გადაცემა „პატრულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, გოჩა მუკბანიანმა, თეა წულუკიანის შეკითხვას, ყოფილა თუ არა 2012 წლის შემდეგ გურამ დონაძის ან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისგან ზეწოლა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, არ ეთქვა სიმართლე ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, – ასე უპასუხა:
„დონაძეს ჰყავს ორი და, მე ვიზუალურად ვიცი ისინი, ალბათ ორჯერ მყავს ოფისში ნანახი. მიკავშირდება [დონაძის დებიდან] ერთ-ერთი და ძალიან თბილად და ტკბილად მთხოვს მასთან შეხვედრას. დონაძის დის გამოჩენა, ამდენი წლის შემდეგ, ზუსტად მივხვდი რას ნიშნავდა და არ მიცნობს ეს ადამიანი. მე მას ვუთხარი, რომ თუ ეს მე და თქვენ პირადად არ გვეხება და მესამე ადამიანს ეხება, ჯობია, არ შევხვდეთ ერთმანეთს. ამის შესახებ მაშინვე ჩავაყენე საქმის კურსში საგამოძიებო ორგანოები, იმიტომ, რომ მივხვდი რა და როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო. მან ასევე მომიგზავნა ორი ძველი თანამშრომელი, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა. ზოგს იძულებულს ხდიდა რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე – კაცმა არ იცის, ვის რა ვალი ჰქონდა დონაძის, ამაზე მე ვერ მოვყვები. ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტია ერთ-ერთი არხის ახლა, ტვინი და გონება არ აკლია, მაგრამ ჟურნალისტი არ ვიცი რამდენად არის, ჟურნალისტობა არ ჰქვია რასაც ის აკეთებს, მაშინ მუშაობდა გადაცემა „პატრულში“ ეს გოგონა, ახლა ქალბატონი, ისიც დამიკავშირდა. მოკლედ, რამდენიმე ადამიანი მომიგზავნა და მიხვდა, რომ პრობლემა იყო ჩემთან ახლოს გაკარება იმ პერიოდში, როცა გამოძიებაში იყო საქმე“, – აღნიშნა გოჩა მუკბანიანმა.
კომენტარები