თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განაცხადა.
„ამ ეტაპისთვის დაკავებული გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში. საქმის მასალებს რაც შეეხება, მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ არ არის დასრულებული. აქედან გამომდინარე, გამოძიებაც მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ მასალები გადმოეცა.
რაც შეეხება მოტივს, მოტივთან დაკავშირებით ერთადერთი რამ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო დიდი მატერიალური სიდუხჭირიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ვამბობ ამასაც, იქედან გამომდინარე, რომ თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენთანაც მწირი კომუნიკაციით შემოიფარგლა მხოლოდ. დეტალებზე ალბათ ხვალ შეგვიძლია მოვახსენოთ საზოგადოებას, თუ რატომ გადადგა აღნიშნულმა პიროვნებამ ეს ნაბიჯი, მაშინ, როდესაც ჰყავს ორსული მეუღლე და მას აქვს მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები, ორსულობასთან ერთად თანმდევი გულის პრობლემები, რაც ძალიან ართულებს მის მდგომარეობას.
ბრალი არ არის წაყენებული, უბრალოდ, გამოძიება არის დაწყებული 144-ე და 236-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას ითვალისწინებს. ბრალი ხვალ დაზუსტდება სავარაუდოდ, ჩვენც გვაქვს დაცვის მხარეს ეს მოლოდინი, იქედან გამომდინარე, რომ თავად ცეცხლსასროლი იარაღი, რომელზეც აპელირებს ბრალდების მხარე და მიმდინარეობს გამოძიება, ვიცით დანამდვილებით, რომ ეს არის სასიგნალო იარაღი და არა ცეცხლსასროლი. მისი დაკითხვა დღეს არ მომხდარა, იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ასევე, მინდა განვაცხადო, რომ ბანკის შენობაში ყოფნის დროს მას არავისთვის არანაირი მოთხოვნა არ წაუყენებია“, – განაცხადა ადვოკატმა.
შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის” ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს.
წყარო – 1ტვ
კომენტარები