წალენჯიხის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ეკა სამუშია ბაჩო ქანთარიას კანდიდატურას, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, კრიტიკით ეხმაურება. საკრებულოს წევრის აღშფოთება ბაჩო ქანთარიას ადრინდელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, ქანთარია ენმ-ს წევრი არ არის. შესაბამისად, სამუშია მიიჩნევს, რომ ბაჩო ქანთარია პარტიის რაიონული თავმჯდომარეობის საკითხში უუფლებოა.
“ბოდიში, მაგრამ ამ პიროვნებამ უარი განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრობაზე და უპარტიო უწერია. ადამიანს, რომელიც ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს და წევრებს გვლაძღავდა, “ქოცებთან” კოჰაბიტაციას გვაბრალებდა და წლების მანძილზე გვებრძოდა, დღეს, რა ნამუსით უნდა ჰქონდეს პრეტენზია პარტიის თავმჯდომარეობაზე?! სართოდ დაკარგეთ ნამუსი ამ პარტიაში?!” – წერს ეკა სამუშია.
მოგვიანებით, ეკა სამუშია, გამოცემა “თაიმერთან” აკეთებს კომენტარს და ამბობს:
“უდიდეს პტივს ვცემ ავთანდილ გაბელიას, მაგრამ, თუ შევნიშნე, რომ ბატონი გაბელია არჩევნებში ბაჩო ქანთარიას სასარგებლოდ იმოქმედებს და მისი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, განცხადებას გავაკეთებ სადაც საჭიროა და შემდეგ უკვე დავდებ არგუმენტებს, ვის წარმოადგენდა ქანთარია და რა როლს თამაშობდა ის წალენჯიხაში! ვგულისხმობ, პოლიტიკურ სპექტრს. დღემდე ვერ ვხსნი, თუ რატომ აქვს ამბიცია, ან პრეტენზია ბაჩო ქანთარიას წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყოს?! ერთი კვირაა (შეგნებულად) არ მივსულვარ საკრებულოში და შესაბამისად, არ მიმიღია მონაწილეობა ამ პროცესებში”.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ავთანდილ გაბელიამ დაკავებული თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად კი, მამუკა ქარდავა და ბაჩო ქანთარია იბრძოლებენ.
“ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რაიონულ ორგანიზაციაში, კერძოდ, 63 მუნიციპალიტეტში, არჩევნები 17-20 მაისს ჩატარდება.
კომენტარები