ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება უსაფრთხოების ექსპერტი, გოგიტა დალაქიშვილი.
– გოგაშვილის დაჭერიდან სამ დღეში გამოქვეყნდა არჩევნების გაყალბების შესახებ ზღვა ინფორმაცია, კონკრეტული გვარები, კონკრეტული სქემები. შენი აზრით, ეს ის ინფორმაცია იყო, რომელიც გოგაშვილმა, მისივე თქმით, უცხოეთის საელჩოებსაც მიაწოდა და თან დააანონსა, ამ მასალებს მეც გამოვაქვეყნებო? და თუ ეს გოგაშვილის მოპოვებული თუ მოპარული მასალები იყო, კიდევ სხვა მასალებიც გამოქვეყნდება არჩევნების გაყალბებაზე?
– ძნელია დაზუსტებით რაიმეს თქმა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს სოსო გოგაშვილის დაანონსებული მასალები უნდა იყოს. დაიჭირეს და მართლა სამ დღეში გამოქვეყნდა. სავარაუდოდ, გაგრძელებაც იქნება. თუმცა, დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ ეს გოგაშვილის მოპოვებული მასალები იყო. ამ მასალებთან წვდომა მასაც ჰქონდა და სხვებსაც. არ გამოვრიცხავ, სხვამ გამოიტანა და გაასაჯაროვა. ისე, რაც ეს მასალები წავიკითხე, ზუსტად ასე მუშაობდნენ წინა ხელისუფლების სპეცსამსახურები არჩევნების წინ – სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორებთან, ქუჩაში ძველ ბიჭებთან, სოციალურად დაუცველებთან… კი, ეს დანაშაულია, კომპრომატია, მაგრამ ახალი არაფერია. ახალი არაფერი იმ გაგებით, რომ ეს კინო წინა ხელისუფლების დროს უკვე ნანახი გვაქვს. მე ველოდები, რომ უფრო სერიოზულ სკანდალურ მასალებს გამოაქვეყნებს გოგაშვილი, რომლებზეც მოხდება სამართლებრივი რეაგირება, რადგან სხვა გზა აღარ დარჩება ხელისუფლებას. მაგალითად, ველოდები მასალების გამოქვეყნებას, როგორ ხდებოდა პოლიტიკური ოპონენტების დამუშავება, დისკრედიტაცია, მათი მოსყიდვა, როგორ ხდებოდა მათი თვალთვალი, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ მოძრაობებში აგენტურის ჩანერგვა… ვინ იყვნენ ამ ყველაფრის შემსრულებლები, უნდა დაიდოს კონკრეტული გვარ-სახელები და თანამდებობები. ჯერ ამ ყველაფერს ვერ ვხედავ. აი, ეს უნდა დადოს გოგაშვილმა. ხალხს ამგვარი მასალების გასაჯაროების მოლოდინი გაუჩინა. ჯერ რასაც ლაპარაკობს, ეს ბელეტრისტიკაა, უმნიშვნელოა ყველაფერი, რასაც ლაპარაკობს.
– თავად თქვი, სუს-იდან მარტო გოგაშვილს არ გამოჰქონდა ინფორმაციებიო. გამოდის, გოგაშვილის დაჭერით, ბევრმა ამოისუნთქა სუს-ში, ბევრის დანაშაული გადაიფარა და შესაძლოა, სამუდამოდ ჩაიფარცხა?
– კი, მაგას ვამბობ ზუსტად. გოგაშვილსაც ხელს აწმენდენ. ეს ერთი გოგაშვილი იყო ყველგან არჩევნების გაყალბების დროს? გოგაშვილი აგვარებდა სკოლების დირექტორების, ძველი ბიჭების, პატიმართა ოჯახის წევრებთან და კიდევ რამდენიმე კატეგორიის ათასობით ადამიანთან საქმეებს? ხმების საფასურად პრობმლემებს ყველას გოგაშვილი უგვარებდა? ეს წარმოუდგენელია.
– გოგაშვილს აბრალებენ, რომ 2018 წელს, საქართველოს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, უკრაინის დაზვერვის თანამშრომელს, გია ლორთქიფანიძეს საიდუმლო მასალები გადასცა, რის საფასურადაც სიღნაღში სასტუმრო „ხირსა“ მიიღო. რამდენად დამაჯერებელის ეს ინფორმაცია? ნამდვილია თუ ეს გოგაშვილის „განაცების“, მისი დისკრედიტაციის მცდელობაა?
– თეორიულად შესაძლებელია ყველაფერი, თავისუფლად შეიძლებოდა, გაეყიდა ინფორმაცია არა მარტო უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის. თუ ეს მართალია, ეს უკვე ადამიანის დაცემაა, მინისტრის მოადგილე იყავი და მერე, როგორც აგენტი, ისე ჰყიდი ინფორმაციას. ასევე, გოგაშვილი როდესაც უკვე დაჭერას ელოდა, იმ პერიოდში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეიძლება მიეცა საიდუმლო ინფორმაცია, ამ ხელისუფლების კომპრომატები, რომ თუ დაიჭერდნენ, მერე ისინი დასდგომოდნენ გვერდში პოლიტპატიმრის საკითხი იქნებოდა ეს თუ სხვა. დანამდვილებით ვიცი, გოგაშვილი ბოლო წლებში ხვდებოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათ შორის პარლამენტის დეპუტატებს და არწმუნებდა, რომ მათ წინაშე არაფერი დაუშავებია და თუ რამ ცუდი გაუკეთა მათ სუს-მა, თავად გოგაშვილი ამ ყველაფერის წინააღმდეგი იყო. ასევე, გარკვეულ, მათთვის სასარგებლო ინფორმაციასაც აწვდიდა. მოკლედ, ურთიერთობის დალაგება დაიწყო პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ახლა ამ შეხვედრებისა და გარიგებების შედეგებს ვხედავთ. პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს იცავენ გოგაშვილს, მათი 99% შეხვედრილია გოგაშვილთან და მისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს მიღებული. ისიც ვიცი, ვის ხვდებოდა და რატომ ხვდებოდა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ შემიძლია.
კომენტარები