რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ყველასთან ერთად, მეც გულით გამეცინა ქართველი ოლიმპიელების ფორმაზე, მაგრამ ერთი კვირა რჩება და ნელნელა ვიწყებ ნერვიულობას.
ოლიმპიური თამაშები ნამდვილად მეტია, ვიდრე სპორტი! გაუთავებელი ენერგიაა… გამარჯვებისგან, დამარცხებისგან, ჟინისგან, სიხარულისგან, ტკივილისგან გამოწვეული ენერგია.
დევიზიც შესაბამისია: Citius, Altius, Fortius… ანუ უფრო სწრაფად, უფრო მაღლა და უფრო ძლიერ!
აქ არც ჯარია, არც ტანკები, არც ბომბები და რაკეტები… მხოლოდ ადამიანთა შრომა, ნიჭი და მონდომება.
2008 წლის ოლიმპიადაზე, მტრის ტანკები რომ თბილისზე მოდიოდნენ, იმ წუთს და იმ წამს რევაზ მინდორაშვილის მიერ ბეჭებზე გაკრულ რუსს რა დამავიწყებს?! ოქროს მედალი კი არა, ომში გამარჯვება იყო! გულის და სულის ომში…
თვალს თუ დავხუჭავ ლაშა შავთადუაშვილი როგორ არ უნდა დამიდგეს წინ?! 2016 ში, რიოში, ოკუპანტების ფალავანი, დენის იარცევი ტატამზე რომ დააკრა, შემდეგ თავზე წამოადგა და გულზე დახატული საქართველოს დროშა თითით დაანახა…
ეს მომენტებია ჩემთვის ოქროც, ვერცხლიც და ბრინჯაოც.
მაგრამ ახლა სხვა ამბის გახსენება მინდა, იმ ამბის, რის გამოც მიყვარს ეს დღეები, ოთხ წელიწადში ერთხელ რომ აერთიანებს მთელს კაცობრიობას და უთვალავ ემოციას გვინაწილებს.
მე რომ პირველად ოლიმპიადა ვნახე, არც სპეციალურად შეკერილი ფორმები გვქონდა, არც სავარჯიშო პირობები… დაგლეჯილ, გაძარცვულ და დაქუცმაცებულ ქვეყანას
თითქოს ახლად დამთავრებული ცხინვალის პირველი ომი არ ეყოფოდა და უკვე სოხუმში ისმოდა ტყვიების ხმა…
რა თქმა უნდა 1992 წელზე და ბარსელონას ოლიმპიადაზე მაქვს საუბარი.
როდესაც ვამბობ, პირველად ოლიმპიადა ვნახე მეთქი, ვგულისხმობ მხოლოდ ერთ კადრს, ერთ მომენტს რაც სამუდამოდ დამამახსოვრდა…
გამარჯვებული რომ არ ადიოდა კვარცხლბეკზე, ტაბლოსკენ იშვერდა ხელებს და რაღაცის შეცვლას ითხოვდა, შემდეგ კი ზურგით მოტრიალდა კამერებისკენ და ყველას დაანახა წარწერა: GEORGIA… საქართველო!
კახი კახიაშვილი იყო, ტაბლოზე კი მის გასწვრივ საქართველოს მაგივრად რუსეთი ეწერა… RUS.
მას მერე წლები გავიდა, სახელიც შეიცვალა და გვარიც, აკაკიოს კაკიაშვილისი გახდა და კიდევ ორი ოქრო მოიგო, 96 ში და 2000 ში, ოღონდ საბერძნეთის სახელით…
ეს სხვა ისტორიაა და არც მაინტერესებს, როგორც ოტია იოსელიანი იტყოდა, დრო იყო ისეთი ან ხელიდან უნდა წასულიყავი ან ქვეყნიდანო…
სხვა რამეშია ამბავი! კახიაშვილის ბიოგრაფიას თუ ჩახედავთ და დაბადების ადგილს ჩააკვირდებით, მიხვდებით რომ იმ პატარა, მომღიმარი ცხინვალელი ბიჭის მოტრიალება და ზურგის ჩვენება იყო ჩვენი გამარჯვება, სადაც შავით თეთრზე ეწერა საქართველო…
1992 შიც, 2008 შიც და 2024 შიც ცხინვალი და სოხუმი საქართველოა!
რა თქმა უნდა უკეთეს ფორმას ვისურვებდი ჩვენებისთვის, მაგრამ ახლა ის უფრო მნიშვნელოვანია, ვის აცვია ის ფორმა და იმ ფორმის შიგნით ვისი გული ძგერს…
ბიჭებო და გოგონებო! ქართველო ოლიმპიელებო!
როგორც ადრე პატარები ვიტყოდით, ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო…
გახსოვდეთ! თქვენს უკან ის საქართველო დგას, მდინარე ფსოუსთან და როკის უღელტეხილთან რომ იწყება…
დანარჩენი კი თქვენზეა…
საქართველო… ??
უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ! <3”
კომენტარები