ტელეჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ფეისბუქზე წერს:
“დღეიდან ძალიან საპასუხისმგებლო ფაზაში შევდივართ.
პირველი გამოცდა საღამოს უნდა ჩავაბაროთ. ჟანრის კანონებით, დღეს აქციაზე იმდენი ხალხი არ იქნება, რამდენიც 20-ში გამოვიდა.
შესაძლოა, ორგანიზატორების მიერ წარმოდგენილი გეგმაც არ იყოს ყველასთვის მოსაწონი. ზოგს უფრო მეტი ენდომება, ზოგს – ნაკლები.
თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ გრძელი გზა გვაქვს, იმედი გაგვიცრუვდება.
ფრუსტრაცია კი ჩვენი პირველი მტერია ახლა. სამხრეთელი ხალხი ვართ, ყველაფერი დღესვე გვინდა. არ გვიყვარს დისციპლინა და გზამკვლევებით სიარული.
მაგრამ, თუ მართლა გვინდა ევროკავშირში – მოგვიწევს.
ჩემი აზრით, ამ კონკრეტულ ვითარებაში, როცა მთელი დასავლეთი ჩვენი მოკავშირეა (ჩვენი და არა ქვეყნის ხელისუფლების), მთავარი საფრთხე ბიძინა აღარ არის. არარეალური მოლოდინების შექმნა და მერე იმედგაცრუებების ჯაჭვი იქნება ჩვენი მთავარი საფრთხე ამ წელიწადში.
კარგი ისაა, რომ მიზანი ძალიან ცხადი და ხელშესახებია. ამ მიზნამდე მისასვლელი დროც წინასწარაა დათქმული.
მოკლედ, არც ჩემთვის იქნება იოლი, მაგრამ დისციპლინას და წინასწარ შეთანხმებული ნაბიჯებით სიარულს ალტერნატივა არ აქვს. ყველას მოგვიწევს დაფიქრება – რისი გაღება, რა მსხვერპლზე წასვლა შეგვიძლია ინდივიდუალურად მიზნამდე მისასვლელად.
ახლა გუშინ ცხელ გულზე ღარიბაშვილის სქრინზე გაკეთებულ უწმაწურ კომენტარს წავშლი. ეს იქნება ჩემი პირველი მსხვერპლი, მაგრამ ბევრად მეტის გაღებისთვის ვარ მზად.
იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გააგრძელონ ამ ქვეყანაში ცხოვრება ჩემთვის საყვარელმა ადამიანებმა, თუ ევროპის ფანჯარა 31 დეკემბერს დაიგმანა.
კომენტარები