ჰონორარის სახით მხოლოდ ერთ წელიწადში აღებული 109 ათასი ლარი – ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შრომის ანაზღაურებით არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი” დაინტერესდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარის მიერ ბოლო 6 წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურებად აღებული 800 ათასი ლარიდან 300 ათასი მხოლოდ პრემია-დანამატები იყო.
“ფლანგვის დეტექტორი” 2016 და 2018 წლებში, როდესაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, შრომითი ანაზღაურების მკვეთრ ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას.
“დანამატი და პრემია გაიცემა გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც ზეგანაკვეთურ საქმიანობასთან გვაქვს საქმე და ა.შ. არ შეიძლება საჯარო მოხელე, ვინც არ უნდა იყოს, ასე სურვილისამებრ ხან პრემიას იწერდეს რომელიმე თვეში, ხან დანამატს, ხან ორივეს ერთად. ყველა საჯარო მოხელემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა,” – განაცხადა “ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარმა დავით მჟავანაძემ.
ცესკოს წარმომადგენლები აღნიშნულის შესახებ მცირე კომენტარს აკეთებენ და ამბობენ, რომ თავმჯდომარის პრემია-დანამატების გაცემის პროცედურა საჯაროა და კონსტიტუციის ფარგლებში ხდება.
თამარ ჟვანია ცეესკოს თავმჯდომარედ 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა.
კომენტარები