ოპოზიცია უკეთესად უნდა მოემზადოს ან 2024 წლის არჩევნებისთვის, ან იმისთვის, რომ ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში და ხელისუფლებას ძალით ჩაანიშნინოს რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია მთავარ შეცდომას უშვებს, როცა არ ეუბნება ხალხს, რისთვის იბრძვის იმის გარდა, რომ „ქოცები უნდა დაამხონ“.
„ხელისუფლება თავისი ნებით არ ატარებს ხოლმე არჩევნებს. რაღაც უნდა ხდებოდეს ისეთი, რომ იძულებული გახდეს რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს. ამისთვის პირველ რიგში, აუცილებელია 43 პროცენტზე ნაკლები აიღოს, რომ ოპოზიციას მორალურად გამართული პოზიცია ჰქონდეს. ასევე აუცილებელია, ხალხმა იცოდეს, რომ ოპოზიცია რომ ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, იქ რომ მოიგოს ოპოზიციამ, რა შეიცვლება მათთვის. ოპოზიცია მთავარ შეცდომას უშვებს, როცა ხალხს არ ეუბნება რისთვის იბრძვის, გარდა იმისა, რომ უნდა „დაამხონ ქოცები“. ხალხისთვის ეს არ არის ის მთავარი პერსპექტივა, რისთვისაც ბრძოლას გააგრძელებენ, მათთვის ეს პერსპექტივა არის ისეთი ქვეყანა, სადაც მათ ცხოვრება მოუნდებათ,“- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“.
კომენტარები