მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“მიიღე ქეშბეკი, დაზოგე 30 პროცენტი,
ჭამე მუქი ქიშმიში, პასქა ჭამე იტალიური,
ამოისვი პაპია დილიდან, შეცვალე ზეთი,
იყიდე ბინა დიდ დიღომში,
მოდი ჩვენს კუსკუსა აფთიაქში და
300 ლარის ტრიპლიქსამს რომ შეიძენ,
50 ცალს ისე გაჩუქებთ.
Verify Ge, 9234.
…
გასწორდი წელში!
გასწორდი წელში!
ბავშვობიდან ჩამძახიან: გასწორდი რა წელში!
ადრე ხელით მაწვებოდნენ,
ახლა მუხლს მაბჯენენ, ისე მასწორებენ.
ნახევარი საუკუნეა ვერ გავსწორდი,
სამარე თუ გამასწორებს.
გასწორდი წელში, სიმაღლეში მოიმატებ!
რამდენს მოვიმატებ? 20 სანტიმეტრს?
ჩაასხი ძრავაში, გასწორდი წელში!
ვერ ხვდებით, რომ
სანამ მადამ კოკო მხმარობს, ვერ გავსწორდები.
ეჭვი მაქვს, რომ ლიბერთი ბანკი მითვალთვალებს!
იჩქარე!
იჩქარე!
დარჩა 1 დღე, დარჩა 10 წუთი!
გასწორდი წელში!
თავი მაღლა აწიე, გასწორდი წელში, იპკურე შანელი!
…
თენდება, ვიღვიძებ,
გოლგოთას მისტერიაზე ვიწყებ ფიქრს…
მირეკავენ, გესმით, უკვე მირეკავენ:
გაყინული ქათმების პარტია ჩამოსულა და
10 წუთი დარჩა!
გასწორდი წელში! გასწორდი წელში, თავი მაღლა ასწიე!
სიარულისას ნუ ქანაობ,
მერე რა, რომ თავბრუსხვევა გჭირს.
ნახევარი საუკუნეა ვერ გავსწორდი,
აწი, სამარე თუ გამასწორებს.
20 სანტიმეტრი რომ მოვიმატო,
კუბოში ვერ ჩავეტევი და ისევ თქვენ გაწბილდებით.
წელში თუ გავსწორდი,
ბარემ თმასაც გავიზრდი და კბილებს მოვუშვებ!”
კომენტარები