ცოტა ხნის წინ, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა ახალი წერილი გაავრცელა, სადაც აცხადებს რომ შს მინისტრის, გომელაურის მოთხოვნები, შს მინისტრისვე დასახელებულმა ადვოკატმა წარუდგინა ციხეში. იგი წერს, რომ გომელაურმა ეს ადვოკატი მის “სანდო პირად” დაასახელა. შეგახსენებთ იმასაც, რომ გოგაშვილისვე მტკიცებით, თუ მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას გომელაური ოჯახის სიცოცხლით ემუქრებოდა.
ვინ არის ადვოკატი, რომელსაც გოგაშვილი ასახელებს?
დიმიტრი მჭედლიშვილი, წინა ორი ხელისუფლების (შევარდნაძის და სააკაშვილის პრეზიდენტობისას) სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა:
1999-2002 წწ. მუშაობდა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოში – კოლეგიის კანცელარიის გამგე – საერთო განყოფილების უფროსის მოდგილე.
2002-2003 წწ. იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის ბიუროს უფროსი.
2003-2005 წწ. იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ბიუროს უფროსი.
2005-2007 წწ. მუშაობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში (დეპარტამენტის უფროსი).
2007-2008 წწ. იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.
2008 წელს ასრულებდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავჯდომარის მოვალეობას.
2008-2009 წწ. იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
2009-2010 წწ. იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
2010 წელს სრულდება მისი ბიოგრაფია სასამართლო სისტემაში. მედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, დიმიტრი მჭედლიშვილს 2010 წელს აკავებენ და პროკურატურა მას ედავება იმ საქმეზე, რომელზედაც მუშაობდა როგორც მოსამართლე, ქრთამის აღებას, 5 000 ლარის ოდეონობით
2013 წლიდან იგი უკვე ადვოკატია და ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2014 წელს იყო აგრარული უნივესიტეტის მოწვეული ლექტორი.
2018 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში მოწვეული ლექტორი.
დიმიტრი მჭედლიშვილს საადვოკატო ბიურო აქვს და მათი დევიზია: “ჩვენ შეგვიძლია დახმარება, რადგან ვიცით, როგორ დავიცვათ თქვენი უფლებები.”
ბოლო პერიოდში, მისმა საადვოკატო ბიურომ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მოახერხეს გაეთავისუფლებინათ ბრალდებული, რომელსაც მძიმე დანაშაულისთვის ასამართლებდნენ, ან მძიმე დანაშაულისთვის ჰქონდა ბრალი შეფარდებული.
“ალიამ” სცადა დიმიტრი მჭედლიშვილთან დაკავშირება, თუმცა, მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა. იმ შემთხვევაში, თუ მოისურვებს პასუხი გასცეს სოსო გოგაშვილის ბრალდებებს, ალია მის პოზიციასაც შემოგთავაზებთ.
“ალია” კომენტარისთვის დაუკავშირდა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტსაც, რომელმა კითხვის წერილობით გაგზავნა გვთხოვა, თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ გაუცია. თუ დავით ასათიანი გვიპასუხებს, მკითხველს მის პოზიციასაც შევთავაზებთ.
კომენტარები