თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, რომელმაც თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საჯაროდ ბოდიში მოიცადა:
„ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეული, მძიმეა, როცა მმართველ გუნდს, პირადად მე და ჩემს კოლეგებს უაპელაციოდ, უსამართლოდ და უღირსად სდებენ ბრალს რუსეთის ინტერესების გატარებაში. მით უმეტეს, როდესაც ამას სისტემატური ხასიათი აქვს. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც, ბუნებრივია, არასოდეს შევეგუებით. ძალიან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაღრმავებისთვის, დეოკუპაციისთვის და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის. როდესაც სამარცხვინოდ და უაპელაციოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში, კრემლთან კავშირში და კრემლის ინტერესების გატარებაში, რა თქმა უნდა, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ემსახურებოდა. მეორე ნაწილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ვაღიარებ, რომ ეს იყო ემოციურად გადაჭარბებული, იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ მუდმივად ვისმენთ. ამის გამო, გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო. ამასთან დაკავშირებით სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ყველაფერი გასაგებია“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
,,ტყუილის თქმა წესად ექცა თეონა აქუბარდიას, ამ უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას“ – ირაკლი ბერაია
კომენტარები