აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
,,მუსულმანური სამყაროს რეაქცია პალესტინის კრიზისზე ფრიად არაერთგვაროვანია.
ოფიციალური ეგვიპტე, იორდანია და საუდის არაბეთი დიდი სიმწვავით არ გამოირჩევიან. ცხადია, ისინი ითვალისწინებენ საკუთარი მოქალაქეების პროტესტს და ხმამაღლა უერთდებიან ყველა ე.წ. სამშვიდობო მოწოდებას, მაგრამ ეს უფრო ფასადია, ვიდრე რაიმე არსებითი. არცერთ ამ ქვეყანას არ სურს უშუალოდ აიღოს პასუხისმგებლობა პალესტინელებზე.
ირანი გაყუჩებულია და მაქსიმალური სიფრთხილით ბობოქრობს, რადგან კარგად იცის, რომ თავად მას დაუდგება ეგზისტენციალური საფრთხე, თუკი რაიმე სერიოზულ პროტესტს დააპირებს. თანაც, ირანს დამაჯერებლად “ამშვიდებს” ჩინეთი, რომელმაც ამის საფასურად ბლინკენისაგან ჯერ კიდევ ივნისში მიიღო გარანტია, რომ „ერთიანი ჩინეთის დოქტრინა“ ამერიკისათვის ხელშეუხებელია. მართალია, ბაიდენმა თავისებურად წამოისროლა, რომ ინვაზიის შემთხვევაში ამერიკა ტაივანს დაიცავს, მაგრამ მისმა წარმომადგენლებმა ეს ინციდენტი მოხერხებულად მიჩქმალეს. ამაზე მეტი ამ ეტაპზე ჩინეთს არ სჭირდება; არანაირი საჭიროება არ არსებობს ამღვრეულ წყალში შეტოპვის. ამის დასტურია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 3-დღიანი ვიზიტი ვაშინგტონში და შეხვედრები ბლინკენ-ბაიდენთან ჩინურ-ამერიკული “მეგობრული ურთიერთობების გასაღრმავებლად”.
თურქეთი ცდილობს ისლამური სამყაროს მთავარი გუშაგის როლის დაბრუნებას და ვითომ ბობოქრობს. მზადყოფნაში მოიყვანა 600 ათასიანი არმია, მაგრამ ნაკლებად სარწმუნოა რომ რაიმე არსებით ოპერაციას დაიწყებს. ერდოღანმა კარგად იცის, რომ თავისი ბაირაქტარები ევროპული ზუსტი ელექტრონიკის გარეშე უცებ გადაექცევა ფანერის პლანერებად, ამიტომ მისი პოპულისტური ბობოქრობა ასევე ფასადურია.
პაკისტანს ინდოეთი აბალანსებს და პრაქტიკულად სულ ეს არის მნიშვნელოვანი მუსულმანური ქვეყნების ამჟამინდელი სახელმწიფო პოზიცია.
შესაბამისად, წინა პლანზე გამოვა არასახელმწიფოებრივი ბრძოლის საშუალებები.
მასიურ ტერორისტულ აქტებს თავისი უკუეფექტი აქვს ოღონდ. რაც უფრო მძვინვარე და უმოწყალო იქნება ასეთი აქტები, მით უფრო დაიკლებს პალესტინელთა მხარდამჭერი ჰუმანიტარულ-ლიბერალური დემონსტრაციების რიცხვი, რადგან დიდი დემოკრატიული სახელმწიფოების მოსახლეობის უმრავლესობის მრისხანება გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება.
ლოგიკურად კი, ღაზას გაქრობა ყველას ხელს აძლევს. „ჰამასმა“ ფატალური შეცდომა დაუშვა (თუ დააშვებინეს?) 7 ოქტომბერს და იმ ბომბის საათიანი მექანიზმი ჩართო, რომელზეც თავად იჯდა. ამ „ბომბის“ გაუვნებლება უკვე აღარავის შეუძლია და ის აუცილებლად აფეთქდება. ისრაელმა კარგად იცის, რომ უკრაინა-რუსეთის ომის არ იყოს, საჭიროა ეს სამხედრო ოპერაცია მსოფლიოსათვის მომაბეზრებელ რუტინად იქცეს და ნელნელა გაფერმკრთალდეს მსოფლიო მედიის ეკრანებზე. ღაზაში საინფორმაციო კომუნიკაციების სრული დადუმება ამ დოქტრინის საფუძველია. „ჰამასის“ მძევლები პრაქტიკულად განწირულები არიან. მათი ტრაგედია 7 ოქტომბრის ტრაგედიასთან ერთად კიდევ ერთი მძლავრი ფსიქოლოგიური ფაქტორი იქნება სამხედრო ოპერაციის გაგრძელების სამოტივაციოდ როგორც ლოკალური, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ცხადია, მასკის „სტარლინკი“ გარკვეულ კორექტივებს შეიტანს საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაში, მაგრამ არა ისეთ არსებითს, როგორც უკრაინაში მოხდა.
ლოგიკურად მოვლენების განვითარებას ალბათ ასეთი მიმართულება ექნება, თუ რაიმე გაუთვალისწინებელ ინციდენტს არ ექნა ადგილი.”
კომენტარები