„იმედი მაქვს, რომ დებატებს დათანხმდება, რადგან მმართველ პარტიაში სხვა სუბიექტებს საუბრის უნარიც კი არ აქვს, თუმცა გახარიას საუბრის უნარი მას ნამდვილად გააჩნია, შეიძლება ითქვას არტისტი მეგრელია”, – ასე აფასებს „რეზონანსთან” საუბრისას ჟურნალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დებატებში გაწვევას.
გახარია მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერია და ამავდროულად, „ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრობის კანდიდატია. გიორგი ვაშაძემაც, თავის მხრივ, არჩევნებში „ოცნების” დამარცხების შემთხვევაში საკუთარი თავი ოპოზიციის შესაძლო კოალუციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატად დაასახელა. შაბათს მან ოფიციალურად გამოიწვია დებატებში გახარია და განაცხადა, რომ მზადაა მედიის თანდასწრებით საჯაროდ შეხვდეს მას და საქართველოს მომავალსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ესაუბროს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დებატები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომაც დებატები ცალსახად უნდა იყოს. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მმართველი პარტია ამ პროცესებს ცოტა ქედმაღლურად უყურებს ხოლმე და ოპონენტებს არ აღიარებს, ამ შემთხვევაში შესაძლოა ეს არარეალისტური იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებია, ეს ფორმატი აუცილებელია. იმედი მაქვს, რომ გახარია დათანხმდება, ოღონდ ექსკლუზიურად რომელიმე ერთთან კი არა, არამედ კვალიფიციური პარტიების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების მონაწილეობით ერთიანი დებატების ჩატარებას. აქ ერთი ვარიანტია – მიხეილ სააკაშვილი რა ფორმატით ჩაერთვება და მიიღებენ თუ არა იმას, რომ იგი დისტანციურად ჩაერთოს და დანარჩენები ლაივში იყვნენ.
ჩემთვის პირადად ასეთი დებატები საინტერესო იქნება და ამ პროცესს დიდი სიამოვნებით ვუყურებდი. წესით მმართველმა პარტიამ ასეთ რამეზე უარი არ უნდა თქვას, იმიტომ, რომ რა რა და გიორგი გახარიას სიტყვა ნამდვილად ერჩის, ვაღიაროთ, რომ ამისი რესურსები გააჩნია.
დებატებზე არდათანხმება სისუსტის მაჩვენებელია და შესაბამისად, მმართველმა პარტიამ უარი რომ თუნდაც ქედმაღლური დამოკიდებულებით თქვას, რომ, მაგალითად, ვინაა ჩვენი ღირსი რომ დებატზე გავიდეთო, ნებისმიერ შემთხვევაში მე პირადად, როგორც მოქალაქე და როგორც სპეციალისტი, ამას სისუსტეში ჩავუთვლი.
ბოლოს და ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ამავდროულად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვალდებულება აქვს, რომ არა თუ პრემიერ მინისტრობის კანდიდატებთან, არამედ ლამის მოქალაქეებთან ჩაერთოს დებატებში, თუ რომელიმეს რაიმე შეკითხვა აქვს. თან ეს მისი კეთილი ნება კი არა, ეს მისი ვალდებულებაა.
იმედი მაქვს, რომ დებატებს დათანხმდება, რადგან მმართველ პარტიაში სხვა სუბიექტებს საუბრის უნარიც კი არ აქვთ. თუმცა, გახარიას საუბრის უნარი ნამდვილად გააჩნია, შეიძლება ითქვას არტისტი მეგრელია”
კომენტარები