“ალიას” ესაუბრება გოგი წულაიას მეგობარი, ლევან ჟღენტი, რომლის მონათხრობსაც სტილის დაცვით გთავაზობთ:
“ერთად წამოვედით გუშინ ქუთაისიდან. გოგის მეგობარი ვარ 15 წელია, 6 წელი პარტიაშიც ერთად ვიყავით. გოგის ახალი პარტიის შექმნა უნდა, უნდოდა შეხვედროდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ამიტომ ჩამოვედით და სამი დღე ვაპირებდით თბილისში დარჩენას. ეს ქალბატონი გუშინ გავიცანი, როცა მანქანით გავუარეთ, რომ თბილისში წამოგვეყვანა. გოგიმ მითხრა, ადრე გავიცანი და ახლა შემთხვევით შემხვდა ნამოხვანჰესის აქციაზეო.
დარწმუნებული ვარ, ჩაწყობილია, აბა, მამაკაცს რომ მოყვები სამი ღამით “შახმატის” სათამაშოდ ხომ არ მოდიოდა? მე პირადად მივიყვანე საღამოს 9-ის ნახევრისთვის კორპუსთან, ერთოთახიან ბინაში დარჩნენ, კონიაკი ჰქონდათ ნაყიდი. უკვე ბნელოდა. 8 სადარბაზო აქვს იმ სახლს და პოლიცია ისე გამოიძახა, ზუსტად უთხრა მისამართი, სადარბაზოს და ბინის. როგორც მითხრეს, გოგის ეძინა, კარი ღია იყო და ეს ქალი პოლიციას ელოდებოდა. პოლიციას გაუღვიძებია გოგი და გაქცევა თუ უნდოდა, ვინ დააკავებდა?
გოგის იარაღს ვერ ჩაუდებდნენ და ვინმეს აყაჩაღებდაო, ვერ იტყოდნენ, ყველამ იცის, რომ ქეიფი და დროსტარება უყვარს და ამიტომ მოუწყვეს ზუსტად ეს. 55 წლისაა კაცი და აქამდე არავისზე გაუწევია საცემრად და რაღა ახლა გაგიჟდებოდა? ამ ქალსაც ბრმა იარაღად იყენებენ, მჯერა. მალე ადვოკატს ავუყვანთ და მოვითხოვთ ექსპერტიზასაც, ოღონდ სახელმწიფო ექსპერტიზას რომ არ ვენდობით, ცხადია.
პოლიტიკურია მისი დაკავება, სხვა მტერი, აბა, არ ჰყავს გოგის. გულის ოპრეაცია ცოტა ხნის წინ გაიკეთა, სიგარეტსაც აღარ ეწევა. რამდენიმე დღის წინ დალია პირველად 2 ჭიქა ღვინო. ახლაც, თუ დალევდა, მაქსიმუმ 2 ჭიქა დაელია ის კონიაკიც.
გოგის ღიად, საჯაროდ აქვს ნათქვამი, არ მოვისვენებ, სანამ ივანიშვილს არ დავამხობ, სულ რომ მარტო დავრჩეო. სწორედ, ასეთი განცხადებების გამო ზის ახლა სინადვილეში!”
“ალიამ” მეორე მხარის პოზიციაც იმდენჯერ გააშუქა, რამდენჯერაც ქალბატონმა ასმათმა ისაუბრა, თუმცა, ნებისმიერ დროს, მზად არის, მისი მონათხრობიც გაავრცელოს.
კომენტარები