“ძმები ილია და თენგიზ წულაიები არიან კახი კალაძის მაფიის ყველაზე აქტიური წევრები, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც კალაძე „პროგრეს ბანკს“ ფლობდა”
„ალიას“ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური საკითხების შესახებ, თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
– ლევან, ახალი წელი სკანდალებით დაიწყო ქვეყანაში. როგორ შეაფასებ ამ მოვლენებს რას უნდა ველოდით ახლო მომავალში?
– ვიდრე ახალი წლის პირველ ორ კვირას განვითარებულ მოვლენებს შევაფასებ, ნება მომეცი, გასული წლის ბოლო დღეებში რაც მოხდა, იმაზე ვილაპარაკო. ჩვენმა ხელისუფლებამ, თბილისის მერიამ, სკანდალები და უბედური ამბები სწორედ წინასაახალწლოდ დაუხვავა ხალხს. რაც მოხდა წინასაახალწლოდ, ეს იყო კახი კალაძის სრული ლუსტრაცია. ერთ მილიონიანი ალვის ხე ნაძვის ხედ შემოგვაჩეჩა კალაძემ. ეს იყო პიკი თბილისელების აბუჩად აგდებისა. ის ნაძვის ხედ გასაღებული ალვის ხე რომ მორთეს სათამაშოებით, მათი დიდი ნაწილი იყიდეს ელიავას, ლილოს და სხვა ბაზრობებზე, მრგვალი სათამაშოები, ილუმინაციების ნაწილი რომ შეევსოთ და რაღაცნაირად ნაძვის ხის ფორმა ღამით მაინც მიეცათ იმ უსახური ალვის ხისთვის. ეს „ნაძვის ხე“ 1 მილიონი ლარი კი არა, 10 000 ლარიც არ ღირს რეალურად. ნიუ–იორკის მთავარი ნაძვის ხე დაჯდა 73 000 დოლარი. ევროპაში ყველაზე ლამაზ ნაძვის ხედ, ვილნიუსში დადგმული ნაძვის ხე აღიარეს და ის დაჯდა 90 000 ევრო, 300 000 ლარის ექვივალენტი. მეორე იყო კოპენჰაგენში დადგმული ნაძვის ხე, რომელიც 135 000 ევრო დაჯდა, კახი კალაძემ კი რაღაც სიმახინჯეში მილიონი გადაიხადა, ამდენი არ დამჯდარა არც პარიზის, არც რომის, არც ლონდონის მთავარი ნაძვის ხეები. კი, გვეუბნებიან, რომ ტრენდულია, მაგრამ არ მაქვს ისეთი წარმოდგენა, რომ მე ძალიან გოიმი ვარ და კახი კალაძე და მამუკა მდინარაძე მოდის დამკანონებლები იყვნენ ქვეყანაში. პარიზელები და ლონდონელები გოიმები არიან და კალაძე და მდინარაძე მათზე გემოვნებიანი და მოდურები? ფეხებზე ჰკიდია კალაძეს, საკუთარი „იაგუარი“ კი არ გაყიდა და იმით კი არ იყიდა ეს ალვის ხე, ხალხის ფულით იყიდა. გაჭირვებული თბილისელების ფული დახარჯა ამაში. თან ამ გაჭირვებულ ხალხს უთხრა, თქვენ ლარიან „ტუშონკას“ გიყიდით, 2–2 ლარის ხილს და კანფეტს გიყიდით, ამით შეხვდით ახალ წელსო და ეს მილიონი ლარი ჰაერში გაისროლა.
ამას გარდა, კიდევ სხვა სისულელები გააკეთა კახი კალაძემ წინასაახალწლოდ. მილანში ხომ ეზიდება ამ ბიუჯეტის ფულს. ახლა 12 000 ლარიანი სკამები შეუკვეთა იტალიაში და ისინი უნდა ჩამოიტანოს და დადგას თბილისში. კერძოდ, 90 ცალი ჭავჭავაძის გამზირზე. ვენის, სტოკჰოლმისა და ციურიხის მერები არ აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ ამ ფასის სკამები დადგან თავიანთ ქალაქებში, არადა, ეს ქვეყნები ყვავის მართლა, ამ ქვეყნების, ამ ქალაქების ბიუჯეტში იმდენი ფულია, სად და რაში დახარჯონ, მართლა არ იციან, მაგრამ სისულელეებში არ ხარჯავენ. ბათუმის ბულვარში, სკვერებში ძალიან კარგი სკამები დგას, სხვა და სხვაგვარი და მათი ფასი 400–დან 1200 ლარამდე მერყეობს. ადგეს, იყიდოს ამგვარი, ჯანდაბას, 1200 ლარიანი სკამები და დადგას ჭავჭავაძეზე, დაანებოს თავი იმ 12 ათასიან იტალიურ სკამებს. 2.5 მილიონი ლარი ჯდება ეს სკამები. ამ ფასად, ერთი გამზირისთვის საკმარისს კი არა, მთელი თბილისისთვის საჭირო სკამებს იყიდი, ყველა გამზირსა და პროსპექტზე დადგამ. ხომ არ შეიძლება ყველაფერი იტალიური იყოს ამ ქალაქში? თან 2.5 მილიონი ლარი დიდი ფულია და გამოაცხადოს ტენდერი მერიამ, ადგილობრივი წარმოების სკამები იყიდოს, ერთ ან რამდენიმე ქართულ კომპანიას მოგებას მისცემენ, ბიზნესს წაახალისებს, ხალხი დასაქმდება და ფულს აიღებს, ბიუჯეტშიც შევა ფული გადასახადის სახით. ჩვენ გავასაჯაროვეთ კატალოგი, რომელშიც საქართველოში დამზადებული სკამები იყო. მართლა ფანტასტიკურ სკამებს აკეთებენ საქართველოში, თან ხელსაყრელ ფასად, მაგრამ არ უნდა ეს ქართველების დამზადებული სკამები კალაძეს. რასაც ეგ აკეთებს, ეს არის ადგილობრივი წარმოების მტრობა და ბიუჯეტის ფულის განიავება, სხვა არაფერი. დაიცადე, ჯერ სად ხარ. აქ არ მთავრდება კალაძის ნოუ–ჰაუ. 31 135 ლარი უნდა გადაიხადოს ერთ პორტუგალიურ ნაგვის ურნაში. ორი ნაგვის ურნის ფასად 62 000 ლარად, ბელეტაჟზე სახლს ააშენებ, ან კოტეჯს ჩადგამ ისეთს, ოჯახი რომ იცხოვრებს, თუ ვაჭარბებდე, უნამუსო ვიყო. თან ლაპარაკია მილიონ 800 000 ლარის ნაგვის ურნებზე. 31 ათას ლარიან ნაგვის ურნაში ნაგავი როგორ უნდა გადაყარო? ნაგავი როგორ უნდა აკადრო, ამ ფასიან ნაგვის ურნას? ცოდვაა. სოცდაუცველთა სასადილოში ერთი ადამიანის გამოკვება 1 ლარი და 18 თეთრი ჯდება, მეტი არა და ესენი 31 ათას ლარიან ნაგვის ურნებს და 12 ლარიან სკამებს ყიდულობენ. ეს არ არის სიგიჟე, აბა, რა არის? ჰო, ამ ნაგვის ურნების შესყიდვაზე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, კონტრაქტი გაუფორმა პარლამენტარ ბექა ოდიშარიას ქვისლის ფირმას „ჯითი გრუპს“. ამ კომპანიამ 60 000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კამპანიისას და 160 000 ლარი „ქართულ ოცნებას“. ხომ ნათელია, რატომ გაუფორმა კალაძემ გამარტივებული წესით კონტრაქტი ამ კომპანიას? შემოიტანენ იმ 31 135 ლარიან ნაგვის ურნებს, მერე გარკვეულ თანხას შესწირავენ „ქართულ ოცნებას“ და ცხადია, „ატკატს“ კახი კალაძესაც მისცემენ.
მერე ეს სოციალურად დაუცველების უბნების მიხედვით დაყოფა რა უბედურებააა? თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი რომ დაამტკიცეს, იქ წერია, რომ სოციალურად დაუცველების ერთჯერადი დახმარება ისანში განისაზღვრა 100 ლარით, ვაკეში 400 ლარით, მთაწმინდასა და დიდუბეში 300 ლარით, სამგორში 150 ლარით… სოციალურად დაუცველები პრივილეგირებული უბნების მიხედვით დაყვეს, ამ იდიოტებმა. თურმე დიდუბელი სოცდაუცველი ადამიანს მეტი ხარჯი აქვს, იმას მეტი ფული სჭირდება, ვიდრე სამგორელს. ამის შემდეგ ამათ სერიოზულად როგორ უნდა ელაპარაკო? მერე გადმოდგა მერის მოადგილე და ჩვენ დაგვაბრალა, ოპოზიციამ დათვალა და საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლით გამოიყვანა ეს დახმარებები ასე დიფერენცირებულადო.. აი, მართლა დებილები რომ არიან! ჩვენ რა დავთვალეთ? რაც დოკუმენტში, ბიუჯეტში სწერია სიტყვა–სიტყვით, ის გავახმოვანეთ. გააკეთებენ რაღაც სისულელეს, ჩაიგდებენ თავს სასაცილო მდგომარეობაში და მერე ოპოზიციას აბრალებენ. ამ სისულელეზე პასუხი ვერ გამცეს, ვისაც მოვკითხე მერიასა თუ გამგეობებში, ყველა დამემალა. თუ ჩვენ ავურიეთ, მაშინ გამოდი და თქვი, რომ ჩვენი, ოპოზიციის შეცვლილია ეს მონაცემები და ბიუჯეტი მანახე, სადაც სხვა და სხვაგვარად სწერია. არა, იმალებიან, იციან, რაც სწერია ბიუჯეტში, არაფერი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი ჩვენ არ გამოგვიყვანია, რაც გითხარი, ზუსტად ასეა დაფიქსირებული ბიუჯეტში.
– ეგ რატომ გააკეთეს? არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით ხომ არა? რომელ რაიონებშიც მეტი ხმა აიღეს ადგილობრივ არჩევნებზე, იმ რაიონებზე მეტი თანხები გამოყვეს?
– ამას არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ასეც იყოს. შესაძლოა, პირიქითაც არის. სამგორში მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე ვაკეში და შესაძლოა, წაახალისა ვაკელები. ეს კიდევ არაფერია. სოციალურად დაუცველი მიცვალებულებიც კატეგორიებად დაყო მერიამ – მიცვალებულის ჩასასვენებლები, სასახლეები და სარიტუალო მომსახურება. საბურთალოს რაიონის გამგეობას 700 ლარი უჯდება ერთი სოციალურად დაუცველი მიცვალებულის დაკრძალვა, 90 ლარი გლდანში ჯდება, 160 ლარი სამგორში, 500 ლარი დიდუბეში… ვერ გავიგე, სხვა და სხვანაირი ადამიანები კვდებიან? ყველა მიცვალებულს ერთნაირად რატომ არ უნდა მოემსახურონ? ეს არ არის კიდევ ერთხელ ხალხის შეურაცხყოფა? შარშანდელი წელი „ქართულმა ოცნებამ“ მალხაზ მაჩალიკაშვილის რუსთაველის პროსპექტიდან გაგდებით დაასრულა. 31 დეკემბერი თენდებოდა და ისე, რომ არც საკრებულოს დადგენილებს არსებობდა, არც სხვა კანონიერი გადაწყვეტილება, მიადგნენ შვილმკვდარ მამას, რომელიც თავისი შვილის მკვლელების გამოვლენასა და დასჯას სრულიად კანონიერად ითხოვს და დაუშალეს კარავი. კარავი და ნივთები გადაუყარეს. ველურებივით მოიქცნენ მერიის წარმომადგენლები. ამ კაცს კონსტიტუციურად გარანტირებული აქვს გამოხატვის უფლება და ეს უფლება არც ახალ წელს აქვს აკრძალული. მერე რა ქნეს? პარლამენტის შენობის წინ, საზაფხულო, აკვა–პარკის ატრაქციონები დადგეს, ლურჯი ვეშაპი და ზვიგენები. წყლის ჩამოსასრიალებლები დადგეს ამ ყინვაში. მერე ადგენენ და დაჩუტეს ეს ყველაფერი და უკან წაიღეს. თვითონვე მიხვდნენ, რომ მაგარი სისულელე გააკეთეს. გარემოვაჭრეები აყარეს „ზონდერებმა“ და მერიამ უბრძანა, გინდათ თუ არა, მალხაზ მაჩალიკაშვილი რომ იჯდა, იქ უნდა მიხვიდეთ და ივაჭროთო. არ წავიდა ეს ხალხი რუსთაველზე, ჩვენ იმ ადგილას არ დავსხდებით და ფულს არ ვიშოვნით, საიდანაც შვილმკვდარი მამა გააგდესო და წინა საახალწლოდ და ახალი წლის დღეებში სოლიდური ზარალიც ნახეს. ეს იყო სამოქალაქო სოლიდარობის უპრეცენდენტო მაგალითი.
– ლევან, კახი კალაძე ე.წ. ხრუშჩოვკების“ პრობლემის მოგვარებას აპირებს და ამ ძველი კორპუსებიდან, ვარკეთილში აპირებს ხალხის გადაყვანას თანამედროვე კორპუსებში. ამ კორპუსებს კი დეპუტატ ილია წულაიას ძმის, თენგიზ წულაიას კომპანია ააშენებს.
– ეს იმდენად ცალსახად კორუფციული სქემაა, სუს–მაც კი ვერ აუარა გვერდი და გამოძიება დაიწყო. 16 მილიონი უძრავი ლარის ქონება ილია წულაიას ძმის კომპანიას 1 ლარად გადასცა ვარკეთილში, მესამე მასივში. კერძოდ, გასულ 2019 წელს, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში „შპს ვარკეთილი დეველოპმენტმა“ გაიმარჯვა. მასვე გადაეცა სიმბოლურ ფასად ვარკეთილში მდებარე 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც, რომელზეც დაახლოებით 75 ათასი კვ.მ-ის ფართი უნდა აშენდეს.
„შპს ვარკეთილი დეველოპმენტი“ თბილისის, მერის, კახი კალაძის მეგობრისა და მეჯვარის, დეპუტატ ილია წულაიას ოჯახური ბიზნესია, „არქი ჯგუფთან~ ერთად.. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ შპს „ვარკეთილი დეველოპმენტი“ 2019 წლის 12 მარტს დარეგისტრირდა (ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებაზე ინტერესთა გამოხატვა დაახლოებით ამავე პერიოდში გამოცხადდა). ასევე ცნობილია რომ კომპანიის დირექტორი დიმიტრი ადამიაა, რომელიც პარალელურად, კომპანიის 50 %-ანი წილის მფლობელია. მეორე 50 %-ს კი თენგიზ წულაია ფლობს. ადამიაც და წულაიაც შპს არქის ჯგუფის მეწილეები არიან. მეტიც, თენგიზ წულაია ასევე „არქი პრომოუშენის“ დირექტორია, „არქი ენერჯიში“ კი, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ილია წულაია 30%-იანი წილს ფლობს, წილის მმართველი და დირექტორი. თენგიზ წულაია წილის მმართველი და ხელმძღვანელია „არქი საბურთალოშიც“. აღნიშნულ შპს-ში წილს ილია წულაიაც ფლობს. კალაძის გეგმით, ვაჟა ფშაველასა და დიღომში მდებარე „ხრუშჩოვკებში“ მცხოვრებ მოქალაქეებს, ვარკეთილში მოუწევთ გადასახლება მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი მხრივ, წულაიების ბიზნესი გააძლიერონ, მეორე მხრივ კი, ბევრად ძვირადღირებული ადგილები გამოათავისუფლონ, სადაც უკვე, ახალი მშენებლობები დაიწყება. მოკლედ, თავის საძმაკაცოს მისცა „ხრუშჩოვკების“ პროექტის განხორციელების საშუალება კალაძემ, 16 მილიონის ქონებაც აჩუქა და მე პირადად, ეჭვი არ მეპარება, რომ თავადაც წილშია და კარგად იხეირებს ამ საქმიდან. ლონდონის არბიტრაჟმა დადო დასკვნა, რომ თენგიზ წულაია დაკავშირებულია კახი კალაძის ყოფილ „პროგრეს ბანკთან“ ფულის გათეთრების საქმეში და შესაძლოა, ილია წულაიაც იყოს გარეული ამ საქმეში. ამ ხალხთან საქმე საერთოდ არ უნდა დაიჭირო, არათუ მათ ამხელა საჩუქარი გაუკეთო თბილისელთა ხარჯზე და ამხელა პროექტის განხორციელების უფლება მისცე. ძმები წულაიები არიან კახი კალაძის მაფიის ყველაზე აქტიური წევრები, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც კალაძე „პროგრეს ბანკს“ ფლობდა.
– ლევან, ბაკურიანსა და გუდაურში კვირაზე მეტი არ იყო წყალი. ამ პრობლემის მოგვარებაში ჩაერია ინფრასტრუქტურისა და რეგიონების მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, პრემიერი გიორგი გახარია, რეგიონის გუბერნატორი და კიდევ სხვა მაღალჩინოსნები,მთელი სახელმწიფო სისტემა ჩაერთო ორ პატარა კურორტზე უწყლობის საკითხის გადასაჭრელად. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა არ მუშაობს, ქვედა რგოლები პარალიზებულია და დამოუკიდებლად პრობლემების მოგვარება არ შეუძლიათ.
– კი, რაც ვნახეთ, ეს მაგის ნათელი დასტურია. უუნარო და არაფრისმკეთებელი ხალხია თანამდებობებზე, არაფრის კეთება არ იციან და იმიტომ ვართ ამ დღეში. გაგიკვირდება და გუდაურში წყლის პრობლემა კახი კალაძესთან პირდაპირ კავშირშია. ზამთრის ტურისტული სეზონის დაწყებამდე, კახი კალაძემ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის, აკაკი ალადაშვილის ცოლის ძმის სერგო შუღაროვის კომპანიას 21 მილიონი ლარი მისცა, რომ გუდაურში ზვავსაწინააღმდეგო ასაფეთქებელი მოწყობილობები დაეყენებინათ. გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გაუფორმეს ხელშეკრულება. ალადაშვილისა და შუღაროვის ეს ფირმა ადრე მემწვანილეობით იყო დაკავებული, სათბურები ჰქონდათ, არანაირი შეხება არ ჰქონიათ ზვავთან და მით უფრო, ზვავსაწინააღმდეგო ასაფათქებელ საშუალებებთან. მემწვანილეებს გაუფორმა კალაძემ კონტრაქტი, რომ გუდაურში ზვავი შეეკავებინათ, თუ ამის საფრთხე გაჩნდებოდა. ეს ფული კალაძემ გადაყარა წყალში. 21 მილიონ ლარად, ტენდერების მეშვეობით, გუდაურის ზვავსაწინააღმდეგო საშუალებებსაც დაამონტაჟებდნენ, გუდაურს დამატებითი წყლის რეზერვუარებით დაქსელავდნენ და იმდენი ფულიც დარჩებოდა, ბაკურიანის წყლის პრობლემაც მოაგვარებინათ.
– მურად წურწუმიას მკვლელობას ოპოზიცია სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ადარებს. შენ რას იტყვი?
– შედარებისგან ჯერ თავს შევიკავებ, მაგრამ თუმცა თავისი შინაარსით და თავისი მოქმედებით, არათუ არ ჩამოუვარდება, შესაძლოა, უფრო სადისტურიც არის. თვალი ამოთხარეს ადამიანს და მკვდარი დააგდეს ქუჩაში. თან გააშიშვლეს და ისე დააგდეს. ნორმალურ და საღად მოაზროვნე ადამიანს ეს თავში აზრად როგორ უნდა მოუვიდეს. ეს კაცი განსაკუთრებულ დეპარტამენტთა განყოფილების უფროსი ყოფილა. თან ერთი კაცი ჰყავთ დაკავებული, როცა ყველამ იცის, რომ ორნი იყვნენ და იმ მეორეს არავინ ახსენებს. ჟურნალისტებს რომ არ გაეგოთ, ამ ამბავს საერთოდ მიჩქმალავდნენ. რამდენია, რასაც ვერ ვგებულობთ. რა თქმა უნდა, სისტემური დანაშაულია. როდესაც თავად არის ხელისუფლება მოძალადე, როდესაც გახარიამ თავად გასცა 20 ივნისს ის ბრძანება რომელიც გასცა, როცა მას ხელი ურევია ია კერზაიას საქმეში და პირადად არის ამის თანამონაწილე. ის ქალბატონი შეეწირა ამ ამბავს და გახარია ამ ყველაფერში პირადად მონაწილეობდა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკლელობამდე მიმყვანი, ფაქტიურად, მისი მკვლელი პოლიციის გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი „ჩალიჩობს“, რომ საპროცესო გარიგებით გამოვიდეს ციხიდან და პატიმრობა აირიდოს. ამაში ჩართულია მთელი სახელმწიფო სისტემა. როგორც ჩანს, საერთოდ არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებენ იმ პოლიციელებს, რომელთაც ჩოლოიანის მითითებით მოახდინეს სხვა და სხვა სახის ზეწოლა ამ ბავშვზე. ეს არის სისტემა, რომელიც კლავს. ეს ხელისუფლება კლავს და რაც შეიძლება, მალე უნდა მოვიშოროთ.
ლევან ჯავახიშვილი
კომენტარები