები, რომელთა ლექსიკური მარაგი მხოლოდ 1-2 სიტყვა იყო, რამდენიმე თვეში უკვე ასობით და ათასობით სიტყვას და რამდენიმესიტყვიანი წინადადებების წარმოთქმას ახერხებდნენ. მოუწესრიგდათ ქცევები, დაიწყეს სკოლაში სწავლა, ასაკის შესაფერისად არითმეტიკული ამოცანების ამოხსნა, ხატვა, წერა-კითხვა. პაციენტებზე დაკვირვება გრძელდება და მათი მდგომარეობის ყოველმხრივი გაუმჯობესება აშკარაა.
– რეგენერაციული მედიცინის დიდ აღმოჩენად ითვლება ღეროვანი უჯრედები, თუმცა ეს „ ჯადოქარი უჯრედები“ ასევე დიდ როლს თამაშობს დაბერების პროცესის შეჩერებაშიც…
– არის ასეთი გამოთქმა – დიდხანს სიცოცხლე გვსურს დაბერების გარეშე! დიახ, დაბერების პროცესის შეჩერებაში ღეროვანი უჯრედები დიდ როლს თამაშობენ, ასევე სიცოცხლის გახანგრძლივებაში. ჩვენს ქვეყანაში, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70-75 წელია, დასავლეთ ევროპაში შედარებით მეტი, არის პერსპექტივა, რომ ამ პერინატალურ, ანუ მშობიარობის დროს აღებულ ღეროვანი უჯრედების მარაგს თუ გონივრულად გამოვიყენებთ, შესაძლებელი გახდება რამდენიმე ათეული წლით ჩვენთანაც გახანგრძლივდეს სიცოცხლე, ეს ძალიან კარგი იქნება, გესმით ალბათ, გაახალგაზრდავება ეს კარგი პერსპექტივაა, თუმცა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჭიპლარის სისხლი აღდგენით მედიცინაში გამოვიყენოთ.
– პაციენტებში ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაცია რა გზით ხდება?
– ინტრავენურად ხდება ძირითადად ამ სისხლის ტრანსპლანტაცია, ჩვენს შემთხვევაში შეიძლება ტრანსფუზიაც ვუწოდოთ, რადგან მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, აუტიზმის და ცერებრალური დამბლის დროს არ ვიყენებთ, როგორც ეს სიმსივნური დაავადებების შემთხვევებში ხდება.
ჩვენ, ამერიკელებისგან განსხვავებით, აუტიზმის და ცერებრული დამბლის მკურნალობისას საკუთარი ჭიპლარის სისხლი ხერხემლის არხიდანაც შეგვყავს და რატომ გეტყვით; ორივე ზემოთნახსენები დაავადების დროს (აუტიზმი, ცერებრალური დამბლა) ძირითადი პრობლემა თავის ტვინშია, ინტრავენურად გადანერგილი უჯრედები, თუ ძალიან დიდი დოზით არ არის, ვერ მიაღწევს საკმარისი რაოდენობით თავის ტვინამდე, ცირკულაციაში სულ დარჩება 30%, დანარჩენი კი ფილტვებში, ღვიძლსა და ელენთაში ჩაიჭირება, და თავის ტვინამდე მხოლოდ მცირე ნაწილი მიაღწევს, ხოლო ინტრათეკალურად ანუ ჩვენი მეთოდით უჯრედების ასივე პროცენტი მიდის თავის ტვინში.
– რამდენჯერ არის შესაძლებელი ღეროვანი უჯრედების გამოყენება?
– ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები ჩვენ 4 სინჯარაში გვაქვს გადანაწილებული, და სამკურნალოდ გამოყენებული უჯრედების რაოდენობა დამოკიდებულია დაავადებაზე. რადგან ჭიპლარის სისხლის უჯრედების რაოდენობა არის ინდივიდუალური და ეს დამოკიდებულია მშობლის გენეტიკაზე, მშობიარობის გართულებებზე და შედეგად, რამდენად დროულად შეძლეს სისხლის მოგროვება და ა.შ., ამიტომ შესაძლოა მკურნალობის დროს სრულად გაიხარჯოს არსებული მარაგი ან მხოლოდ ნაწილობრივ. უკანასკნელ შემთხვევაში, პაციენტს მომავლისთვისაც შეიძლება დარჩეს ჭიპლარის სისხლის გარკვეული მარაგი.
– და ბოლოს, რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ჭიპლარის სისხლი, რომ იგი ვარგისიანად ჩაითვალოს და მოხდეს მისი შენახვა?
– მნიშვნელობა აქვს ჭიპლარის სისხლის მოცულობას, რადგან უჯრედების რაოდენობას მკურნალობის ეფექტურობისათვის მნიშვნელობა აქვს, ასევე სტერილობას. ჩვენ ჭიპლარის სისხლს ვიკვლევთ სტერილობაზე. ზოგადად, ჭიპლარის სისხლი უნდა იყოს სტერილური – არ უნდა იყოს ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული დაბინძურება. თუ დავადგინეთ ამ სისხლის ბაქტერიული დაბინძურება, ჭიპლარის სისხლის ასოციაციისა და სხვა კომპეტენტური სააკრედიტაციო ორგანიზაციების გაიდლაინების მიხედვით უნდა მოხდეს მისი გამომწვევი მიკრობის იდენტიფიკაცია და ანტიბიოტიკებზე მგრძნობელობის დადგენა. თუ ეს ბაქტერია გამძლე არ არის ანტიბიოტიკების მიმართ, ჭიპლარის სისხლის უნიკალურობიდან გამომდინარე, დასაშვებადაა მიჩნეული ასეთი სისხლის გამოყენება მოხდეს ტრანსპლანტაციისთვის ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე. ამას ექიმი წყვეტს. ვირუსული დაბინძურების შემთხვევაში ჭიპლარის სისხლის შენახვაზე უარს ვამბობთ. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები უკიდურესად იშვიათია.
– ჭიპლარის სისხლი ეს არის უნიკალური მასალა, თუმცა რამდენად ხელმისაწვდომია მისი შენახვა?
– რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ვცდილობთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ უპროცენტო შიდა ერთწლიანი განვადების მეშვეობით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს ჩვენთან. დღეისათვის ათასობით მომხმარებელი გვყავს და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ეს ციფრები.
ნინო მახარაძე
კომენტარები