პროფესორი, ნანა დიხამინჯია:
“იმას მიეცეს ჩვენი ცოდვა, ვინც პირველად თქვა, აცრილი ისევე ავრცელებს ვირუსს, როგორც აუცრელიო და დამაზუსტებელი ინფორმაცია არ მოაყოლა. ყოველ მეორე ანტივაქსერს ეს ფრაზა აქვს აჩემებული. ეს არის იმის ბრალი, რომ მრავალშრიანი ინფორმაციის გააზრება ვერ ვისწავლეთ ჯერ და რაიმე საკითხის განხილვას ზედაპირზე ვაჩერებთ.
აცრილი ადამიანი, რომელსაც კოვიდი ემართება, შეიძლება ისევე ავრცელებდეს, როგორც აუცრელი (ქვემოთ შენიშვნა მომცეს და მაინც დავაზუსტებ – უმეტეს შემთხვევებში არ ავრცელებს ისევე, გაცილებით ნაკლებად გადამდებია). მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ გაცილებით ნაკლებად ემართება აცრილ ადამიანს კოვიდი, შესაბამისად, მეტწილად ის წყვეტს გავრცელების ჯაჭვს.
ამასთან, აცრილ ადამიანებს გაცილებით ნაკლებად ურთულდებათ ავადმყოფობა, შესაბამისად, არ ტვირთავენ სამედიცინო რესურსს. შტატებში, სადაც 70%-მდე აცრილია, საავადმყოფოებში მოხვედრილ კოვიდ-ინფიცირებულთა 95% აუცრელია.
სამედიცინო რესურსის გადატვირთვა რას იწვევს? პაციენტების დიდი ნაწილი სრულფასოვან ყურადღებას და მოვლას ვერ მიიღებს და შესაბამისად, ვერ გადარჩება ის ადამიანი, რომელიც გადარჩებოდა სტანდარტულ პირობებში. იწვევს ექიმების გადაღლას და გამოფიტვას, ანუ ზრდის შეცდომების ალბათობას, იწვევს სასწრაფოს დაგვიანებას რამდენიმე საათით. უკვე იყო შემთხვევები, როცა დროზე ვერ დაეხმარნენ დაშავებულს. კოვიდ-ინფიცირებულებს კი არა, პრობლემა ექმნება ყველას, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აქვს, ვისაც გეგმიური ოპერაცია სჭირდებოდა, ვისაც ბრმანაწლავის შეტევა ექნება. რამდენი საველე ჰოსპიტალიც არ უნდა გახსნან, უბრალოდ მეტი ექიმი არ გვყავს და ჰაერიდან ვერ გავაჩენთ.
ინფორმაციის მიღებისას ბოლომდე ჩაყევით დეტალებს. მორჩა ბრტყელი აზროვნების დრო, სამეცნიერო მსჯელობების დროში გადავედით დიდი ხანია.”
კომენტარები