საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მხატვართა კავშირის წევრი – გოგი წერეთელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ავრცელებს.
“დღევანდელი დღე ჩვენთვის, სამხატვრო აკადემიის უკლებლივ ყველა თანამშრომლისთვის უმძიმესია… დღეს ჩვენ დავკარგეთ მეორე კოლეგა, მეგობარი და არაჩვეულებრივი პიროვნება. ღრმა მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მხატვართა კავშირის წევრი – გოგი წერეთელი.
ბატონმა გოგიმ დაამთავრა სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება. 1994 წლიდან გახლდათ აკადემიის – გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი, პროფესორი.
იყო მწერალთა კავშირის მთარგმნელობითი კოლეგიის მხატვარი, ჟურნალ „ცისკარის“ მხატვრული რედაქტორი.
აღზარდა სტუდენტების არაერთი თაობა. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ვუსამძიმრებთ ბატონი გოგი წერეთლის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს ამ აუნაზღაურებელ დანაკლისს!”, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.
კომენტარები