პოლიტიკოსი ირინა სარიშვილის გენიალური მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ისე გაუფასურდა თანაგრძნობის სიტყვები ბევრჯერ ყალბად ამოთქმული, არც კი ვიცი, ღირს კი ან საერთოდ შესაძლებელია გამოვთქვა რას ვგრძნობ გურამ დოჩანაშვილის მიმართ? ალბათ არა. ჩემთვის გარკვეულ ასაკში ყველაზე მაგარი მწერალი და ყველა ასაკში უტრაგიკულესი, ძალიან კეთილი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან, ოღონდ არა ახლა, არამედ ბევრად უფრო ადრე – შვილთან ერთად გადაფრინდა იმ უცნობ სამყაროში და დღემდე მხოლოდ მის ლანდთან გვქონდა ურთიერთობა ყველას. როცა პირველად მასთან შინ მოვხვდი, როგორ გავს თავის სახლსმეთქი გავიფიქრე – დაცარიელებულ ოთახს, სადაც სკამების მაგივრად წიგნები ეწყო იატაკზე და ეს იყო ის შემზარავი სინამდვილე, რაშიც ის ცხოვრობდა შვილის სიკვდილის შემდეგ. მარტო თვალები ჰქონდა ძველებურად მოციმციმე, თითქოს სულ იღიმოდა. გურამ დოჩანაშვილი დღეს არ წასულა – მან ბევრად ადრე დაგვტოვა და დღეს მხოლოდ გარდაიცვალა“, – წერს სარიშვილი.
კომენტარები