რეჟისორი, ბექა რამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“გურამ გეგეშიძე გარდაცვლილა…
ისევე ჩუმად როგორც ცხოვრობდა… არა და ათი მარკესის სადარი წიგნი დაგვიტოვა, რომელიც დღემდე არ იცის დიდმა უმრავლესობამ…. სამაგიეროდ აგერ გიგა ნასარიძის “შემოქმედებაა” ბესტსელერი 🙁
“პოლკოვნიკი ადგილიდან წამოიჭრა, სკამი ხმაურით გასწია და მხედრული ნაბიჯით გამოემართა ჩოხოსანი ქართველებისკენ.
– შესწყვეტთ თუ არა თქვენს ძაღლურ ენაზე ყბედობას? -დაიქუხა მან და ისედაც წვრილი თვალები კიდევ უფრო დაუწვრილდა და დაუსისხლიანდა.
ნესტორი უსიტყვოდ წამოდგა. იმავე წამს ჰაერში პრიალა სატევარმა იელვა და პოლკოვნიკის მოსხეპილი თავი გორაკის წვერიდან დაგორებულ ქვასავით გადმოგრდა მხრებიდან და როგორც მარგილს, ისე დაესო მაგიდაზე მდგარ შამპანურის ბოთლს. ამოხეთქა სისხლმა გადაჭრილი ძარღვებიდან, ერთბაშად წითლად შეიღება ეპოლეტები და მწვანე მუნდირი, უთავოდ დარჩენილი სხეული ჯერ ისევ მაგიდასთან იდგა, მერე ნესტორმა სისხლიანი სატევარის წვერი მიაბჯინა მკერდზე და უაზროდ დარჩენილი ხორცის გროვა იატაკზე გაიშხლართა. ნესტორმა სატევარი ჩააგო, სკამზე დინჯად დაჯდა და ხმამაღლა დაიძახა:
– პოლიცმეისტერი მომგვარეთ აქ!”…
გურამ გეგეშიძე – “ხმა მღაღადებლისა”
შეგახსენებთ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი გურამ გეგეშიძე.
პირველი მოთხრობა „სანამ ერთად ვართ“ გურამ გეგეშიძემ 1957 წელს, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. იყო რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორი. განსაკუთრებით ცნობილია მისი რომანები: „სისხლის წვიმები“ და „ხმა მღაღადებლისა“.
კომენტარები