დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პირბადეებთან და მათი გამოყენების წესებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ამირან გამყრელიძე განმარტავს, გვიცავს თუ არა შავი პირბადე და რომელი პირბადეების გამოყენება არაა საჭირო დღევანდელ ვითარებაში.
ამირან გამყრელიძემ ამ კომენტარით უპასუხა მედიის კითხვას, „ჩვენ ყველანი ვატარებთ განსხვავებულ პირბადეებს, ბევრი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, თუ რომელი პირბადე იცავს და რომელი – არა. ე.წ. შავი პირბადეებიც ბოლო პერიოდში ძალიან ფართო გამოყენების საგანი გახდა, რამდენად გვიცავს ასეთი პირბადეები?“.
„შავი პირბადე იქნება, თეთრი, თუ გვარებს არ დავასახელებ, ცნობილმა დიზაინერებმა დაიწყეს თავიანთი ლოგოთი პირბადეების შეკერვა, კარგია, რომ საქართველოში როგორც ინდმეწარმეებმა, ისე მრეწველობამ დაიწყო პირბადების შეკერვა. ეს ძალიან კარგია. ზოგადად, ჩვენთან რასაც ვხმარობთ არის რესპირატორები და პირბადეები N99, რომელიც ყველაზე უფრო საშიში ინფექციის დროსაა, ეს არ გვჭირდება, N95, ასევე საშიში ინფექციების დროს, რომელიც არც ერთ თქვენგანს არ გიკეთიათ, მაგრამ გვაქვს მარაგში. შემდეგ არის ის პირბადეები, რასაც ეძახით პირბადეებს, არის ე.წ. ერთჯერადი ხმარების, ქირურგიულ პირბადეს ვეძახით, რომელიც 2-3 საათი შეიძლება გეკეთოთ და შემდეგ უნდა გადააგდოთ. არის ასევე პირბადე, რომელსაც ახლა კერავს საქართველოს ერთ-ერთი სამკერვალო საწარმო, რომლის დანიშნულებაც ძირითადად არის საყოფაცხოვრებო და მრავალჯერადი ხმარების, ანუ, შეგიძლიათ გარეცხოთ და კარგად დააუთაოთ. ის ძირითადად საყოფაცხოვრებო მიზნით იხმარება, მაგრამ თუ სამედიცინო პერსონალი იხმარს, ის ერთჯერადი ხმარების უნდა იყოს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები