“თბილისი”, “მერანი”, “მამა” – ეს ტერენტი გრანელის ნახატების ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სკულპტურებში გააცოცხლებენ და წალენჯიხაში, სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსებენ. ინიციატივა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის.
წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას განმარტებით, მოხდება ტერენტი გრანელის 30-მდე ნახატის სკულპტურების შექმნა და მათი განთავსება, როგორც გრანელის სახელობის პარკის შესასვლელში, ასევე, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე.
“გვაქვს ბედნიერება წარმოგიდგინოთ ტერენტი გრანელის მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს არამხოლოდ პოეზიას, არამედ, მხატვრობასაც. აღმოჩნდა, რომ ის ასევე ხატავდა, მაშინ, როცა გამომწყვდეული ჰყავდათ საავადმყოფოს კედლებში, ხატავდა შპალიერის ნაგლეჯებზე, ფურცლებზე, რეცეპტებზე და საბოლოო ჯამში, მისმა მემკვიდრეობამ 900-მდე ნახატი შეადგინა. ოჯახთან ერთად, ჩვენ მოვახდინეთ მათი კლასიფიცირება, ექსპერტებთან ერთად მოხდა მისი ხელოვნების შეფასება და აღმოჩნდა, რომ ის, ისეთივე გენიალურია მხატვრობაში, როგორც პოეზიაში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, მოხდა ამ ნახატების უნიკალური კრებულის გამოცემა და ეს კრებული, მაღალი პოლიგრაფიით, 900-ვე ნახატს მოიცავს. ასევე, მოხდა მისი ბიოგრაფიის ხელახალი დანახვა. ანუ, არა იმპერიალისტური ხედვებითა და გაყალბებული ბიოგრაფიით, არამედ, ამ პოეტი, პატრიოტი პიროვნების ნამდვილი ბიოგრაფია არის ამ წიგნში შეტანილი. ჩვენ ვახდენთ მისი შემოქმედების პოპულარიზაციას და წალენჯიხის მერიამ გადაწყვიტა ამ ნახატების გადატანა ლითონის კონსტრუქციებში. შეირჩა შემდეგი კომპიზიციები: ”თბილისი”, “მერანი”, “მამა” (სამსონ კვირკველია) და ეს შესანიშნავი კომპოზიციები დაამშვენებენ ტერენტი გრანელის პარკის შესასვლელს. საბოლოო მიზანია, მხატვრული თვალსაზრისით შერჩეულ იქნას 30-მდე კომპოზიცია, რომელსაც ბატონ, ბესო ხუბუტიასთან ერთად, განვათავსებთ წალენჯიხაში სხვადასხვა ლოკაციებზე, რათა ჩვენი მოქალაქეები ხშირი შეხებით იყვნენ დაკავშირებული ტერენტი გრანელის შემოქმედებასთან. ეს მემკვიდრეობა, თავისი უნიკალურობით, უკვე, ამშვენებს არამხოლოდ სამხატვრო-საგამოფენო სივრცეებს, არამედ, გადადის სკულპტურაშიც”, – განაცხადა წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ.
კომენტარები