ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის შორეული ავიაციის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტი სერხი კობილაშისა და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის დაკავების ორდერები გასცა.
კობილაში და სოკოლოვი ეჭვმიტანილები არიან 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე, უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში.
ICC-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ კობილაში და სოკოლოვი პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებზე აღნიშნულ პერიოდში.
ჰააგამ დაადგინა, რომ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე რუსი სამხედროების მხრიდან, მიზანმიმართულად ხორციელდებოდა.
სასამართლო ასევე ასკვნის, რომ დარტყმებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებზე მეტად, მშვიდობიანი მოსახლეობა დააზარალა.
ჰააგის გადაწყვეტილებას ეხმაურება ვოლოდიმირ ზელენსკი და სოციალურ ქსელში წერს:
,,მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რუსეთის შორ მანძილზე მყოფი ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ, რომლებიც ბრალდებულნი არიან ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. დანაშაულები ჩადენილ იქნა რუსეთის მიერ 2022 და 2023 წლებში უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, დაბომბვის დროს.
ყველა რუსმა სარდალმა, რომელიც გასცემს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ბრძანებას, უნდა იცოდეს, რომ სამართლიანობა აღსრულდება. ყველა ასეთი დანაშაულის ჩამდენმა უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს.
საერთაშორისო მართლმსაჯულება დროს მოითხოვს, მაგრამ ეს გარდაუვალია. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რათა უკრაინელი ბავშვების, ქალებისა და კაცების მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსი მხეცები დაუსჯელი არ დარჩნენ. და ვერცერთი ვარსკვლავი მხარზე, ან კაბინეტის კარზე, ვერ დაიცავს მათ პასუხისმგებლობისგან.”
კომენტარები