დღეს ცნობილი გახდა, თუ როგორ ჩატარდება წელს იერუსალიმის აღდგომის ტაძრში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიალი. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორისა და მსოფლიო რელიგიების განყოფილების ხელმძღვანელის, აკივა ტორის ცნობით, ისრაელის ხელისუფლებამ ღონისძიების ჩატარების ახალი რეგლამენტი და დეტალური გეგმა შეიმუშავა.
პირველ რიგში, 18 აპრილს ცერემონია მომლოცველების გარეშე გაიმართება. მას ვერ დაესწრებიან უცხოქვეყნის მოქალაქეები და ასევე შეზღუდულია ცერემონიაზე დამსწრებ პირთა რაოდენობაც.
წმინდა ცეცხლის ტრანსპორტირებისთვის ისრაელში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ დელეგაციებს არ ექნებათ თვითმფრინავის დატოვების უფლება და მათ წმინდა ცეცხლს პირდაპირ თვითმფრინავში მიუტანენ.
„ცერემონიის დასრულების შემდეგ, სასულიერ პირები წმინდა ცეცხლს აღდგომის ტაძრიდან იერუსალიმის ძველი ქალაქის იაფას კარიბჭემდე მიიტანენ. იქ ცეცხლს დახვდებიან ისრაელში იმ ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, რომლებსაც ცეცხლის თავის სამშობლოში ტრანსპორტირება სურთ.
„მას შემდეგ, რაც საელჩოების წარმომადგენლებს წმინდა ცეცხლი გადაეცემათ, ისინი ბენ გურიონის აეროპორტში გაემგზავრებიან და ცეცხლს გადასცემენ თვითმფრინავში მყოფ თავისი ქვეყნის დელეგაციის წევრებს. ისინი კი, თავის მხრივ, თვითმფრინავით წაიღებენ ცეცხლს სამშობლოში”, – განაცხადა აკივა ტორმა.
კომენტარები