სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიცია, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ ხოლმე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იმნაძის თქმით, ბოლო დღეებში ამბულატორიულ დაწესებულებებში მიმართვიანობამ „ოდნავ მოიმატა, თუმცა ეს საგანგაშო არაა“.
„დღეისათვის მიმართვიანობამ ამბულატორიულ დაწესებულებებში ოდნავ მოიმატა წინა კვირასთან შედარებით, რაც გასაგებია იმიტომ, რომ პირველ და ორ იანვარს ძალიან მძიმედ თუ არ არის ადამიანი, არ მიმართავს კლინიკას და ამიტომაც საკმაოდ დაბალი იყო ეს მაჩვენებელი. ახლა არის 220-მდე 100 000 მოსახლეზე. ასევე, ჰოსპიტალიზაციაში მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების წილი 3%-ით არის გაზრდილი, 22 იყო და ახლა 25-ია. შარშან ამ დროს კი, დაახლოებით 40 იყო.
ჩვენთან ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში. სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიცია, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ ხოლმე. გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. ამ პერიოდში თუ სწავლას შევწყვეტთ, ისედაც პრობლემები გვაქვს ბავშვების განათლებაში და დაგვრჩებიან გაუნათლებლები. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რეალური მეცნიერული საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ სწავლა შეწყდეს.
სამწუხაროდ, ორი ფატალური შედეგი იყო გრიპის ვირუსით გამოწვეული, ორივე დეკემბრის თვეში. მთავარ რეკომენდაციას რაც შეეხება, ორსულებს ვთხოვთ, მათთვის ვაქცინების მარაგი არის და მათ შეუძლიათ მიმართონ და აიცრან. დანარჩენებმა კი ჩვეულებრივად უნდა დავიცვათ ის რჩევები, რასაც სულ ვიძლევით. ხელების ხშირი დაბანა ძალიან კარგი მეთოდია გრიპის თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ჩვენ წელს პირველად გამოვიყენეთ, ეს იყო საბავშვო ბაღის აღმზრდელების უფასო ვაქცინაციის პროგრამაში პროფესიული ნიშნით ჩასმა იმიტომ, რომ მოზრდილებს არ მიეტანათ გრიპი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარები