დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ თელავის სახელმწიფო თეატრმა პრორუსულ “ალტ-ინფოს“ შეხვედრისთვის თეატრის შენობა დაუთმო. ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი DRI ავრცელებს.
AMBEBI.GE თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ პაატა გულიაშვილს დაუკავშირდა. მსახიობი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა “ნაცი” იქნება თუ “ქოცი”, როდესაც თეატრი თავისუფალია, ისინი იჯარით გასცემენ.
პაატა გულიაშვილი:
“ჩვეულებრივ შემოვიდა წერილი იჯარასთან დაკავშირებით, ისე, როგორც შემოდის ხოლმე. თუ თეატრი თავისუფალია, “ალტ-ინფო” კი არა, “ნაცია” თუ “ქოცია”, ვინც არ უნდა იყოს, ვაქირავებთ, თეატრი არის საჯარო, გვქონდა საშუალება და მივაქირავეთ”.
“კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ემზადება. მას შეხვედრისთვის სივრცეს სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც უთმობენ.
რეგიონული ვიზიტები პირველ ოქტომბერს დაიწყეს. მათ უკვე ჩაატარეს შეხვედრები ოთხ ქალაქში – თელავში, გორში, რუსთავსა და მცხეთაში.
თელავში შეხვედრა 2023 წლის 1-ლ ოქტომბერს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარდა. თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სახელმწიფოსგან ფინანსდება.
კომენტარები