ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, გაერო–მ ბევრისთვის მოულოდნელი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოითხოვს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლი დაუყონებლივ შეწყდეს. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ გაერო ტერორისტების მხარდამჭერი ორგანიზაციაა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, მოდით, დავტოვოთ ორგანიზაციაო. სხვა ბევრმა ქვეყანამაც ტერორიზმის მფარველობაში დაადანაშაულა გაერო. თქვენ რას იტყვით?
–გაერო–ს გადაწყვეტილებების მიმართ, ბოლო წლებში, არაერთი უკმაყოფილება და დემარში მახსოვს, მაგრამ ეს ორგანიზაცია არავის დაუტოვებია. ახლაც არც ჩეხეთი დატოვებს და არც ამ რეზოლუციით გაბრაზებული სხვა ქვეყნები. ეს გაერო–ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებაა, რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ბევრმ წევრმა ქვეყანამ. ცეცხლის შეწყვეტის მომხრე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მოწინააღმდეგე. თან, ღია კენჭისყრა იყო და უნდა ექნათ გაერო–ს გენმდივანს, გუტიერეშს და ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელებს? ძალიან ბევრი ისლამური სახელმწიფოა გაერო–ს წევრი და მათ მხარი დაუჭირეს ცეცხლის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ პალესტინაში უდანაშაულო ხალხი ოხოცებაო. თუ შეიძლება ასე ითქვას, რუსეთ–ჩინეთის ბლოკის ქვეყნებმა და აფრიკულმა ქვეყნებმა ხმა მისცეს რეზოლუციას. მხოლოდ 14 მოწინააღმდეგე ჰყავდა ამ რეზოლუციას, 120 ქვეყანა კი მომხრე იყო. ისრაელისთვის მთავარია, რომ ევროპის არც ერთმა დიდმა ქვეყანამ ხმა არ მისცა ამ რეზოლუციას, თავი შეიკავეს, რაც ისრაელის არაპირდაპირი მხრდაჭერაა. ეს რეზოლუცია 22 არაბული ქვეყნის მიერ იყო მომზადებული და ერთგვარ ჰუმანიტარულ აქტად წარმოჩინდა. მომხდარში განსაკუთრბულს ვერაფერს ვხედავ, რადგან ისრაელმა, უკაცრავად და, ფეხებზე დაიკიდა ეს რეზოლუცია, ღაზას სარაკეტო დაბომბვსაც აგრძელებს და სახმელეთო ოპერაციასაც ყოვლდღე აფართოვებს. ეს რეზოლუცია რეკომენდაციაა, ისრაელს ის არაფერს ავალდებულებს. რეზოლუციის მომხრეების არგუმენტი ის იყო, რომ კი, 1 400 მშვიდობიანი ებრაელი მოკლა „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს, მაგრამ 7 ოქტომბრის მერე, ღაზაში 6 000 პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ისრაელის საჰაერო ოპერაციების შედეგად, მილიონზე მეტი პალესტინელი ლტოლვილად იქცა და ეს უნდა შეწყდესო. გაერო–ს არ უთქვამს, რომ ისრაელი მტყუანია, „ჰამასი“ მართალიო. ამ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აგრესია 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ დაიწყო და ისრაელმა საპასუხო ნაბიჯები გადადგა. „ჰამასი“ მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და ისრაელი უკმაყოფილოა. თუმცა, ამას ისრაელი შეჩვეულიც კია. მე არ მახსოვს, რომ გაეროს ისრაელ–პალესტინის თუ ისრაელისა და სხვა არაბული ქვეყნების დაპირისპირებისას ისრაელის მხარდამჭერი რეზოლუცია მიეღო, არც 1967 და არც 1973 წლის ომებისას, არც შემდგომი შეტაკებებისას. მუდამ ისრაელის გაროზგვის გადაწყვეტილებებს იღებდა გაერო–ს გენერლური ასამბლეა, მერე გამოდიოდნენ ისრაელის პოლიტიკური ლიდერები და გაერო–ს უსამართლობასა და ტერორიზმის მხრდაჭერაში ადანაშაულებდნენ. ახლაც იგივე მოხდა. გაერო ხომ „მშვიდობის მტრედია“ და მუდამ ომის გაჩერებას და ჰუმანიტარული მისიების განხორციელებას უჭერს მხარს.
– თუმცა, გაერო–ს ეს რეზოლუცია ისლამური სამყაროსთვის აღმოჩნდა სტიმული, ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში იმართება მილიონიანი აქციები, ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, ყურადღებას ამახვილებენ ღაზაში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებზე, რაც თავისთავად ტრაგედიაა, მაგრამ „ჰამასის“ პასუხისმგებლობის საკითხს არავინ აყენებს, რომელმაც ერთ დღეში 1 400 ებრაელი დახოცა და ორასზე მეტი მძევლად ჰყავს.
– პალესტინასთან და არაბულ ქვეყნებთან ისრაელის ყველა ომში ეგრე ხდებოდა. თავიდან ისრაელს უჭერდნენ მხარს ევროპელები, სხვა ცივილიზებული ქვეყნები და როდესაც ისრაელი უკვე შურისძიებაზე გადადიოდა, მერე ცეცხლის შეწყვეტას სთხოვდნენ, საერთაშორისო ნორმების, იმის კანონების დაცვას. ისრაელს ამ დაბომბვებს არავინ მოუწონებდა, ეს ვიცოდი. პალესტინელებს რამდენად დაეჯერებათ არ ვიცი, მაგრამ მათი მონაცემებით, ღაზაში 8 000 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. ეს ძალიან ცუდია, ამას არავინ გაამართლებს. რამდენიც არ უნდა მოუწოდოს ისრაელმა პალესტინელებს, რომ სამხრეთში წადით, იქ უსაფრთხოდ იქნებითო, ბევრი არ მიდის. ომი და დაბომბვა მაგათთვის უკვე ყოველდღიურობაა და ამ დაბომბვას ბავშვები, ქალები და მოხუცები ეწირებიან. როგორც ჩანს, ისრაელს გადაწყვეტილი აქვს, „ჰამასი“ საერთოდ გაანადგუროს. თუმცა, ესეც არ არის პრობლების გადაჭრის საბოლოო გზა. პალესტინაში 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მარტო ღაზაში მცხოვრები 2.2 მილიონი პალესტინელი ხომ არ არის? იქ ბავშვები არიან, გაიზრდებიან და ახალ ტერორისტულ ორგანიზაციას ჩამოაყალიბებენ, ისევ გაგრძელდება ბრძოლა ისრაელთან. ამ ბავშვებისთვის ისრაელი უკვე მოსისხლე მტერია, ყველა ებრაელი მტერია და ამ შეგნებით გაიზრდებიან. უყურე რა ხდება – ისრაელის ციხეებში ბევრი პალესტინელი ზის ტერორიზმის ან ტერორიზმის მხრდაჭერის ბრალდებით და მათგან 500 ბავშვია, არასრულწლოვანი. ეს რაც დაიჭირეს და რაც ვერ დაიჭირეს? ასეთი ბავშვები, რომელებიც პატარობისას ომობანას რომ თამაშობენ, სამიზნე ებრაელები ჰყავთ, პალესტინაში არ დაილევა. მეტიც, ამ ომის, დაბომბვების მერე, სახმელეთო ოპერაციის მერე მომრავლდებიან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, ესენი რომ დაკაცდებიან, „ჰამასი“ მონაგონი იქნება, ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს შექმნიან.
– ისრაელი დილემის წინაშეა. ღაზას 2.2 მილიონიანი მოსახლეობის 60% არასრულწლოვანია, 16 წლისაც არ არის, ეს 1 მილიონ 320 000 არასრულწლოვანია. კი, ბატონო, ბავშვები ომში არ უნდა იხოცებოდნენ, მაგრამ 13–15 მოზარდები ავტომატით ხელში ებრძვიან ებრაელ ჯარისკაცებს, ტერაქტებს აწყობენ ისრაელის ქალქებში. დამეთანხმებით, რომ ის 500 არასრულწლოვანი პალესტინელი ტყუილად არ ზის ისრაელის ციხეში, მათ კისერზე ებრაელთა სისხლია ან მის დასაღვერელად იყვნენ მზად და დროულად დაიჭირეს, ვიდრე სასაკლაოებს მოაწყობდნენ. რა ქნან ებრაელებმა, თუ არასრულწლოვანები მოკვლას უპირებთ?
– თუ ისრაელი იხელმძღვანელებს საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მაშინ ბავშვებს არ უნდა ესროლონ. საერთაშორისო კანონები გეუბნება, რომ ის იარაღიანი ბავშვი გაბრიყვებულია და არ უნდა მოკლა, უნდა გაანეიტრალო. მეორე მსოფლიო ომში 13 წლის ბიჭები იცავნენ ბერლინს, „ჰიტლერიუგენდი“ ყველამ იცის. ბევრი ფაქტი იყო, რომ რუსებმა ტყვედ აიყვანეს და სახლებში გაუშვეს. თუმცა, ბევრი ბავშვი დაეცა ბრძოლის ველზე, რადგან ომის დროს ძნელია გაარჩიო, ვინ გესვრის, ბავშვი თუ ზრდასრული. ათასი საერთაშორისო კონვენციაა და მგონი, ისრაელი ყველას მიერთებულია. ახლა ამ ვალდებულებების დაცვას სთხოვენ. თუმცა, ებრაელებისაც მესმის. ბავშვების ხოცვას მხარს არასდროს დავუჭერ, მაგრამ პალესტინელებს ბავშვობა არ ჰქონიათ. ისინი იზრდებოდნენ ებრაელების ზიზღით, ოცნებობდნენ, რომ დიდები გამხდარიყნენ, ხელში ავტომატი აეღოთ, თელ–ავივის მეტროში ბომბი დაედოთ, რომ ებრაელები დაეხოცათ და მათთვის სულ ერთი იყო, რა ასაკისა და სქესის ებრაელი მოკვდებოდა, თოთო ბავშვები დაუხოცავთ ამ პალესტინელ არასრულწლოვანებს. კი, გეთანხმები, ერთგვარი დილემის წინაშე დგას ისრაელი, მაგრამ მასაც აქვს თავის გასამართლებელი არგუმენტები და ეს უკვე ვთქვი. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იქაური საზოგადოების ანგარიშგასაწევმა პიროვნებებმა ერთმანეთის მიყოლებით განუცხადეს მთელს მსოფლიოს – ჩვენს ჯარისკაცებს არ სურთ პალესტინელი ბავშვების მოკვლა, მაგრამ იქნებ ასწავლოთ მათ რა ქნან მაშინ, როდესაც ეს ბავშვები მათ ავტომატებს და ხელყუმბარებს ესვრიანო? ამაზე პასუხი არ არის. არც ებრაელთა იმ კითხვაზეა პასუხი, ჩვენი ბავშვები ბავშვები არ არიან, რომლებიც პალესტინელმა ბავშვებმა დახოცესო? პრონციპში, ისრაელი კი არა, მთელი მსოფლიო დგას დილემის წინაშე. თან პალესტინელი ბავშვების დაცვა უნდათ და თან იმ ბავშვებისთვის იარაღი ვერ წაურთვევიათ ხელიდან. მე და შენ კი არა, ამ პრობლემას ათწლეულებია ვერ წყვეტენ მსოფლიო დონის ექსპერტები – ომის ექსპერტები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები და ასეულობით ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები. თავისთავად, მსოფლიო დონის პოლიტიკოსთა თაობებმა ვერ გადაჭრეს ეს პრობლემა, რადგან მათ ვინც ჩამოვთვალე, იმ ხალხმა მისი მოგვარების რეალური და ეფექტური გზა ვერ უჩვენა.
– რუსეთში „ჰამასის“ წარმომადგენელთა ჩასვლას და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღლჩინოსნებთან შეხვედრაზე რას იტყვით?
– ოფიციალურად ითქვა, რომ რუსეთში განიხილეს ებრაელი მძევლების გათავისუფლებისა და პალესტინაში მყოფი რუსეთის მოქალაეების ევაკუაციის საკითხი. კი, მეორე საკითხს განიხილავდნენ, მაგრამ ებრაელი მძევლების ბედი რუსეთს არ აინტერესებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ წარმომადგენლები შეხვდნენ რუსეთის სამხედრო ელიტის, დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებს, მაგრამ არ დაკონკრეტებულა რატომ. იმას ვერავინ ამბობს, რომ რუსეთი იარაღს მიაწვდის „ჰამასს“, რადგან იარაღს თავად ყიდულობს. ვარაუდია, რომ რუსეთი „ჰამასს“ დაეხმარება ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვაში, სადზვერვო მონაცემების შეგროვებასა და გადაცემაში. ეს კი სიმართლე უნდა იყოს. ისრაელის პრემიერ–მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აქამდეც კარგად იცოდა, რომ რუსეთი „ჰამასს“ ეხმარეობოდა, მაგრამ ჩუმად იყო. „ჰამასის“ მოსკოვში ჩასვლაზე კი თავი ვერ შეიკავა და რამდენიმე მკვახე სიტყვა თქვა პუტინსა და რუსეთზე. ამაზე რუსეთი არ გაჩერდება, იარაღისთვის ფულსაც მისცემს „ჰამასს“, ჯერ აქვს ფული. ყველაფერს იზამს, რომ „ჰამასმა“ რაც შეიძლება დიდხანს ებრძოლოს ისრაელს და ომმა დიდხნს გასტანოს. პუტინი ფიქრობს, რომ თუ ეს მოხდება, დასავლეთი ისრაელის მზარდასაჭერად გადაერთვება, ყველა რესურსს იქითკენ მიმართავს და უკრაინა მარტო დარჩება. ვფიქრობ, ეს მაინც არ მოხდება, ომი რამდენიმე თვესაც რომ გაგრძელდეს, მაგრამ პუტინი თავისას ცდილობს. დასავლეთი უკრაინას არავითარ შემთხვევაში არ მოატოვებს, განსაკუთრებით ევროპა.
აქვე ერთს ვიტყვი. კი, ისრაელ–პალესტინის პრობლემა უკვე დიდი ხანია არსებობს, როდის გადაიჭრება, არავინ იცის, მაგრამ უცხოელი ექსპერტები ამბობენ და მეც ვეთანხმები. „ჰამასის“ შეჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, 7 ოქტომბრის ხოცვა–ჭლეტა მარტო პალესტინელების ებრაელების სიძულვილით არ იყო განპრობებული, „ჰამასს“ სხვა კონკრეტული მიზანი ჰქონდა და მას მიაღწია – ჩაშალა მოლაპარაკება საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის. გამოდის, რომ „ჰამასმა“ სამხედრო მოქმედებებით მიაღწია პოლიტიკურ მიზანს და ამ ომში, ამ ეტაპზე, გამარჯვებული „ჰამასია“. ეს შეთანხმება უკვე მზად იყო, ორივე მხარის ხელმოწერაღა სჭირდებოდა. საუდის არაბეთი ისლამური სამყაროს ლიდერი ქვეყანაა და ეს შეთანხმება რომ შემდგარიყო, მაშინ საუდის არაბეთის ფაქტორი ისრაელის მიმართ აგრესიას ბევრ ისლამურ ქვეყანაში შეამცირებდა, მათ შორის ლიბანსა და ერაყში, ლიბანში „ჰეზბოლაა“, ერაყში სხვა ტერორისტული დაჯგუფებები. მათზე და „ჰამასზეც“ მოხდებოდა დიდი არაბული ქვეყნების ზეწოლა და სამშვიდობო მოლაპარაკებას დაიწყებდნენ ისრაელთან. თუმცა, ირანისა და სავარაუდოდ, რუსეთის მხარდაჭერით, „ჰამასმა“ ჩაშალა მოლაპარაკება. ახლა უკვე გამორიცხულია რაიმე შეთანხმება მათ შორის. 7 ოქტომბრის ამბავი რომ არ მომხდარიყო, დღეს უკვე ხელმოწერილი იქნებოდა ეს ხელშეკრულება. ამერიკა იყო ამ შეთანხმების შუამავალი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პროექტი იყო, ის აწარმოებდა მოლაპარაკეებს და პროექტი რომ განხორციელებულიყო, ბაიდენს 2024 წლის არჩევნებისთვის უდიდესი ფორა ექნებოდა, შესაძლოა, ამით გადამწყვეტი უპირატესობაც მიეღო არჩევნებში. ეს ფორაც დაკარგა ბაიდენმა. „ჰამასმა“ და მის უკან მდგარმა ირანმა იცოდნენ ეს ყველაფერი, ცხადია, არ აწყობდათ ეს შეთანხმება, მშვიდობა ისრაელში, ისრაელისა და საუდის არაბეთის კეთილგანწყობილი ურთთიერთობა, ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკებები მთელ რიგ არაბულ სახელმწიფოებთან და დაგეგმეს ის ხოცვა–ჭლეტა, რასაც ისრაელის საპასუხო აგრესია მოჰყვა.
კომენტარები