ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდეგ ქვეყნაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა:
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დღეს, როდესაც შემთხვევების რაოდენობა იზრდება, დამსაქმებლების ანუ დაწესებულებათა ხელმძღვანელების მხრივ თუ როგორი იქნება მათი პირადი პასუხისმგებლობა, რომ დაწესებულებაში არ დაიშვას ტემპერატურით ადამიანი. რომ თუ ვინმეს უდასტურდება, ახლო სამსახურეობრივი კონტაქტები სწრაფად იყვნენ გადაყვანილები იზოლაციაში. ეს ყველაფერი არის დამსაქმებლის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო სტრატეგიულ საკითხებზე ზრუნავს, თუმცა ასევე დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც აკისრია და ამიტომ ყველამ არსებული რეკომენდაციები უნდა დაიცვას.
აღდგომა ეკლესიის პასუხისმგებლობა იყო, დაავადებული მედ.პერსონალი ურჩი პაციენტების, შიდა ტურიზმის განვითარება – მთავრობის, შიდა ტურიზმის მერე გავრცელებული ვირუსი – ხალხის. ყველას პასუხისმგებლობის საკითხის დააყენეს, თავიანთი თავის გარდა – ორი დღის წინ, თბილისობა აღნიშნეს და ერთმანეთს ეხვეოდნენ პირბადის გარეშე, მოხუცთა თავშესაფარში ვირუსი “შეეპარათ” და თებერვლიდან დღემდე “ინფექციური” ვერ გადახურეს. სად არის ჩინოვნიკების პასუხისმგებლობა?
“ალიას” ინფორმაციით, იძებნება ჩინოვნიკთა პასუხისმგებლობა, აქვს ჩვენი ბევრი ფული, ჰყავს მაგარი მანქანა, არ უკეთია პირბადე, არ იცავს დისტანციას, დადის ელიტარულ შეკრებებზე, ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს, მერე აკეთებს მესამეს და ამბობს მეოთხეს. ამ ეტაპზე უცნობია, რას ფიქრობს და საერთოდ შეუძლია ფიქრი თუ არა. გარეგნული მახასიათებლები ცვლადია. მპოვნელს ვთხოვთ, გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და არ მიუახლოვდეს, რადგან, წინასწარი ინფორმაციით, მომწამვლელია და გადამდები!
ჩასწორება: – “ალიაში” უკვე უამრავი ზარი შემოვიდა, ადამიანები გვეუბნებიან, რომ ჩინოვნიკთა პასუხისმგებლობა ვერ იპოვნეს, მაგრამ იციან, სად შეიძლება შევიძინოთ ჩინოვნიკთა უპასუხისმგებლობა ბითუმად. ისინი რამდენიმე მისამართს ასახელებენ, მათ შორის, საქართველოს პარლამენტს, სამინისტროებს და ა.შ.
კომენტარები