ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება უსაფრთხოების ექსპერტი, გოგიტა დალაქიშვილი.
– როგორც უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი, როგორ შეაფასებ სოსო გოგაშვილის საქციელს? დავუშვათ, ყველა ის ინფორმაცია, რაც სუს-იდან გასაჯაროვდა, მან გაასაჯაროვა და არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებიც აქვს. პირადი ინტერესი ჰქონდა თუ სახელმწიფოებრივი? ფიქრობდა, რომ საკუთარი ქმედებით და მომავალი მოქმედებებით, სუს-ს ამხელდა და ამით მას ხელს შეუშლიდა მონსტრ სტრუქტურად გადაქცევაში, რომელიც ყველას და ყველაფერს გააკონტროლებდა ქვეყანაში? აწუხებდა ამგვარი დემოკრატიული იდეები?
– ვფიქრობ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არ იყო გოგაშვილის სავარაუდო ქმედებები. თუ სახელმწიფო ინტერესებიდან გამოდიოდა, მაშინ ეს ყველფერი ადრე უნდა გაესაჯაროებინა, არჩევნებიდან მეორე-მესამე დღეს და არა მას შემდეგ, რაც უკვე მის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დევნა. შეიძლება უფრო პირადული იყო. არ დაგვავიწყდეს, რომ გოგაშვილი შეეწირა ორ თუ სამ შიდა სახელმწიფოებრივ ბრძოლას და დამარცხდა. თავს დაჩაგრულად გრძნობდა, რომ ამ ბრძოლებში დამარცხდა სხვა კლანებთან. ყველამ იცის, გოგაშვილი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აგროვებდა კომპრომატებს მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი გადადგა პრემიერობიდან. ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაც, გოგაშვილს ჰქონდა ისეთი ინფორმაციები, რომლებიც პრემიერს აზარალებდა. გოგაშვილი ღარიბაშვილს არ მოსწონდა და ეს ბრძოლა წააგო. გოგაშვილმა ვერ გათვალა, რომ ღარიბაშვილი მეორედ დაბრუნდებოდა პრემიერად.
– უშიშროებიდან ბევრი ხალხი წამოვიდა, მაგრამ ღიად მედიას არც ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი არ დალაპარაკებია, არც ინფორმაცია გამოუტანიათ და მიუციათ მედიასთვის და არც პოსტებით დამუქრებიან ხელისუფლებას. რეალურად, ვინ ვის აძლევდა ინფორმაციებს, შესაძლოა, ეს ვერასოდეს გავიგოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველგან და ყოველთვის მხოლოდ სოსო გოგაშვილი ჩანდა და ყველაფერი მას ბრალდებოდა. თუ გოგაშვილია ყველაფერში დამნაშავე, ვინმემ გაააქტიურა? ვინმეზე მუშაობდა თუ დამოუკიდებლად მოქმედებდა?
– სავარაუდოდ, დამოუკიდებლად მოქმედებდა. გოგაშვილი განაწყენებული იყო თანაპარტიელებზე, თანაგუნდელებზე და დაბოღმილი და განაწყენებული ადამიანის პოზიციიდან ურტყამდა მათ. მას არ ამოძრავებდა პატრიოტული მოტივები. ბოდიშიც კი არ მოუხდია იმის გამო, რომ პანკისში, 19 წლის, უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილი, მძინარე, საწოლში დახვრიტეს. შემდეგ კი თელავიდან ამოიტანა ხელყუმბარა და მიცვალებულს დაუდო, ვითომ ხელყუმბრა ჰქონდა და სპეცრაზმელმა იმიტომ ესროლა. ამას ვლაპარაკობ არა ყურმოკვრით, არამედ კონკრეტულად ამ სპეცოპერაციაში ვინც მონაწილეობდა, ერთ-ერთი სპეცრაზმელის მონაყოლზე დაყრდნობით. რეალურად, მაჩალიკაშვილს ედო ტელეფონი, რომელიც იარაღი ეგონა სპეცრაზმელს სიბნელეში. დაიბნა, აჩქარდა და თავში ესროლა. მერე ეს ხელყუმბარაც ძალით ააფეთქეს ექსპერტიზაზე, ვითომ შემთხვევით აუფეთქდათ. იმიტომ ააფეთქეს, მტკიცებულებად არ გამოდგებოდა, რადგან მასზე არც მაჩალიკაშვილის თითების ანაბეჭდი, არც დნმ-ის ნიმუში არ იყო. ამას მაშინ მიხვდნენ, მაშინ გაიაზრეს, როდესაც მაჩალიკაშვილი უკვე დაკრძალული იყო. ვითომ საქმე შეკერა გოგაშვილმა, რომ ჩადენილი დანაშული გამოესწორებინა, თელავიდან ხელყუმბარა ამოიტანა პანკისში და იმდენი ვეღარ მოიფიქრა, რომ მაჩალიკაშვილის დნმ-ის ან თითების ანაბეჭდების გარეშე, ხელყუმბარას ფასი არ ჰქონდა. მოკლედ, „ნივთმტკიცება“ გააქრეს – აფეთქეს. ეს ყველაფერი სოსო გოგაშვილის „პროფესიონალიზმის“ ბრალია. ამ ამბავზე ციხეში უნდა ჩაესვათ გოგაშვილი. არ ვიცი, იმედს ვიტოვებ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოც მოსთხოვენ პასუხს. ეს იყო უფლებამოსილების გადამეტება, დანაშაულის დაფარვა და მტკიცებულებათა გაყალბება – 3 მუხლით უნდა წაუყენონ წესით ბრალი.
– შენ ამბობ, რომ გოგაშვილი იყო ნაწყენი და დაბოღმილი. თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა ჩაუფარცხა სუს-მა, ამ ხელისუფლებამ. ახლა გოგაშვილი შარშანდელი არჩევნების გაყალბებას რომ აბრალებს „ქართულ ოცნებას“, 2016 წლის არჩევნების გაყალბებას გოგაშვილს აბრალებდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობოები და საზოგადოების დიდი ნაწილი, ეგ იდგა გაყალბების სათავეშიო. აქაც ხელი დააფარეს. გარდა მაგისა, სოციალურად დაუცველის სტატუსით მოვიდა „ქართულ ოცნებაში“ და ახლა მილიონერია ამ ხელისუფლების დამსახურებით. პოსტი ჰქონდა იმხელა, ადრე არც დაესიზმრებოდა იქ მუშაობა და რაღაზე იყო ნაწყენი და დაბოღმილი? მეტი უნდოდა?
– რა თქმა უნდა, მეტი უნდოდა. სრულიად გამოუცდელი ადამიანი დაუმსახურებლად დასვეს ამხელა პოსტზე, მერე უქონელმა უზარმაზარი ფული და ქონება იშოვნა და გაეხსნა მადა, მეტი და მეტი მოუნდა. დიდი ამბიციები ჰქონდა, ვიდრე თუნდაც სუს-ის პირველ მოადგილეს შეიძლებოდა ჰქონოდა. თავი ეგონა მეფე. ბიძინა ივანიშვილის მერე მეორე კაცი ვარ ქვეყანაშიო, ამას კერძო საუბრებში ამბობდა. თანამშრომლებს ზემოდან უყურებდა, იმ ხალხს, ვისაც მართლა ბევრი აქვს გაკეთებული ამ სახელმწიფოსთვის. დიდი ძალაუფლება ჩაუვარდა ხელში და ვეღარ გააკონტროლა საკუთარი თავი. ბევრი მტერი გაიჩინა, როგორც თავისი გუნდის შიგნით, ისე ხალხში. სადაც მისი ადგილი არ იყო, იქ მოინდომა ცხვირის ჩაყოფა, მსხვილი ბიზნესები იყო ეს თუ მაღალი დონის სახელისუფლებო პირებზე გავლენის მოპოვება. იმდენად ოდიოზური პიროვნება იყო, ვეღარ აიტანეს და მოხსნეს. დასაჭერი ადრე იყო სხვა ბრალდებებით, ერთ-ერთი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა უნდა ყოფილიყო და ეს იქნებოდა სამართლიანი. მაგრამ გვიან და თან ისე დაიჭირეს, რომ ახლა პოლიტიკური პატიმრის მანტიას მოისხამს.
– გოგაშვილის დაკავების ოპერაცია, რაც ნახე, რამდენად იყო კანონის ფარგლებში მოქცეული და იმაზე რას იტყვი, რომ მას 13 რეგისტრირებილი იარაღი ჰქონდა და სახლიდან ავტომატი და პისტოლეტი ამოუღეს? ჩაუდეს?
– ვფიქრობ, კანონის ფარგლებში მოხდა ყველაფერი. სპეცრაზმით მისი დაკავება, ბევრს ეჭვებს უჩენს, მაგრამ შესაძლოა, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ წინააღმდეგობას გაუწევდა. თუმცა, შოუს ელფერი ჰქონდა ამ დაკავებას და ცოტა გადამეტებული იყო ამდენი ხალხის იქ მისვლა. შეეძლოთ, ქუჩაში აეყვანათ, ხმაურის გარეშე. ზოგადად, არ მომწონს ოჯახში ღამით მისვლა, სახლში შეღწევა და ადამიანის დაპატიმრება. ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც დაპატიმრება გადაუდებელი აუცილებლობაა, საჩქაროა. დავუშვათ, ეჭვმიტანილი გაქცევას ან მიმალვას თუ აპირებს, რაიმე დანაშაულის ჩადენას თუ აპირებს და ამის შესახებ აქვთ ძალოვანებს ოპერატიული ინფორმაცია. ამ ფორმით ადამიანების დაპატიმრება უნდა დასრულდეს. რაც შეეხება იარაღს, ეს უკვე აპრობირებულ მეთოდად იქცა ჩვენში. რამდენი იარაღიც არ უნდა გქონდეს დარეგისტრირებული, დაკავებისას ერთ დაურეგისტრირებელ იარაღს მაინც „პოულობენ“ სახლში თუ მანქანაში. აქ მეც მიჩნდება კითხვის ნიშნები. 13 იარაღი თუ ჰქონდა, რაღად უნდოდა დაურეგისტრირებელი იარაღი? რა ვიცი, 2 მძიმე მუხლით უკვე დაწყებული იყო გამოძიება და ამ იარაღების ჩადებით, ბრალს დაუმძიმებენ, სხვა ახსნა ამას არ აქვს.
კომენტარები