დეკანოზი თამაზ ლომიძე:
დღეს, ამ ეპიდემიის პირობებში, ხშირად გვესმის ხოლმე ზოგიერთი, უმწიფარი და რელიგიურ ხიბლში მყოფი ადამიანისგან საშინელი მოწოდება, რომ თითქოს რა მოხდა, იცოცხლებ თუ მოკვდები, ან რად გინდა სიცოცხლე თუ უფალს არ უნდა შენი სიცოცხლე ან ბრიყვული, ფსევდორელიგიური “დასკვნები”, რომ მორწმუნეს სიკვდილი უფრო უნდა უნდოდეს, ვიდრე სიცოცხლე, რომ სიცოცხლე მორწმუნისთვის სრულებითაც არ უნდა იყოს ძვირფასი და მერე რა, თუ მოკვდება ადამიანი და ბევრი ამგვარი მკვლელი და უკიდურესად მავნე საუბრები.
დაიმახსოვრეთ: სიცოცხლე ქრისტიანობაში არის უმაღლესი ღირებულება და სანამ ადამიანი ცოცხალია, უნდა ახსოვდეს, რომ უძვირფასეს და მარადიულ საჩუქარს ატარებს უფლისგან საკუთარი სიცოცხლის სახით. შენი სიცოცხლე შენ არ გეკუთვნის. ღმერთისგანაა მოცემული და შენ არა გაქვს უფლება ზერელედ მოეპყრა მას. სიცოცხლე არა მხოლოდ სხვა ადამიანის, საკუთარიც აბსოლუტურად ხელშეუხებელი და ძვირფასია.
ამას სრულიად ნათლად და ცალსახად გვასწავლის სახარება. თვით უფალი იესო ქრისტე, რომელმაც იცოდა, რომ მორწმუნეთა გამოსასყიდად და მსხვერპლად იყო მოვლინებული და რომ ბოროტი ხალხის მიერ ჯვარცმა და სიკვდილი ელოდა, სიკვდილის წინა ღამეს, გეთსამანიის ბაღში ასე ლოცულობდა მამა ღმერთის წინაშე: მამაო, ამარიდე ეს სასმისი თუ ეს შესაძლებელია (მთ. 26,39) გესმით? მამა ღმერთს სთხოვდა კაცი იესო: ამარიდე ეს სიკვდილი თუ ეს შესაძლებელია, თუმცა, დაე მოხდეს არა ისე, როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენო. ღმერთის ნებას ემორჩილებოდა სრულად, თუმცა სიკვდილის წინაც სურდა სიცოცხლე. ამით გვიჩვენა თუ რა ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე და რომ არასოდეს ზერელედ არ უნდა მივუდგეთ საკუთარ თუ სხვის სიცოცხლეს. დაიმახსოვრეთ: არ ენდოთ არავის, ვინც სიცოცხლეზე ზერელედ გელაპარაკებათ.
სიცოცხლე არის ქრისტიანობის უმაღლესი ღირებულება. უნდა გვახსოვდეს ეს.
დეკანოზი თამაზ ლომიძე
კომენტარები